მეტეხის ყორღანები
მეტეხის ყორღანები — არქეოლოგიური ძეგლი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში, აგურის ქარხნის ტერიტორიაზე. თარიღდება ძვ. წ. XV-XIV საუკუნეებით.
1958-1959 წლებში ყორღანი გათხარა მცხეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. სამარხზე ეყარა რიყის ქვების გროვა, რომელიც ნაპირისკენ დაბლდებოდა. აღმოსავლეთით ყორღანს ჰქონდა საკმაოდ დახრილი დრომოსი. ყორღანის ცენტრში აღმოჩნდა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ დამხრობილი ოთხკუთხა ფორმის სამარხი ორმო. სამარხში აღმოჩნდა 24 თიხის ჭურჭელი, ჭურჭლის ტუფის სარქველი ბრინჯაოს ყუნწიანი და სამანჭვლიანი ბრტყელი სატევარი, მასრაგახსნილი შუბისპირი, საკინძი სარდიონის მრგვალი თავით, ოქროს ღრუ და სარდიონის ოვალური მძივები. სამარხის სამხრეთ-აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეებში ეწყო მსხვილფეხა რქოსანის თავ-ფეხისა და ნეკნების ძვლები, ცენტრალურ ნაწილში კი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის ძვლები. მიწის სამუშაოების დროს დაზიანდა გვერდით მდებარე ყორღანი. მასალა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. ყორღანები წარმოადგენენ დაბალი კონუსის ფორმის რიყის ქვის ყრილებს. ზოგ მათგანს ირგვლივ ცალ პირ წრედ შემოწყობილი აქვს ნატეხი ქვა. ყორღანების ერთ ნაწილს ოთხკუთხა დასაკრძალავი კამერა აქვს, დანარჩენები კატაკომბური ტიპისაა. ყორღანებში აღმოჩნდა კერამიკული ნაწარმი, ტუფის სარქველები, ბრინჯაოს იარაღ-სამკაული, ოქროს და ნახევრად ძვირფასი ქვისა და პასტის მძივები. ოთხი ყორღანი ძლიერ დაზიანებულია. მოპოვებული მასალა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 179.