მერეს ციხე (დუშეთის მუნიციპალიტეტი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მერეს ციხე.

მერეს ციხე — ციხე საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მთიულეთში, დაბა ფასანაურიდან სამხრეთის მიმართულებით მდებარე სოფელ ბუჩაანიდან ჩრდილოეთით 200 მეტრში, მდინარე არაგვის მარცხენა სანაპიროზე, ტყიან ფერდობზე.

მერეს ციხე
მერეს ციხეს განაკვეთი სამხრეთისაკენ

თავდაპირველად აქ იდგა მხოლოდ ზურგიანი კოშკი. XVII საუკუნის II ნახევარში ბარიდან ამოსულ ერთ-ერთ ფეოდალს, კოშკის თავდაცვისუნარიანობის მიზნით, მის ქვემოთ მდებარე ფერდობის ნაწილი მაღალი გალავნით შემოუზღუდავს და რამდენიმე ნაგებობა აუგია. მასვე ხელთ უგდია ვაშლობისა და ჭართლის ხეობა და ადგილობრივი მოსახლეობა საყმო გადასახადებით დაუბეგრავს. მთიულები ვერ შეგუებიან ციხეში გამაგრებული ფეოდალის თვითნებობას და იგი ხევსურთა დახმარებით ციხიდან განუდევნიათ. შემდგომში ციხე ემსახურებოდა არაქართველ მთიელ მოთარეშეთაგან ჭართლისა და ვაშლობის თემების დაცვას.

1983 წელს, სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმოო სახელოსნომ ციხეს ჩაუტარა სარესტავრაციო სამუშაოები (ხელმძღვანელი ნ. მინდორაშვილი). გაიწმინდა ტერიტორია, გამაგრდა ნაგებობათა და გალავნის შემორჩენილი კედლები და სხვა.

არქიტექტურა

რედაქტირება

ზურგიანი კოშკი (10.5X8 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. რვა სართულიანია (სიმაღლე 19 მ), სწორი კედლით ხეობისკენაა მიმართული. შესასვლელი ამ მხარესაა I სართულის დონეზე. მიწიდან 4 მ სიმაღლეზე. თითოეულ სართულზე მხოლოდ თითო სარკმელია, რომლებიც სწორ კედელში, თითქმის ერთ ვერტიკალზე არის განლაგებული. ხის სართულშუა გადახურვა ჩამოშლილია. გადახურვის ძელები დაყრდნობილი იყო ყოველი მომდევნო სართულის კედლების შეთხელების ხარჯზე შექმნილ საფეხურზე (სიგრძე 20 სმ). კოშკის მერვე სართული მონგრეულია.

სამლოცველო პატარაა (ფართობი 8 კვ.მ), კოშკს აღმოსავლეთიდან ეკვრის. იგი მოქცეულია კოშკსა და მასზე მიშენებული მაღალი გალავნის კედელს შორის. ფორმით სამკუთხედს წააგავას, ჩრდილო–აღმოსავლეთით მომგრვალებული კუთხე აქვს. შესასვლელი დასავლეთიდანაა. ჩრდილო–აღმოსავლეთიდან 1 მ სიმაღლეზე ღრმა ნიშია. ორი ნიში სამხრეთ კედელშია, ერთი ჩრდილოეთისაში. ორი სწორკუთხა სარკმელი და ერთი ნიში ჩრდილოეთ კედელშია. სამლოცველო შიგნით ნახევარწრიული კამარით, ხოლო გარედან ქვის თხელი ფილების ცალფერდა სახურავითაა გადახურული.

გალავანი მაღალია, ტეხილი ფორმისაა. ნაშენია ნატეხი ქვითა და კირის დუღაბით. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. გალავნის უმეტესი ნაწილი დანგრეულია. შემორჩენილია მასზე მიშენებულ ნაგებობათა კედლების მცირე ნაწილები.

ლიტერატურა

რედაქტირება