ესტატე ბოსლეველი

(გადამისამართდა გვერდიდან მჭედლიძე, ესტატე)

ესტატე სიმონის ძე ბოსლეველი (ნამდვილი გვარი — მჭედლიძე) (დ. 1854, სოფ. მეორე სვირი, ახლანდელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ― გ. 8 მაისი, 1885, ქუთაისი, დაკრძალულია სვირში) — ქართველი პუბლიცისტი, კრიტიკოსი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც არ დაუსრულებია. სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვს გაემგზავრა, მაგრამ ხელმოკლეობამ აიძულა ქუთაისში დაბრუნებულიყო, სადაც ჯერ მასწავლებლობდა, შემდეგ კი გაბრიელ ეპისკოპოსის კანცელარიაში მსახურობდა მდივნად. ბოსლეველის პუბლიცისტური თუ კრიტიკული წერილები, ფელეტონები და სხვ. 1874-იდან იბეჭდებოდა „ივერიასა“ და „დროებაში“. 1882-83 იგი ქუთაისის გაზეთ „შრომის“ აქტიური თანამშრომელი იყო. კრიტიკულ მიმოხილვებში ბოსლეველი უმთავრესად 80-იანი წლების ქართულ მწერლობას ეხება, განიხილავს ი. ჭავჭავაძის „განდეგილს“, დ. ერისთავის „სამშობლოს“, გ. ზდანოვიჩის „წერილს ჩვენს საზოგადოებრივ მოღვაწეთა მიმართ“ და სხვ. ბოსლეველი რეალისტი კრიტიკული წარმომადგენელია და მას წარმმართველ როლს აკისრებს ლიტერატურის განვითარების პროცესში. ავტორია „ქუთათური ფელეტონებისა“, რომლებშიც აშუქებს ქუთაისის საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებას.

კრიტიკულ-პუბლიცისტურ წერილებში ბოსლეველი ეხება ეკონომიკის საკითხებსაც [«"იმედი" და მისი კრიტიკოსი პუბლიცისტები» (გაზეთი „შრომა“, 1882, № 27), „კრიტიკული მიმოხილვა“ („შრომა“, 1882, № 48 და 1883, № 1, 3), „თვითმმართველობა საზოგადოდ და ქალაქისა კერძოდ“ („ივერია“, 1884, № 3)]. ბოსლეველი აქტიურად მონაწილეობდა 80-იანი წლების დასაწყისში ქართული პრესის ფურცლებზე ეკონეკონომიკის და პოლიტიკის ურთიერთობის საკითხებზე გამართულ დისკუსიაში. კ. მარქსის მოძღვრების საფუძველზე ასაბუთებდა, რომ ქართველი ხალხის სოციალური და ეროვნული დამოუკუდებლობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებით. მოკლეს ქუთაისში 1885 წ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გუგუშვილი პ., კარლ მარქსი ქართულ პუბლიცისტიკასა და საზოგადოებაში 1898 წლამდე, გვ. 160—163 , თბ., 1971;
  • ჩადუნელი ე., ჟურნ. „იმედის“ პუბლიცისტთა საზოგადოებრივ-ეკონომიკური შეხედულებები, თბ., 1974;
  • ხუნდაძე ს., სოციალიზმის ისტორიისათვის საქართველოში., ტ. 2, გვ. 128—140, ტფ, 1927;