ლუცერნში კვლავ ათი გუნდი შეიკრიბა. მონაწილეობის უფლება მიიღეს 1992 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის საუკეთესო ხუთეულმა (რუსეთი, უზბეკეთი, სომხეთი, აშშ და ლატვია), ევროპის 1992 წლის და აზიის და პანამერიკის 1991 წლის ჩემპიონებმა - უკრაინის, ჩინეთის და კუბის ნაკრებმა გუნდებმა. ტურნირში უნდა ეთამაშა ეგვიპტის გუნდს, მაგრამ მან უარი განაცხადა, ასევე უარი თქვა ეგვიპტელთა შემეცვლელმა, ალჟირის გუნდმაც, მაშინ ტურნირში დაუშვეს 1992 წლის საჭდრაკო ოლიმპიადის მეექვსე ადგილის მფლობელი - ისლანდიის ნაკრები. მეათე მონაწილე, როგორც წინა ჩემპიონატებში, იყო მასპინძელთა ნაკრები გუნდი.
სსრ კავშირის დაშლამ რამდენიმე ძლიერი გუნდი წარმოშვა და ბრძოლაც უფრო დაძბული გამოდგა. თავიდან რუსები დაწინაურდნენ, მაგრამ მესამე ტურში ისინი მოულოდნელად დამარცხდნენ ისლანდიელებთან. წინ ამერიკელები გავიდნენ, რომლებმაც ტურნირის ბოლომდე შეინარჩუნეს ლიდერობა და მსოფლიოს ჩემპიონებიც გახდნენ. ბოლო ტურში დიდი ანგარიშით გამარჯვებამ მეორე ადგილი უკრაინელებს მოუტანა, რუსები მხოლოდ მესამე ადგილით დაკმაყოფილდნენ.