მინდია სალუქვაძე
მინდია სალუქვაძე (დ. 3 მაისი, 1933, თბილისი, საქართველოს სსრ, ამიერკავკასიის სფსრ, სსრკ — გ. დეკემბერი, 2018[1]) — ქართველი ფიზიკოსი, აკადემიკოსი, პოლიტიკოსი.
მინდია სალუქვაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 3 მაისი, 1933 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 2018 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1955–1957 წლებში იყო თბილისის 55-ე საშუალო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი, 1957-1958 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ელექტრონიკის, ავტომატიკისა და ტელემექანიკის (ამჟამად არჩილ ელიაშვილის მართვის სისტემების) ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი. 1961 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არჩილ ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტში, აქედან 1971 წლიდან დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში; 1981 წლიდან დირექტორად, ხოლო შემდეგ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარედ. 1994 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გამოყენებითი მექანიკის, მანქანათმშენებლობისა და მართვის პროცესების განყოფილების აკადემიკოს-მდივანი. გამოქვეყნებული აქვს 140-ზე მეტი სამეცნიერო შრომა ავტომატური მართვის სისტემების მდგრადობის თეორიისა და ოპტიმალური მართვის სისტემების თეორიის საკითხებზე, აგრეთვე, 10 მონოგრაფია და თანაავტორებთან ერთად 5 სახელმძღვანელო ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. სამეცნიერო ლიტერატურაში შესულია ტერმინები „სალუქვაძის მეთოდი“, „სალუქვაძის ამოხსნა“, „სალუქვაძის პრინციპი“, „სალუქვაძის ოპტიმუმი“. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია (1979) და გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია (1998).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ გარდაიცვალა ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი…. მართვის სისტემების ინსტიტუტი (28 დეკემბერი, 2018). ციტირების თარიღი: 3 იანვარი, 2019.