მიქაელ მოდრეკილის იადგარი

მიქაელ მოდრეკილის იადგარიX საუკუნის ქართული ხელნაწერი, საგანგებოდ შედგენილი ადრებიზანტიური ხანის ჰიმნოგრაფიული კრებული, რომელმაც X საუკუნეში ქართულ ენაზე არსებული ყველა ნათარგმნი და ორიგინალური საგალობელი შემოინახა. გადაწერილია 978-988 წლებში შატბერდის მონასტერში. გადამწერები არიან მიქაელ მოდრეკილი და ორი ანონიმი.[1]

მიქაელ მოდრეკილის იადგარი
Georgian Manuscript Iadgari of Mikael Modrekili
თარიღი 978-988
ავტორი მიქაელ მოდრეკილი
დაწერის ადგილი შატბერდი
გვერდი 727

ტექსტი კლასიკური ნუსხურითაა გადაწერილი დაქარაგმების გარეშე, შავი მელნითა და სინგურით. ტექსტში სტრიქონს ზემოთა და ქვემოთ სინგურითვეა მიწერილი ძველი სანოტო ნიშნები, როგორც გამოირკვა, საგალობელთა მუსიკას გადმოგვცემენ ე. ი. სანოტო ნიშნებს წარმოადგენენ. გაფორმებულია ფერადი საზედაო ასოებითა და ორნამენტული, სწორხაზოვანი თავსამკაულებით.

გადაწერილია ეტრატზე. შეიცავს 727 ფურცელს; ფურცლის ზომებია 26X21 სანტიმეტრი. ხელნაწერი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (ფონდი: S-425).[2]

აღწერილობა და ტექსტი რედაქტირება

გვერდები რედაქტირება

წიგნი შეკინძულია რვა-რვა ფურცლიანი რვეულებისაგან (ორიოდე გამონაკლისის გარდა), რომლებიც ასოებითაა და ნომრილი. ნუმერაციიდან ჩანს, რომ ფურცლები არეულად არ ის აკინძული და რაც მთავარია, ბევრი ფურცელი და მთელი რვეულებიც აკლია. უკანასკნელ რვეულს სათვალავად უზის ასო (=80), რაც იმას ნიშნავს, რომ ამ რვეულიანად წიგნში 727 ფურცელი უნდა ყოფილიყო.

ანდერძები რედაქტირება

ხელნაწერს მთავარი ანდერძი, ჩვეულებრივ, თავში ან ბოლოში ერთვის, რომელიც მიქაელ მოდრეკილის იადგარს დაკარგული აქვს, მაგრამ, საბედნიეროდ, აქ დაცულია ცალკეული განყოფილებების ბოლოს დართული რამდენიმე ანდერძი, რომელთა საშუალებითაც ირკვევა კრებულის შემდგენელ-გადამწერთა ვინაობა, გადაწერის დრო, მიზანი და სხვა ისტორიულ-ფილილოგიური საკითხები. შესავალი ნაწილის ბოლოს 24-ე ფურცელზე ვკითხულობთ:

შეწევნითა ღმრთისაითა, რომელი-იგი არს მიზეზი ყოვლისა ფეთილისაი, მე გლახაკმან მიქაელ მოდრეკილმან, ძმისწულმან ღმერთშემოსილისა მამისა დავითისმან, ვიღუაწე და ყოვლით კერძო შრომაი ვაჩუენე უზეშთაეს ძალისა ჩემისა და ფრიადითა ხარკებითა და გულსმოდგინედ ძიებითა შევკრიბენ ძლის პირნი ესე ყოვლით კერძოვე, რომელნი ვპოვენ ენითა ქართველთაითა მეხურნი ბერძულნი და ქართულნი, სრულნი ყოვლითა განგებითა, და დავწერენ წმიდასა ამას შინა წიგნსა ყოვლითა განმარტებითა და ჭეშმარიტებითა და ესრეთ განვაწესე თავით თვსით, და უმჯობეს ვყავ უმეცრებითა სიგლახაკისა ჩემისათა, რამეთუ ყოველსა კმასა პირველ „უფალო ღაღატყავისა“ ძლისპირნი დავწერენ და შემდგომად გალობათანი თინიერ ქარაგმისა. და ყოვლითურთ სრულ იქმნა მუშაკობაი ესე საღმრთო ძალითა და შეწევნითა ყოვლად სახიერისა მხოლოისა ღმრთისაითა, რომელი კურთხეულ არს აწ და მერმეთა მათსა უკუნეთა. ამენ.

ასეთივე შინაარსისაა VI განყოფილების ბოლოს დართული ანდერძიც, რომელშიც მიქაელ მოდრეკილი კიდევ უფრო მეტი თავმდაბლობით აცხადებს:[3]

მე გლახაკმან და ფრიად უდებებით ცხოვრებულმან, ღელვათა სოფლისათა დანთქმულმან და სიმძიმითა ბრალთა სიმრავლისაითა დაღონებულმან მიქაელ მოდრეკილმან ვიღუაწე და უზეშთაეს უძლურისა ძალისა ჩემისა შრომაი ვაჩუენე და შევკრიბენ საგალობელნი ესე წმიდისა აღდგომისანი, რომელნი ვპოენ ენითა ქართველთაითა მეხურნი ბერძულნი და ქართულნი, სრულნი ყოვლითა განგებითა, წესისაებრ საეკლესიოისა, უფალო ღაღატყავითა, ოხითითა, მოი ხილითა და აქებდითითა, ძლიერად და სიწმიდით და სიმართლით, სისწორითა კილოისაითა და უცთომელობითა ნიშნისა უფალო, წყალობით მოიკსენე სული მამისა დავითისი, იოვანესი, დავითისი, და წყალობა ყავსაწყალობელისა მიქაელისთვს.

როგორც ამ ანდერძებიდან ჩანს, მიქაელს მიზნად დაუსახია, შეეკრიბა და ერთ წიგნად წარმოედგინა - ბერძნულიდან თარგმნილი თუ ორიგინალური ქართული ტექსტები რვა ხმის მრავალფეროვან კილოებზე გაწყობილი (ე. წ. „მეხური“) საგალობლებისა, დაერთო მათთვის გალობის კილოსა და რიტმის აღმნიშვნელი მითითებები და საგანგებო ნიშნები, ანუ შეექმნა საეკლესიო გალობათა სრულყოფილი სახელმძღვანელო. ეტიმოლოგიურად ,,მეხური" სიტყვა ბერძნულ "იხოსს" (ხმას) უკავშირდება. ჰიმნოგრაფებს, რომელთა ამოცანას თხზულებათა რვა ხმის მრავალრიცხოვან კილოებზე გაწყობა შეადგენდა, "მეხელებს" უწოდებდნენ. "მეხელნი... მოძღურად მყუანან და ღმერთშემოსილადო", - წერს წმიდა გიორგი მთაწმინდელი ერთ-ერთ ანდერძში.[4]

ტექსტი რედაქტირება

რაკი ეს კრებული სახელმძღვანელოდ იყო გამიზნული და რიტმის მაჩვენებელი ნიშნები ახლდა, გადამწერს არც სიტყვები შეუმოკლებია და ყველგან უქარაგმოდ დაუწერია. წიგნის ასე უქარაგმოდ წერის სხვა შემთხვევა ძველ ქართულში არ გვხვდება, ამიტომ ამ ხელნაწერს დაქარაგმების საკითხების გასარკვევადაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

სულ მიქაელ მოდრეკილის კრებულის იმ ნაწილში, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, მოთავსებულია 196 დიდი ფორმის საგალობელი და 754 მცირე ფორმის საგალობელი. საგალობელთა ავტორები და მთარგმნელები არიან გიორგი მერჩულე, იოანე მტბევარი, იოანე მინჩხი, სტეფანე ჭყონდიდელი, იოვანე ქონქოზის ძე, ბასილი ხანძთელი, კურდანაი-კვირიკე და მაკარი ლეთეთელი.

მიქაელ მოდრეკილმა ეს ხელნაწერი შატბერტდში დაწერა და იქვე ინახებოდა, მაგრამ XVI-XVII საუკუნეებიდან, როცა ტაო-კლარჯეთი მტრებმა დაიპყრეს და ააოხრეს, იქიდან აყრილი ქართველობის დიდმა ნაწიღმა დასავლეთ საქართველოს მიაშურა და თან წაიღო ყველაფერი, რისი გადარჩენაც მოახერხა და რისი წაღებაც შეიძლებოდა. სწორედ ამ დროს უნდა იყოს კოლხეთში გადატანილი მიქაელ მოდრეკილის კრებულიც. როდის და როგორ მოხვდა ის დადიანების სასახლეში, სად დაიკარგა მისი დიდი ნაწილი ან რა ბედი ეწია მას, ეს ყველაფერი ბურუსით არის მოცული.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 31
  • პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე. ქართველი მწერალი მეათე საუკუნისა. 1954.
  • პ. ინგოროყვა, თხზულებათა კრებული, III. 1965.
  • ვ. გვახარია, მიქაელ მოდრეკილის ჰიმნები. 1978.
  • მ. ჯანაშვილი, საუნჯე მეათე საუკუნისა. 1891.
  • ელ. მეტრეველი, „მეხელისა“ დაა „მეხურის“ გაგებისათვის. „შოთა რუსთაველი. ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი“. 1966.
  • Le grand lectionnare de l'église de Ierusalem (V-VIIIe siécle), I, édité par M. Tarchnischvili, Louvain, 1959.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ისტორია. polyphony.ge
  2. მიქაელ მოდრეკილის იადგარი დაარქივებული 2021-07-19 საიტზე Wayback Machine. . ka.autograndad.com
  3. მიქაელ მოდრეკილი - არმური Armuri. armuri.georgianforum.com
  4. მიქაელ მოდრეკილის იადგარი. library.church.geindex.php