მონაზონა

ღამის პეპელა ტალღურასებრთა ქვეოჯახისა

მონაზონა[1] (ლათ. Lymantria monacha) — ღამის პეპელა ტალღურასებრთა ქვეოჯახისა. ფრთის შლილი 35–60 მმ-ია. წინა ფრთები ნაცრისფერი, გასდევს 4 შავი განივი ხაზი, უკანები მოთეთრო-მონაცრისფროა. მუცელი ვარდისფერია, შავი ზოლებით.[2] გავრცელებულია ევრაზიის ტყისა და ტყესტეპის ზონებში.[3]

მონაზონა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ქერცლფრთიანები
ოჯახი:  ერებუსისებრნი
ქვეოჯახი:  ტალღურასებრნი
გვარი:  Lymantria
სახეობა:  მონაზონა
ლათინური სახელი
Lymantria monacha (Linnaeus, 1758)
სინონიმები
სია
    • Phalaena monacha (Linnaeus, 1758)
    • Liparis monacha (Linnaeus, 1758)
    • Ocneria monacha (Linnaeus, 1758)
    • Porthetria monacha (Linnaeus, 1758)
    • Psilura monacha (Linnaeus, 1758)

ხასიათდება ერთწლიანი გენერაციით. მდედრი მონაზონა პერიოდულად დებს 100–300 კვერცხს ძირითადად ღეროს ქვედა ნაწილზე, მასობრივი გამრავლებისას — მთელ ღეროზე. იზამთრებს კვერცხის ფაზაში, რომელშიც ნაწილობრივ არის გამოსახული მუხლუხი. მეზამთრეობისას შეუძლია გაუძლოს −30°C ტემპერატურას. გაზაფხულზე, აპრილის ბოლოს, ახლად გამოჩეკილი მუხლუხები გადაადგილდებიან მცენარის ვარჯზე და აბამენ წვრილ ძაფებს. ამ დროს ისინი თითქმის შავი ფერის არიან დაფარული გრძელი წვრილი ძაფებით, რომელიც ქარს ადვილად გადააქვს. მუხლუხის ფაზა კლიმატზე დამოკიდებულებით გრძელდება 45–80 დღეს. მდედრებს ახასიათებთ ექვსი ხნოვანება, მამრებს — ხუთი. დაჭუპრება ხდება ივლისში, კვების ადგილზე, ხის ღეროზე ქერქის ნაპრალებში. ჭუპრის ფაზა გრძელდება 10-დან 20 დღემდე. ივლისის მეორე ნახევარში – აგვისტოში ფრენენ პეპლები.[2]

გავრცელებულია ძირითადად წიწვოვან სახეობებზე, შედარებით ნაკლებად ფოთლოვნებზე. მკვებავი მცენარეებია: ფოთლოვნებიდან — მუხა, წიფელი, რცხილა, ნეკერჩხალი და სხვ.; წიწვოვნებიდან — ნაძვი, ფიჭვი და სოჭი. მასიური გამრავლების დროს ტყის საშიში მავნებელია.[3]

  1. გოგინაშვილი ნ., დიდმანიძე ე., კერესელიძე მ. და სხვ., მოკლე ენტომოლოგიური ორენოვანი ნომენკლატურული ლექსიკონი : ლათინურ-ქართული, ქართულ-ლათინური, თბ.: „უნივერსალი“, 2012. — გვ. 74.
  2. 2.0 2.1 მანდარია ნ., დიდმანიძე ე., იმერეთში გავრცელებულ ქერცლფრთიანების ზეოჯახ აბრეშუმქსოვებისებრთა (LEPIDOPTERA, BOMBYCIDOIDEA) მავნე სახეობები // აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე, №2, 2013. — გვ. 159.
  3. 3.0 3.1 Девяткин А. Л. Монашенка // Большая российская энциклопедия. т. 20. — М., 2012. — стр. 725.