მერაბ გეგია
მერაბ გეგია (დ. 30 აგვისტო, 1944, თბილისი — გ. 24 მარტი, 2020, იქვე) — ქართველი თეატრმცოდნე. საქართველოს კომკავშირისა (1976) და კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიების (2001) ლაურეატი. საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის წევრი (1971-დან). საქართველოლს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1999-დან).
ბიოგრაფია
რედაქტირება1971 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობითი ფაკულტეტი.
1971–1972 წლებში იყო მუსკომედიის, ხოლო 1973–1977 წლებში — რუსთავის თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე. 1978–1981 წლებში გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ ხელოვნების განყოფილებისა, 1981–1983 წლებში — საქართველოს თეატრის, მუსიკისა და კინოს მუზეუმის დირექტორის მოადგილე, 1983–1986 წლებში — ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნების“ მთავარი რედაქტორის მოადგილე. 1986–1992 წლებში იყო გამომცემლობა „ქართული თეატრის“ დირექტორი. 1973 წლიდან — თბილისის თეატრალური ინსტიტუტის, შემდგომში თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ლექტორი. 2002 წლიდან ამავე უნივერსიტეტის სრული პროფესორი და მთავარი მეცნიერ–თანამშრომელი დრამის თეორიაში.
ქართული და უცხოური თეატრალური კულტურის შესახებ გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია და მონოგრაფია. არის 8 დადგმული პიესის ავტორი: „ახალგაზრდა გვარდიის სახელით“ (კინომსახიობთა თეატრი, 1976), „სიცრუენი“ (რუსთაველის თეატრი, 1978), „მარადიული კომედია“ (რუსთავის თეატრი, 1987), „მოვედ სიყვარულისთვის“ (რუსთაველის თეატრი, 1989), „საკუთარი თავის ბაბუა“ (სატირისა და კომედიის თეატრი, 2001), „და იქმნა თამაში“ (შიშველი თეატრი, 2007), „გურუ მასწავლებელი“ (თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი, 2010), „მელპომენას მსახური“ (მარჯანიშვილის თეატრი, 2015).
2020 წლის 24 მარტს ტრაგიკულად დაიღუპა თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის დროს.[1]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- (1974) მარინე თბილელი (მსახიობის ცხოვრება და შემოქმედება), თბილისი: „ხელოვნება“, გვ. 75.
- (1987) მთვარე და თუთიყუში (პიესები), თბილისი: „მერანი“, გვ. 106.
- (1988) ქართული კლასიკური დრამა და თანამედროვე თეატრი. თბილისი: „ხელოვნება“, გვ. 117.
- (1990) თეატრალური კალეიდოსკოპი (წერილების კრებული), თბილისი: „საქ. თეატრის მოღვაწეთა კავშირი“, გვ. 234.
- (1991) მსაჯული (არაკრიმინალური ისტორია), თბილისი: „ქართული თეატრი“, გვ. 133.
- (2000) ზეცნობადი თეატრალურ ხელოვნებაში. თბილისი: „გლობალ სერვისი“, გვ. 232.
- (2011) კონფლიქტის პოეტიკა (თეატრალური ესეისტიკა), თბილისი: „საარი“, გვ. 420. ISBN 978-9941-427-24-4.
- (2011) მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი (რედაქტორი), თბილისი: „საარი“, გვ. 381. ISBN 978-9941-427-09-1.
- (2012) ქართული თეატრი. თბილისი: „ციცინათელა“, გვ. 336. ISBN 978-9941-9175-6-1.
- (2016) დიმიტრი (დიმა) ჯაიანი (ალბომი), თბილისი: „საარი“, გვ. 196. ISBN 9789941461354.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ თეატრმცოდნე მერაბ გეგია ხანძარმა იმსხვერპლა. არტინფო (24 მარტი, 2020). ციტირების თარიღი: 25 მარტი, 2020.