მიხეილ კოღუაშვილი

მიხეილ (მიშა) ერასტეს ძე კოღუაშვილი (დ. 1892, სოფ. ბანოჯა, ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, — გ. 1 სექტემბერი, 1924, თბილისი) — ქართველი პოლიტიკური აქტივისტი, სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის შეიარაღებული რაზმის მეთაური.

ჰქონდა დაწყებითი 4 კლასის განათლება. სოციალისტ-ფედერალისტების წევრი იყო 1917 წლიდან, ეკუთვნოდა პარტიის მემარჯვენე ფრთას. იმავე წელს მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რუსეთის ჯარის მიერ მიტოვებული თურქეთის ფრონტისპირა არსენალებიდან იარაღის ჩამოტანის ღონისძიებაში, რომელსაც გრიგოლ ლაღიძე თაოსნობდა. კოღუაშვილი იყო სოციალისტ-ფედერალისტების მოხალისეთა შეიარაღებული რაზმის აქტიური წევრი, მონაწილეობდა ბრძოლებში საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისთვის. 1919 წლამდე მუშაობდა გაზეთ „ხალხის მეგობრის“ რედაქციაში. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის (1921) შემდეგ ჩაბმული იყო იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობაში, ცხოვრობდა „არალეგალურად“. 1922 წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაპატიმრებული იყო ქუთაისში.

1923-1924 წლებში კოღუაშვილი სათავეში ედგა პარიტეტულ კომიტეტთან არსებულ სპეციალურ დაჯგუფებას, რომლის მიზანი ანტისაბჭოთა აჯანყების მზადების პროცესში ბოლშევიკი ლიდერების და კოლაბორაციონისტების ლიკვიდაცია იყო. 1924 წლის აგვისტოში, აჯანყების დაწყებამდე კოღუაშვილი საბჭოთა ხელისუფლებამ დააპატიმრა. საგანგებო კომისიისთვის მიცემულ ჩვენებაში კოღუაშვილმა დაადასტურა, რომ მისი უშუალო ხელმძღვანელობით და მონაწილეობით განხორციელდა რამდენიმე პოლიტიკური მკვლელობა. მოკლულთა შორის იყვნენ: მარკოზ ხითაროვი (რომელსაც ლ. ბერიასგან დავალებული ჰქონდა გოგიტა ფაღავას მკვლელობა), კალე მისაბიშვილი (ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სტუდენტთა კომიტეტის წევრი, რომლის ჩვენების საფუძველზე დააპატიმრეს სამხედრო ცენტრის 15 წევრი), ილარიონ გიორგაძე (ყოფილი მენშევიკი, რომელიც საბჭოთა რეჟიმთან თანამშრომლობდა და იცოდა აჯანყების მზადების შესახებ), ვანო ქაიხოსროშვილი (ყოფილი მენშევიკი, საგარეჯოს კოოპერატივის გამგე). უშუალოდ აჯანყების დროს იგეგმებოდა კოღუაშვილის მეთაურობით თავდასხმა საგანგებო კომისიის შტაბზე და პოლიტიკური ტუსაღების გათავისუფლება. კოღუაშვილის დაჯგუფების წევრებს უკავშირებდნენ ასევე გურიაში წითელარმიელი მეთაურების — ალექსანდრე ობოლაძის, პოლიკარპე სანიკიძის და დავით ჩუბინაშვილის მკვლელობას. 1924 წლის 1 სექტემბერს კოღუაშვილი სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად თბილისში დახვრიტეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გაზ. „კომუნისტი“, 1924, № 197. – 5.
  • კირთაძე ნ., 1924 წლის აჯანყება საქართველოში. ქუთაისი, 1996. – გვ. 309-314.
  • ჯიქია ლ., 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში, თბ.: უნივერსალი, 2012. – გვ. 66.