მენანდრე პროტიქტორი
მენანდრე პროტიქტორი – VI საუკუნის II ნახევრის ბიზანტიელი ისტორიკოსი და დიპლომატი.
დაიბადა VI საუკუნის შუა წლებში კონსტანტინოპოლში. მისი მამა, ევრფატასი, იყო უსწავლელი ადამიანი, მაგრამ შვილებს მიაღებინა იურიდიული განათლება. მენანდრემ დაამთავრა უმაღლესი სკოლა, თუმცა არ მოისურვა სამოსამართლეო პრაქტიკის გაგრძელება. ამის ნაცვლად მუდმივად იპოდრომსა და პანტომიმების თეატრში სტუმრობით ერთობოდა. მის ცხოვრებაში გარდატეხა მოახდინა სავსებით გაღარიბებამ. ამ დროს ბიზანტიის ტახტზე ავიდა მავრიკიოსი, რომელიც მფარველობდა პოეზიასა და ისტორიას. მენანდრემაც გააგრძელა აგათია სქოლასტიკოსის ისტორიული შრომა.
მისმა თხზულებამ მხოლოდ გვიანდელი ფრაგმენტების სახით მოაღწია. შემორჩენილია მისი ისტორიის 77 დიდი და პატარა ფრაგმენტი. 15 ფრაგმენტი შემორჩენილია სვიდას ლექსიკონის ციცტატების სახით, დანარჩენი კი კონსტანტინე VII-ის თაოსნობით შედგენილ კრებულებში. უცნობია, რა წყაროებს იყენებდა მენანდრე თავისი ისტორიისთვის.
მენანდრე აღწერს 558-582 წლების მოვლენებს, ძირითადად ბიზანტიასა და ირანს შორის ომებსა და მათ შორის დადებულ საზავო ხელშეკრულებებს, აგრეთვე ბიზანტიელთა ურთიერთობებს ხუნძებთან, ლანგობარდებთან და სხვ. მენანდრე პროტიქტორის ისტორია შეიცავს ცნობებს VI საუკუნის საქართველოს ისტორიის – ბიზანტიასა და ირანთან ლაზიკისა და ქართლის ურთიერთობის, სვანეთის გარშემო ატეხილი დავის გარშემო და სხვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 569.
- ყაუხჩიშვილი ს., ბიზანტიური ლიტერატურის ისტორია, თბ., 1973.
- ყაუხჩიშვილი, ს. (1936). ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტომი III. ტფილისი: ტფილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 202-251.