მელაანის მეორე სამლოცველო

მელაანის მეორე სამლოცველოარქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანის სამხრეთით 7 კილომეტრზე, მელიღელის მარჯვენა ნაპირზე, განეკუთვნება ძვ. წ. XIV-XIII საუკუნეებს. ძეგლს მიაკვლია და 1964–1967 წლებში არქეოლოგიური სამუშაოები ჩაატარა ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი კიაზო ფიცხელაური).

სამლოცველო გამართულია თხრილით (სიგანე – 2 მეტრი, სიღრმე – 0,6 მეტრი) გამოყოფილ შემაღლებულ მოედანზე,რომელსაც გარშემო რიყის ქვები აქვს შემოვლებული. მოედნის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებში ხის წმინდა ნაცრითა და მასში შერეული სხვადასხვა ნივთებით სავსე ორი დიდი ორმო (დიამეტრი–3,35მეტრი) აღმოჩნდა,რომელთა ცენტრში ხის წმინდა ნაცრით სავსე თითო თიხის ჭურჭელი იდგა. აღმოსავლეთით მდებარე ორმოსთან რიყის ქვის ორი წრე. ასევე წმინდა ნაცრით იყო შევსებული.იყო მცირე ზომის თიხის ჭურჭელი და სხვადასხვა წვრილი ნივთები.

ძეგლზე აღმოჩენილი ჭურჭელი სხვადასხვა ზომისაა. არის როგორც პატარა, ისე მინიატურული, საშუალო და დიდი ზომის სასმისის ფორმის ჭურჭელი. განსაკუთრებით მრავლად აღმოჩნდა მაღალყელიანი სასმისის ფორმის საშუალო ზომის ჭურჭელი (სიმაღლე 10–17 სანტიმეტრი), რომელთა ზედაპირი ნაპრიალები გეომეტრიული ორნამენტითაა შემკული დიდი ზომის ჭურჭელი წარმოდგენილია უმთავრესად ცალყურა ხელადებით. მათი ყურები მდიდრულადაა შემკული გეომეტრიული ორნამენტით. ასევე ცხოველების (ცხვარი) და გველის როგორც რელიეფური, ისე ამოკაწრული სახეებით. ორ ჭურჭელზე ნადირობის სცენაა ასახული. გვხვდება სხვადასხვა ზომის ეგრეთ წოდებული შარნებიც.

თიხის ჭურჭელი წვრილმარცვლოვანი თიხისაა, შავად გამომწვარი, ნაპრიალები ზედაპირით. ბევრია უხეშკეციანი კონცენტრული ამოღარული ხაზებით შემკული ჭურჭელი, რომელთა მხარს და ძირის კიდეს ირიბი ნაჭდევები ეგრეთ წოდებული ფრჩხილისეული სახეები ან ზონარისებრი ორნამენტი ამკობს.

ძეგლის სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში წითლად გამომწვარი ჭურჭლის ასიოდე სასმისი აღმოჩნდა , შეიმჩნეოდა ცეცხლის კვალი და ამავე ფორმის რამდენიმე სასმისის დაწოდებული ფრაგენტი. როგორც ჩანს, ჭურჭელმა წითელი ფერი მეორეული გამოწვის შედეგად მიიღო.

გარდა თიხის ჭურჭლისა, მელიღელე I–ის ტერიტორიაზე აღმოჩნდა სარდიონის მძივები, ობსიდიანის ისრისპირები. ბრინჯაოს ბეჭდები, ღილები, სამაჯურები, საკიდები, რამდენიმე მახვილის იმიტაცია, თიხის საბეჭდავები მნათობთა სიმბოლური გამოსახულებებით–ჯვარი, სვასტიკა, სპირალი და სხვები. აღმოჩნდა შიშველი ქალის ქანდაკებებიც. შვიდი–ბრინჯაოსი, ორი–თიხის. თიხის ქანდაკებები ჭურჭლის ყურზეა მიძერწილი. ზოგიერთ მათგანს ნიღაბი უკეთია. ერთს ცხვრის თავი აქვს. ქალის ქანდაკებები ნაყოფიერების სიმბოლოდაა მიჩნეული. მელიღელე I–ის ტერიტორიაზე სულ 86 000 სხვადასხვა ნივთი და ნივთის ფრაგმენტია მოპოვებული. მოედნის ცენტრში შემაღლებულ ნაწილში მიწაზე აღმოჩნდა ინკრუსტირებული გამოსახულებები, ისინი შემდეგნაირადაა შესრულებული: მიწაში ამოდებულია სხვადასხვა სიგანის ღარები, რომლებიც შევსებულია ნაცრითა და ცხვრის დამწვარი ძვლით, რამდენიმე შემთხვევაში ღარებში აღმოჩნდა თიხის პატარა სასმისები და თიხის ჭურჭლის ნატეხები. ამგვარი წესით მიღებულია სხვადასხვა ცხოველისა და ფრინველის სტილიზებული დიდი ზომის გამოსახულებები (სიმაღლე 2 მეტრი).

სამლოცველოზე, სავარაუდოდ, საწესო წეს–ჩვეულებები ძირითადად ღვთაება დიდი დედის პატივსაცემად სრულდებოდა. ამას უნდა მოწმობდეს აქ აღმოჩენილი ქალის მრავალრიცხოვანი ქანდაკებები და ისიც,რომ ნივთებს შორის განსაკუთრებით მრავლადაა ბრინჯაოს ბეჭდები, სარდიონის მძვები და ქალის სხვა სამკაული.მასალა ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ–ეთნოგრაფიულ საცავში.

ლიტერატურარედაქტირება