მეტასტაზი
მეტასტაზი (ბერძნ. μετάστασις; გადანაცვლება, გადასვლა) — მეორეული პათოლოგიური წარმონაქმნი, რომელიც ვითარდება ორგანოში ან ქსოვილში პირველადი კერიდან მაავადებელი ფაქტორის (სიმსივნური უჯრედი, ინფექციური აგენტი და სხვ.) გადანაცვლების შედეგად.
წარმოადგენს სინსივნური ქსოვილის იმპლანტს, რომელიც ვრცელდება სიმსივნის ძირითადი კერიდან სხვა ორგანოებში. კეთილთვისებიანი სიმსივნეები მეტასტაზირებას არ განიცდიან. ავთვისებიანი სიმსივნეების დროს ადგილობრივი ინვაზია განაპირობებს სისხლმილებში, ლიმფურ მილებში, ღრუებში, სიმსივნური უჯრედების პენეტრაციას და გავრცელებას.
მეტასტაზირება ჩვეულებრივ ხდება სისხლის ნაკადით (ჰემატოგენური მეტასტაზი) და ლიმფით (ლიმფოგენური მეტასტაზი). კიბოს უჯრედები უმეტესად ლიმფოგენური გზით ვრცელდება, სარკომისა კი — ჰემატეგენურად. მეტასტაზი შეიძლება განვითარდეს აგრეთვე სიმსივნური უჯრედების ჩანერგვით მეზობელ საღ ქსოვილში (იმპლანტაციური მეტასტაზი).
მეტასტაზირების პროცესი სამფაზიანია : სიმსივნური უჯრედის შეღწევა სისხლძარღვებში ან ლიმფურ სადინარებში, მისი გადატანა სისხლის ან ლიმფის ნაკადით უახლოეს ან შორეულ ორგანოში; მეტასტაზური სიმსივნის განვითარება ახალ კერაში.
მეტასტაზი სიმსივნური პროცესის ავთვისებიანობის მაჩვენებელია და განსაზღვრავს დაავადების მიმდინარეობას. სიმსივნეთა უმრავლესობის მეტასტაზები უახლოეს რეგიონულ ლიმფურ კვანძებში ვითარდება, თუმცა ავთვისებიანი სიმსივნის მეტასტაზებს ახასიათებს არჩევითი ლოკალიზაცია: მაგ., ძვლის სიმსივნე უმეტესად იძლევა მეტასტაზებს ფილტვებში; სარძევე, ფარისებრი და წინამდებარე ჯირკვლების კიბო - ძვლებში, ფილტვის კიბო - ღვიძლსა და თავის ტვინში და სხვ.
თავისი აგებულებით მეტასტაზი პირველადი სიმსივნის აგებულებას იმეორებს. ზოგჯერ მეტასტაზური კვანძის ჰისტოლოგიური სტრუქტურის მიხედვით შეიძლება შეუმჩნეველი სიმსივნის პირველადი კერის აღმოჩენა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 609-610.
- Успехи в изучении рака, пер. с англ., под ред. Л. М. Шабада, т. 1—10, М., 1955—1971;
- Клиническая онкология, под ред. Н. Н. Блохина и Б. Е. Петерсона, т. 1—2, М., 1971.