ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ
ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ — საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც 2018 წლის 4 აპრილს საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე წარადგინა.
ახალი ინიციატივა მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებას.
საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი სამშვიდობო ინიციატივა ორ ძირითად მიმართულებად იყოფა: პირველი — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის განათლების შესაძლებლობების განვითარება და მეორე — ვაჭრობის წახალისება გამყოფი ხაზების გასწვრივ.
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს არ აქვთ გავლილი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო ავტორიზაცია. შესაბამისად, აღნიშნული დაწესებულებები არ არიან ჩართულნი ბოლონიის პროცესში და სწავლის პროცესი არ ხორციელდება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. შედეგად, ამ რეგიონებში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებული პირები ფლობენ საერთაშორისო თვალსაზრისით არალეგიტიმურ საგანმანათლებლო დოკუმენტებს და არ აქვთ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა. წარმოდგენილი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ასახავს საქართველოს მთავრობის პოლიტიკას და მიდგომას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები პირებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაზრდისა და გამარტივების, განათლების ყველა საფეხურისადმი ხელმისაწვდომის, ხარისხიან განათლებაზე წვდომის მიმართულებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ.
საქართველოს მთავრობის განცხადებით, უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს აფხაზური ენის, როგორც საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მეორე სახელმწიფო ენის შენარჩუნება და დაცვა, რაც გულისხმობს როგორც აფხაზური ენის ცოდნისა და შესწავლის ხელშეწყობას, ისე აფხაზური ენის, იდენტობის და კულტურის კვლევას და შემდგომ განვითარებას. აღნიშნული მიდგომა საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ნაწილია და ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან მიმართულებას აფხაზურ საზოგადოებასთან ნდობის აღდგენის მიმართულებით. შედეგად, საქართველოს მთავრობის ზრუნვის საგანს წარმოადგენს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები პირებისათვის:
- მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უზრუნველყოფა;
- აფხაზური ენის დაცვა და განვითარება;
- განათლების სისტემაში ჩართვის შესაძლებლობების განვითარება და გამარტივება;
- საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისა და სწავლის გაგრძელების
გამარტივება, ხარისხიან განათლებაზე წვდომა;
- საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვის და საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებისათვის
შესაბამისი მექანიზმებისა და პროცედურების შექმნა/გამარტივება;
- პროფესიული განათლების მიღების და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
- სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა.
აღნიშნული სამშვიდობო ინიციატივის ერთ-ერთ მიზანს, ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის შედეგად მიღებული სარგებელის, მათ შორის, შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში (ე. წ. სამხრეთ ოსეთში) მცხოვრები მოსახლეობისათვის გაზიარება წარმოადგენს.
წარმოდგენილი ინიციატივით, გათვალისწინებულია სავაჭრო ურთიერთობების წახალისება, გამარტივება და გაფართოება გამყოფი ხაზის გასწვრივ ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით.
ახალი ინიციატივა ითვალისწინებს ხუთ ძირითად კომპონენტს:
- მომსახურება: აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები პირებისთვის პირადი ნომრით იდენტიფიცირების შესაძლებლობა; მეწარმე სუბიექტად გამარტივებული წესით რეგისტრაცია; გრანტის მიღება; საბანკო სერვისებით სარგებლობა; სხვადასხვა სერვისის ხელმისაწვდომობა;
- ინფრასტრუქტურა: სპეციალური ეკონომიკური სივრცე — გავრცელდება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გამყოფი ხაზების გასწვრივ, მათ შორის, აფხაზეთის მიმართულებით, სოფელი რუხის ტერიტორიაზე; ასეთივე სივრცის მოწყობა და ინფრასტრუქტურის განვითარება გამყოფი ხაზების გასწვრივ სხვა მონაკვეთებზეც (მაგ., სოფ. ხურჩა) და ასევე, ცხინვალის მიმართულებით სოფელ ერგნეთთან, გადაადგილების უზრუნველყოფის შემთხვევაში. სპეციალური ეკონომიკური სივრცის მუშაობის უზრუნველყოფა სხვადასხვა ახალი სერვისებისა და ინფრასტრუქტურის დანერგვას, მათ შორის: მომსახურების ერთიანი ცენტრი; საგადასახადო სერვისცენტრი; აგრარული ბაზრობა; ავტობაზრობა; მეწარმეობის განვითარების სააგენტოს სერვისცენტრი; მრავალფუნქციური ტრენინგ ცენტრი; ბიზნეს ინკუბატორი; თავისუფალი ინდუსტრიული ზონა.
- საშეღავათო რეჟიმი: გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობასა და ეკონომიკურ ურთიერთობებში ჩართვის სურვილის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ, ისარგებლონ გადამხდელის სპეციალური სტატუსით (სპეციალური საწარმოს სტატუსით) და ისარგებლებენ საგადასახადო შეღავათით სამეწარმეო საქმიანობაზე. სპეციალური სტატუსის მქონე პირებზე გავრცელდება დაბეგვრის შეღავათიანი წესი, კერძოდ, მოგების/საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლდება;
- სავაჭრო ოპერაციები: აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში წარმოებული პროდუქცია საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე (სავაჭრო ქსელებში) შესაძლებელია, წარმოდგენილ იქნეს სტატუსნეიტრალური მარკირების გამოყენებით; საქონლის ექსპორტი შესაძლებელი იქნება საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით; შიდა და გარე ბაზრებზე წვდომა;
- ფინანსური და საკანონმდებლო ინსტრუმენტები: გათვალისწინებულია სპეციალური დამოუკიდებელი ფონდის შექმნა, სადაც გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით მოიზიდება თანხები სხვადასხვა დონორისა და აქტორისგან, საერთაშორისო პარტნიორებისგან და კერძო ორგანიზაციებისგან; ევროკავშირის და სხვა პარტნიორების დახმარებით შემუშავდება და ამოქმედდება დამატებითი ჰუმანიტარული და საგრანტო პროგრამა/პროგრამები.
საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა მოიცავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/ (ე.წ სამხრეთ ოსეთში) მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, კეთილდღეობაზე ზრუნვას, კონფლიქტით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის ამოცანებს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ სამშვიდობო ინიციატივააფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვისგანათლების შესაძლებლობების განვითარება
- „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ სამშვიდობო ინიციატივა ვაჭრობის წახალისება გამყოფი ხაზების გასწვრივ
- ახალი სამშვიდობო ინიციატივა — „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“