მიქელ პარეხელის ცხოვრება
მიქელ პარეხელის ცხოვრება — ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულება, მიქელ პარეხელის შესახებ. თხზულება არ შემონახულა, თუმცა მისი დაწერის თარიღად ვარაუდობენ IX საუკუნის მეორე ნახევარს, გამომდინარე იქიდან, რომ მიქელ პარეხელი მოხსენიებულია „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებასა“ და „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“. იგი სერაპიონ ზარზმელის უფროსი თანამედროვე ყოფილა. თხზულება ხელთ ჰქონია ბასილი ზარზმელს, როდესაც ის „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებას“ წერდა და, როგორც ჩანს, იქიდან რამდენიმე ცნობა ამოუღია; ასევე, ხელთ ჰქონია ის გიორგი მერჩულესაც, როდესაც „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას წერდა“. მკვლევართა ვარაუდით, უდაოა, რომ გრიგოლ ხანძთელისა და სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების მიქელი ერთი და იგივე პიროვნებაა: ორივე თხზულების მიქელს ჰყავს მოწაფე ბასილი, ორივე მიქელი აშენებს პარეხს, სადაც სიკვდილის შემდეგ იმარხება კიდეც. ამას არ ეწინააღმდეგება ის მცირეოდენი განსხვავება, რომელიც ამ ორი ცხოვრების თხრობათა შორისაა: „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების“ მიხედვით, მიქელი პირველად მოღვაწეობდა ოპიზაში და აქედან დაემკვიდრა იგი პარეხში, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ კი ოპიზა ამ შემთხვევაში სულაც არაა ნახსენები – მიქელი მიძნაძორს შემდგარა ბერად, იქიდან ხანძთაში მისულა გრიგოლთან, რომლის განზრახვით და რჩევით პარეხში დამკვიდრებულა. „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების“ ავტორი მოგვითხრობს იმას, რაც მას სხვებისაგან გაუგონია – „ესე სიტყუაჲ მამათა მიერ მოვალს ჩუენდაო“, ამბობს ის, და ამ შემთხვევაში, შესაძლოა, გადმოცემით თხზულებაში შესაძლოა, ისეთი ანაქრონიზმებიც შერეულიყო, როგორიცაა ცნობა მიქელის შიო მღვიმელის მოსწავლეობაზე. გიორგი მერჩულეს, გრიგოლ ხანძთელის ბიოგრაფს, როგორც ხანძთის მოღვაწეს, უფრო ნამდვილი ცნობები ჰქონია. მკვლევართა ვარაუდით, მიქელი სერაპიონზე ადრე უნდა გარდაცვლილიყო, არა უადრეს IX საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისისა. „სწავლანი, ნიშნი და სასწაულმოქმედებანი მისნი“, ესე იგი მისი ცხოვრება, ამბობს ბასილი ზარზმელი, „აღწერეს მოწაფეთა მისთა“.
ლიტერატურა
რედაქტირება- კორნელი კეკელიძე, ალექსანდრე ბარამიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1954. — გვ. 107-108.