აბორტი
აბორტი (ლათ. abortus — „მუცლის მოშლა“, „მუცლის მოწყვეტა“) — ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა და საშვილოსნოდან ნაყოფის გამოძევება ორსულობის 28 კვირის შესრულებამდე. აბორტი უნდა განვასხვაოთ ნაადრევი მშობიარობისაგან (ორსულობის შეწყვეტა 28 კვირის შემდეგ), როდესაც იბადება სიცოცხლისუნარიანი ნაყოფი. აბორტი შეიძლება იყოს სპონტანური ანუ თავისთავადი და ხელოვნური.
სპონტანური აბორტი
რედაქტირებასპონტანური აბორტი ვითარდება ქალის ორგანიზმზე ან ნაყოფზე უშუალო ზემოქმედების გარეშე. მისი გამომწვევი მიზეზებია ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმები (სიმძიმის აწევა, დაცემა, მუცლის დაშავება, მძიმე განცდა) და თვით ნაყოფის დაავადებანი. ხელშემწყობი მიზეზები - საშვილოსნოსა და საკვერცხეების განუვითარებლობა, საშვილოსნოს სიმსიმვნე, სასაქესო ორგანოების ანთება, ორსულთა ტოქსიკოზი, მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებები, გულის მძიმე მანკი, ჰიპერტონიული დაავადება, ინტოქსიკაცია, დედისა და ნაყოფის სისხლის შეუთავსებლობა (განსაკუთრებით რეზუსფაქტორის მიხედვით) და სხვა. სპონტანურ აბორტის განვითარების რამდენიმე სტადია აქვს:
- მოსალოდნელი აბორტი იწყება სუსტი შეტევითი ხასიათის ტკივილით მუცლის ქვემო ნაწილში და მცირეოდენი სისხლიანი გამონადენით;
- დაწყებითი აბორტის დროს ტკივილი და სისხლდენა მატულობს ორივე შემთხვევაში ავადმყოფს ესაჭიროება წოლითი რეჟიმი, სრული სიმშვიდე, ჰორმონოთერაპია, ვიტამინებით მკურნალობა. დროული მკურნალობით ზოგჯერ შესაძლებელი ხდება ორსულობის შენარჩუნება. თუ მიღებული ზომების მიუხედავად სისხლდენა და ტკივილი ძლიერდება და იწყება საშვილოსნოდან სანაყოფო კვერცხის ნაწილების გამოყოფა (არასრული აბორტი), აუცილებელია საშვილოსნოს გამოფხეკა.
- დასრულებული აბორტის დროს სანაყოფო კვერცხი თავისთავად მთლიანად გამოიყოფა საშვილოსნოდა, სისხლდენა წყდება და საშვილოსნო იკუმშება. მრავალჯერ განმეორებულ სპანტანურ აბორტს ჩვეული აბორტი ეწოდება.
ხელოვნური აბორტი
რედაქტირებათუ აბორტი ინფიცირებულია, აღინიშნება მაღალი სიცხე, აჩქარებული მაჯა, აგზნებული მდგომარეობა, ჩირქოვან-სისხლიანი გამონადენი. ინფიცირებული აბორტი შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს, ინფექცია საშვილოსნოდან საკვერცხეებზე, პერიტონეუმზე გადავიდეს და განვითარდეს სეფსისი (სეფსისური აბორტი). ასეთ შემთხვევაში საჭიროა ოპერაციული ჩარევა, ქალის ორგანიზმზე ან ნაყოფზე უშუალო ზემოქმედებით (წამლეულის მიღება, საშვილოსნოში ინსტრუმენტული ჩარევა ან რაიმე ნივთიერების შეყვანა) გამოწვეულ აბორტს ხელოვნური აბორტი ეწოდება. ოპერაციის დროს საშვილოსნოს ყელს ხსნიან და საშვილოსნოს კედლებს ფხეკენ სპეციალური სამეანო ინსტრუმენტებით, ანდა უარყოფითი წნევის აპარატით ხდება საშვილოსნოდან ნაყოფის გამოწოვა (ვაკუუმასპირაცია). ხელოვნური აბორტი უარყოფითად მოქმედებს ქალის ჯანმრთელობაზე, მის ფსიქიკაზე, ნერვულ სისტემაზე, ხშირად იწვევს გართულებას, სასქესო ორგანოების ანთებას, ჰორმონული ფუნქციისა და მენსტრუალური ციკლის მოშლას, ნაადრევ სიბერესა და უშვილობას (ქალის უშვილობის ყველა მიზეზის 30%). განსაკუთრებით მავნეა აბორტი პირველი ორსულობის დროს.
სამართალი საქართველოში
რედაქტირებაძველ საქართველოში მუცლის მოშლა მკაცრად ისჯებოდა. ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულის თანახმად (ბერძნული სამართლის ქართული ვერსია, მუხლი 76, 77) ქალს, რომელიც რაიმე წამლით მუცელში შვილს მოიკლავდა, სასჯელად დროებითი ექსორია ენიშნებოდა, ქმარი მას მაშინვე უნდა გაშორებოდა. მუცლის მოსაშლელი წამლის მიმცემს, თუ იგი ღარიბი იყო. მეფისგან შეპყრობა, ცემა და გამაწბილებელი სასჯელი (გაკრეჭა, ვირზე შესმა და სხვა) მოელოდა, ხოლო თუ მდიდარი — დარბევა და გაძევება. თუ წამლის მიღების შემდეგ ქალი მოკვდებოდა, დამნაშავეს თავს მოჰკვეთდნენ.
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 139-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ორსულობის ნებაყოფლობით შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში ლიცენზირებული ექიმის მიერ, თუ ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება თორმეტ კვირას. 140-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თორმეტ კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შემთხვევაში აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების მიხედვით. უკანონო აბორტი გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე მუხლით.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- შუშანია პ., ედიშერაშვილი ვ., ფუტკარაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 31.
- კინტრაია პ., ფუტკარაძე ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 31.