მესხეთის დრამატული თეატრი

(გადამისამართდა გვერდიდან მესხეთის თეატრი)

მესხეთის დრამატული თეატრი — XIX საუკუნის 60-იან წლებში მესხეთის სოფლებში იმართებოდა საქველმოქმედო სპექტაკლები, რომლებშიც მონაწილეობდნენ ცნობილი ქართველი მსახიობები. 1878 წელს ქ. ახალციხეში ადგილობრივი სცენისმოყვარეებმა წარმოადგინეს ზურაბ ანტონოვის პიესა „მე მინდა კნეინა გავხდე“. იმავე წელს აქ ჩამოყალიბდა დასი, რომელშიც შედიოდნენ ს. მესხიშვილი, ე. ყორღანაშვილი, ნ. გამრეკელი, ს. ღოღობერიძე, მ. ალავერდაშვილი, ე. სავანელი, ა. მესხიძე და სხვები. სპექტაკლებში მონაწილეობდნენ მოწვეული მსახიობები: ვასო აბაშიძე, კონსტანტინე ყიფიანი, ზ. მაჩაბელი, ნატო გაბუნია-ცაგარელი და სხვები.

ახალციხეში პროფესიული თეატრის საფუძველი ჩეყარა 1936 წელს. სამამულო ომის პერიოდში (1941-იდან) თეატრმა დროებით შეწყვიტა მუშაობა. 1942 წელს მუშაობა განაახლა. თეატრს სათავეში ჩაუდგა გ. აბრამიშვილი. 1945 წელს ახალციხეში გაიხსნა სახელმწიფო თეატრი (დირექტორი და მთავარი რეჟისორი მ. მეძმარიაშვილი): დაიდგა პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“, გ. ქელბაქიანის „სევდიანი რომანი“, ი. გედევანიშვილის „სინათლე“, ავქსენტი ცაგარელის „ციმბირელი“ და სხვა სპექტაკლები.

1950 წელს თეატრი დაიხურა, ხოლო 1967 წლის იანვარში კვლავ აღდგა და მესხეთის სახელმწიფო თეატრის სახელწოდება მიიღო (დირექტორი მ. მეძმარიაშვილი, მთავარი რეჟისორი ნ. დემეტრაშვილი, მთავარი მხატვარი ა. გოგოლაძე). დასი დაკომპლექტდა ძირითადად შ. რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის და ს. ზაქარიაძის სახელეობის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტებით. სეზონი გაიხსნა ოთარ ჩხეიძის პიესით „თედორე“. თეატრის რეპერტუარშია: პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“, ალექსანდრე ჩხაიძის „სიბრძნე სიკვდილისა“, გ. ბერიაშვილის „მეხდაცემული კაკალი“, ნ. დუმბაძის „მზიანი ღამე“, ა. გეწაძის „პაემანი ცაში“, ნ. კიკვიძის „ იდუმალა“, ო. იოსელიანის „მოჯადოებული მწვერვალი“, მ. შამხალოვის „დედამთილი“, ვ. კანდელაკის „მაია წყნეთელი“, 1982 წელს დასში ირიცხებიან ო. აწყურელი, თ. მაისურაძე, ლ. სულაშვილი, თ. რეხვიაშვილი, ტ. ალავიძე, ჯ. ოშხერელი, მ. თევზაძე, რ. ხატიძე, დ. ბერიძე, გ. მინდიკაური, გ. ხვიჩია, ზ. ბერძენიშვილი, ა. ქადაგიშვილი, ს. მელაძე, ო. წიტაიშვილი, თ. ნემსაძე, გ. გოგიძე და სხვ. 1971 წელს თეატრს მიენიჭა საქართველოს კომკავშირის პრემია.

ლიტერატურა

რედაქტირება