არჩილ ელიაშვილი
არჩილ ივანეს ძე ელიაშვილი (დ. 25 ივლისი, 1904, თბილისი — გ. 16 დეკემბერი, 1971, იქვე) — ქართველი ელექტროტექნიკოსი, მეცნიერი, ინჟინერი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ცნობილი ქართველი ექიმისა და საზოგადო მოღვაწის ივანე ელიაშვილის ოჯახში, რომლის ახლობლები და ხშირი სტუმრები იყვნენ აკაკი წერეთელი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინი და სხვები. ყოველივე ამან დიდი გავლენა იქონია ახალგაზრდა არჩილის მომავალზე. მან წარმატებით დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია და სწავლა განაგრძო გრენობლის (საფრანგეთი) პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც ასევე წარმატებით დაამთავრა 1927 წელს. ახალგაზრდა სპეციალისტმა სამშობლოში დაბრუნებისთანავე განახორციელა ფოთისა და მისი მიდამოების ელექტროფიკაცია, მონაწილეობდა საქართველოს პირველი ელექტრო სისტემების დაპროექტებაში. პრაქტიკულ საქმიანობას კარგად უთავსებდა თეორიული საკითხების დამუშავებას. იყო საირიგაციო სისტემების ავტომატიზაციისა და ტელემექანიზაციის საკითხებზე ნაშრომების ავტორი. აღსანიშნავია, რომ მან ჩვენს ქვეყანაში პირველმა გამოიკვლია უკუკავშირიანი სისტემების მდგრადობის საკითხი.
ა. ელიაშვილს დიდი წვლილი მიუძღვის თბილისის ელექტრომომარაგების საკითხის გადაჭრაში. მან საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ავტომატური მართვის განვითარების საქმეს. იგი იყო ელექტრონიკის, ავტომატიკისა და ტელემექანიკის (ახლანდელი მართვის სისტემების) ინსტიტუტის შექმნის ინიციატორი და ხელმძღვანელი. მისი თაოსნობით დაიწყო და გაიშალა მუშაობა საქართველოში მათემატიკური ლინგვისტიკისა და ავტომატიკის დარგში. მისივე ხელმძღვანელობით რესპუბლიკაში პირველად განხორციელდა სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგის ავტომატიზაცია ახალი ტექნიკის გამოყენებით, შეიქმნა ჩვენთან პირველი უნივერსალური გამომთვლელი მანქანა. მეცნიერის ინიციატივით და თაოსნობით შეიქმნა ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ქართული ლექსიკონი. ამ ნაშრომისათვის ავტორთა კოლექტივს, მათ შორის ა. ელიაშვილს (სიკვდილის შემდეგ) მიენიჭა გ. ნიკოლაძის სახელობის პრემია.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 133, თბ., 1994
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 643.