მიხეილ თაქთაქიშვილი (პედაგოგი)

ქართველი მათემატიკოსი, ფიზიკოსი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

მიხეილ ივანეს ძე თაქთაქიშვილი (დ. 1872, ქვემო ხვითი — გ. 28 სექტემბერი, 1954) — ქართველი მათემატიკოსი, ფიზიკოსი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე.

მიხეილ თაქთაქიშვილი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მიხეილ ივანეს ძე თაქთაქიშვილი დაიბადა 1872 წელს სოფელ ქვემო ხვითში. 1883 წელს ჩაირიცხა თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში, რომლის დამთავრების შემდეგაც სწავლა განაგრძო ოდესის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1895 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა და დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა თბილისში, მოზრდილთა საკვირაო სკოლაში.

პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა აზერბაიჯანში

რედაქტირება

1896 წლიდან დაინიშნა მასწავლებლად განჯის ვაჟთა და ქალთა გიმნაზიაში, სადაც შვიდი წლის განმავლობაში ასწავლიდა მათემატიკასა და ფიზიკას. ამავე დროს იყო განჯის მეტეოროლოგიური სადგურის გამგე და თბილისის ფიზიკური ობსერვატორიის კორესპონდენტი.

1903 წელს მიხეილ თაქთაქიშვილი თბილისის კომერციულ სასწავლებელში მათემატიკის პედაგოგად მიიწვიეს, სადაც მცირე დროით გაჩერდა. 1905 წელს აზერბაიჯანში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო ბაქოს კომერციული სასწავლებლის ინსპექტორად. ერთი წლის შემდეგ სასწავლებლის სამზრუნველო საბჭომ იგი დირექტორად აირჩია.

მიხეილ თაქთაქიშვილი 11 წლის განმავლობაში ემსახურებოდა ბაქოს ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს, მისი უშუალო მონაწილეობით ბაქოში აშენდა სპეციალური შენობა კომერციული სასწავლებლისათვის (შემდგომში ბაქოს პედაგოგიური ინსტიტუტი).

ბაქოს საზოგადოებამ ღირსეულად დააფასა მისი, როგორც პედაგოგის, სასწავლებლის დირექტორისა და კულტურის მოღვაწის ღვაწლი და სკოლაში მისი სახელობის სტიპენდია დააარსეს.

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება

რედაქტირება

მიხეილ თაქთაქიშვილი აქტიურად იყო ჩართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობაში. 1902 წელს გახდა საზოგადოების ნამდვილი წევრი, ხოლო 1904 წლიდან - საზოგადოების განჯის განყოფილების დამხმარე წევრი. მისი აქტიური მონაწილეობით ბაქოში დაარსდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფილიალი, რომლის თავმჯდომარედაც 1909 წლის თებერვალში აირჩიეს.

1915 წელს მიხეილი იყო საზოგადოების ბაქოს ფილიალის დრამატული კომიტეტის თავმჯდომარე. ეს კომიტეტი "სომეხ–კაცთმოყვარე საზოგადოების სათეატრო შენობაში" ხშირად მართავდა ქართულ წარმოდგენებს. ბაქოს ქართული თეატრის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მიხეილი წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს გამგეობამ საპატიო წევრად აირჩია.

დაბრუნება საქართველოში

რედაქტირება

1916 წელს მიხეილ თაქთაქიშვილი ქუთაისის კომერციული სასწავლებლის დირექტორად მიიწვიეს.

როგორ ქართული გაზეთებიდან ირკვევა, მიხეილ თაქთაქიშვილს 1918 წელს ეკავა განათლების სამინისტროს კანცელარიის დროებითი დირექტორის თანამდებობა. ამავე წელს იყო სახალხო განათლების სამინისტროს ტექნიკურ, პროფესიულ და სამრეწველო სასწავლებელთა მთავარგამგე. 1920 წელს დაინიშნა თბილისის პირველი საკომერციო სასწავლებლის მზრუნველ კომიტეტში სახალხო განათლების წარმომადგენლად და ამავე წელს ეკავა სავაჭრო-სამრეწველო პალატის სასკოლო განყოფილების გამგის თანამდებობა.[1]

1921 წელს, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ დაინიშნა განათლების სახალხო კომისარიატის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარ მმართველად და განაგებდა პროფესიული განათლების საქმეს. აქტიურად იყო ჩართული საშუალო სასკოლო რეფორმის განხორციელებაში. იყო განათლების სახალხო კომისარიატის კოლეგიისა და სახელმწიფო სამეცნიერო საბჭოს წევრი. ამის პარალელურად, მუშაობდა მათემატიკის მასწავლებლად თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო სამშენებლო ფაკულტეტზე.

1925 წლიდან ხელმძღვანელობდა თბილისის პირველ სახელმწიფო საბუღალტრო კურსებს და ამავე დროს მუშაობდა მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში სასწავლო ნაწილის გამგედ. მისი უშუალო მონაწილეობით დაარსდა სასოფლო–სამეურნეო და ინდუსტრიული ტექნიკუმები. 1928-1929 წლებში ყვარელსა და ბორჯომში დააარსა სატყეო ტექნიკუმები.

1930-1953 წლებში მუშაობდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, როგორც დოცენტი და კითხულობდა ლექციებს მათემატიკაში.

მიხეილ თაქთაქიშვილ პედაგოგიური ღვაწლისთვის 1931 წელს დაენიშნა სახელმწიფო პენსია. ხოლო 1944 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ სკოლის დამსახურებული მასწავლებლის წოდება.

მიხეილ თაქთაქიშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ლიტერატურაშიც, წერდა და თარგმნიდა მოთხრობებს, თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებთან. მისი წერილები იბეჭდებოდა "ცნობის ფურცელში", "სახალხო გაზეთში", "თეატრი და ცხოვრებაში", "საქართველოში" და სხვ. მის კალამს ეკუთვნის ორი სახელმძღვანელო: "უმაღლესი მათემატიკის შესავალი" (1934) და "უმაღლესი მათემატიკის საფუძვლების დანაწილება და მეთოდური მითითებანი".

მიხეილ თაქთაქიშვილი გარდაიცვალა 1954 წლის 28 სექტემბერს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მიხეილ ივანეს ძე თაქთაქიშვილი (1872-1954) // სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები. -თბილისი, 1968. - გვ. 210-213.
  • მიხეილ ივანეს ძე თაქთაქიშვილი // ქართველები მსოფლიო ისტორიაში. ტომი 8, აზერბაიჯანი, იორდანია. - თბილისი, 2021. - გვ. 104.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება