იადგარი
იადგარი (სპარს. ხსოვნა, სახსოვარი) — ქართული ლიტურგიკული კრებული, რომელშიც თავმოყრილი ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში დაწესებულ სხვადასხვა საეკლესიო დღესასწაულთა და ხსენებათა საგალობლები.
კრებული იწყება შობით და თანამიმდევრულად მთელი წლის დღესასწაულთა საგალობლებს შეიცავს; კალენდარული თანამიმდევრობა დარღვეულია მარტსა და აპრილს შორის, რადგან აქ ჩართულია დიდმარხვისა და ზატიკის მოძრავი დღესასწაულების საგალობლები. იადგარი ადრეულ შუა საუკუნეებში უნდა იყოს შექმნილი. ის ბიზანტიური და ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარების საწყისებთან დგას და თავისი დროის უნივერსალურ საგალობელ კრებულს წარმოადგენს. მის ჩამოყალიბებას საფუძვლად დაედო „ქართული (იერუსალიმური) ლექციონარი“ (V-VII სს.).
უძველესი ტიპის ქართული იადგარის ტექსტები, რომლებიც VII-VIII საუკუნეებში უნდა იყოს თარგმნილი, დაწერილია ე. წ. „წყობილი სიტყვით“. საგალობლის რიტმიკა დამყარებულია არა ტროპარებს შორის არსებულ სილაბურ თანაფარბაზე, არამედ შინაარსობრივად შეკრულ ტაეპთა „რიცხვედობაზე“. IX-X საუკუნეების მიჯნაზე შეიქმნა იადგარის ახალი ტიპი, რომლის საგალობლები გამართულია „საგალობელი მარცვლედის“ საზომით. ყოველ გალობას თან ახლავს თავისი მუსიკალური-რიტმული მოდელი — ძლისპირი. ქართული იადგარმა განვითარების დიდი გზა განვლო მოკლე რედაქციიდან უაღრესად მდიდარი რეპერტუარით წარმოდგენილ „საწელიწდო იადგარამდე„ (X ს.). იადგარის ჩვენამდე მოღწეული თითქმის ყველა ნუსხა X საუკუნით თარიღდება. მათ შემოგვინახეს თარგმნილი და ორიგინალური საგალობლების უმდიდრესი რეპერტუარი და ამავე დროს უძველესი სანოტო სისტემით ჩაწერილი გალობათა მელოდიები. მიქაელ მოდრეკილის მიერ შედგენილ „იადგარში“ (978-988) ყველაზე სრულყოფილად არის წარმოდგენილი ქართველ ჰიმნოგრაფთა შემოქმედება.
ქართული იადგარებს მნიშვნელობა აქვს ქართული და ბიზანტიური ჰიმნოგრაფიის ისტორიული თვალსაზრისით, რადგან იადგარის ბერძნული პირველსახე ჩვენამდე მოღწეული არ არის. ქართული იადგარები „ქართულ (იერუსალიმურ) ლექციონართან“ ერთად წარმოგვიდგენს ჰიმნოგრაფიის განვითარების თვალსაჩინო სურათს XI საუკუნის დამდეგამდე.
„იადგარი“ დიპლომატიკური ტერმინიცაა და ზოგჯერ შეწირულების სიგელის მნიშვნელობით იხმარება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ინგოროყვა პ., თხზულებათა კრებული, ტ. 3, თბ., 1965;
- კეკელიძი კ., უცნობი რედაქცია ქართული ჰიმნოგრაფიული თუენისა, მის წგნ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 8, თბ., 1962;
- მისივე, ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;
- ძლისპირნი და ღმრთისმშობლისანი, ე. მეტრეველის გამოც., თბ., 1971;
- Кекелидзе К., Литургические грузинские памятники в отецественных книгохранилищах и их научного значение, Тфл., 1908;
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 37.