მაყაშვილების ციხე

მაყაშვილების ციხე — არქიტექტურული ძეგლი სოფელ იყალთოში, ვაკეზე. თარიღდება XVIII საუკუნით.

ციხეს გეგმით სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებით ოდნავ წაგრძელებული ოთხკუთხედის მოხაზულობა აქვს (მიახლოებით ზომები: სამხრეთ-ჩრდილოეთის ღერძზე - 45 მ, აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძზე - 37 მ). ნაგებია რიყის ქვით კირის ხსნარზე. ციხის ოთხივე კუთხეში მდგარა ცილინდრული კოშკი, რომლებიც მთელი კორპუსით გალავნის ფარგლებს გარეთ იყო გასული. კოშკებიდან მხოლოდ სამია შემორჩენილი. ერთი მათგანი ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეშია, ხლო ორი- სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ კუთხეებში. მეოთხე, ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში მდგარი კოშკიდან კვალიც არ დარჩენილა. ჩრდილო აღმოსავლეთ კოშკი კი ორი სართულის სიმაღლეზეა შემორჩენილი, სამხრეთ კუთხეებში მდგარი კოშკებიდან კი მხოლოდ მცირე ნაწილები. გალავნის კედლებიდან აღმოსავლეთისა, თითქმის მთელ სიგრძეზე დგას. დასავლეთის კედლიდან მხოლოდ სამხრეთის ნახევარია შემორჩენილი. დანარჩენი ორი კი თითქმის მთლიანად დანგრეულია. ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთი კოშკი ამჟამად სოფლის ერთ-ერთ მოსახლეს საცხოვრებლად აქვს გამოყენებული. პირველ სართულზე შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარის პირდაპირ ნახევარწრიული, თაღოვანი ბუხარია. კედელში ოთხი კვადრატული ნიშა და ერთი სათოფურია მოწყობილი. შესასვლელის აღმოსავლეთს მცირე, სწორკუთხა ხვრელია რომელიც ღრმად შედის კედელში. კოშკის მეორე სართულის კედელი, პირველი სართულის კედელთან შედარებით დაახლოებით 50 სმ-ით უფრო თხელია რის გამოც მათ საზღვარზე სართულის მთელ პერიმეტრზე, საფეხურია შექმნილი. საფეხურს სართულს შუა გადახურვის, ხის კოჭები ეყრდნობოდა. შესასვლელი ამ სართულსაც ციხის ეზოდან- სამხრეთიდან აქვს. ბუხარი ამ სართულზეცაა-პირველი სართულის ბუხრის ასწვრივ. იგი გეგმით ნახევარწრიულია, თაღოვანი. სართულზე სხვადასხვა დონეზე ცალმაგი და შეწყვილებული სათოფურებია განლაგებული.

ლიტერატურა

რედაქტირება