მატნის ეკლესიებიეკლესიები ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში.

პირველი ეკლესია

რედაქტირება

პირველი ეკლესია მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით ერთ კილომეტრზე ტყეში. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (4,7 X 3 მ), ნაშენია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვითა და კირის დუღაბით. წყობა ირეგულარულია. ძეგლი დაზიანებულია. სახურავზე აყრილია საფარი და ზედ მცენარეულობაა ამოსული. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი თარაზულადაა გადახურული. ეკლესიის დარბაზი რომელიც რამდენადმე სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებითაა წაგრძელებული, აღმოსავლეთით დასრულებულია ნალისებრი აფსიდით, რომლის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. მსგავსი ერთი სარკმელია დასავლეთ კედელში. აფსიდა გადახურულია კონქით, დარბაზი — ცილინდრული კამარით. შიგნიდან ეკლესია შელესილია. გარედან დასავლეთ სარკმელი შირიმის ერთ ქვაშია გამოკვეთილი და ნახევარწრიული თაღი ხურავს. კედლები დასრულებულია შირიმის ერთსაფეხურიანი ლავგარდნით.

მეორე ეკლესია

რედაქტირება

მეორე ეკლესია მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, სასაფლაოზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (8,1 X 6,5 მ), ნაგებია ნატეხი ქვით - ტლანქად. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია სახურავის საფარი და ფასადებზე საპირე წყობის დიდი ნაწილი. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარის ღიობი ზემოთკენ თანდათან ვიწროვდება და ფიცრითაა გადახურული - ბრტყლად. ეკლესიის დარბაზი მოკლეა, აღმოსავლეთით დასრულებულია ღრმა ნახევარწრიული აფსიდით. აბსიდის ღერძზე ბრტყლად გადახურული განიერი სარკმელია. თითო ასეთივე სარკმელია ეკლესიის დანარჩენ კედლებშიც. აბსიდის ჩრდილოეთ ნაწილში სწორკუთხა ნიშია, რომლის ქვემოთ, ოდნავ სამხრეთით, კედელზე, ნახევარცილინდრული ტრაპეზი არის მიშენებული. ერთი მცირე სწორკუთხა ნიში დარბაზის სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილშია. დარბაზი გადახურულია ტლანქად ნაწყობი, შეისრული ფორმის კამარით. საკურთხეველსაც მსგავსი ფორმის კამარა ხურავს, რომელიც აბსიდის კედელთან თანხვედრისას უსწორმასწორო ხაზს ქმნის.

მესამე ეკლესია

რედაქტირება

მესამე ეკლესია დგას სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით ერთ კილომეტრზე, სამტრედოსყელად წოდებულ ადგილზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია გეგმით თითქმის კვადრატულია (4,2 X 3,6 მ), უაფსიდო. ნაგებია რიყის ქვით. მასზე მოგვიანებით დაშენებული სათავსისაგან 0,4 მეტრის სიმაღლის კედლებიღაა შემორჩენილი. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში თითო ვიწრო, ბრტყლად გადახურული სარკმელია. აღმოსავლეთ სარკმლის ქვემოთ და გრძივ კედლებში თითო მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. შიგნით ეკლესია გადახურულია ქარგილების საშუალებით ჩამოსხმული ქვა-დუღაბის კამარით.

მეოთხე ეკლესია

რედაქტირება

მეოთხე ეკლესია მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთით 2 კილომეტრზე, ტყეში. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (5,l X 4,4 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვითა და რიყის ქვით. წყობა ირეგულარულია. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა და კონქის უმეტესი ნაწილი, დანგრეულია კედლების ზედა ნაწილები; შენობა გარედან ხშირი მცენარეულობითაა დაფარული. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი მოზრდილი ზომის ქვიშაქვის ქვით ყოფილა გადახურული, რომელიც შესასვლელის წინ გდია. აღმოსავლეთით, ოდნავ ნალისებრი აბსიდის ღერძზე სარკმლის კვალია შემორჩენილი. აბსიდის სამხრეთ გვერდში მცირე ზომის კვადრატული ნიშია, ხოლო დასავლეთ კედელში — ვიწრო სწორკუთხა სარკმელი. ეკლესიის დასავლეთით ოთხიოდე მეტრზე. გაურკვეველი დანიშნულების ნაგებობების ნანგრევია, რომელიც მთლიანად მცენარეულობითაა დაფარული.

მეხუთე ეკლესია

რედაქტირება

მეხუთე ეკლესია დგას სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით 2 კილომეტრზე, მინდორში, გალავნებად წოდებულ ადგილზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. იგი დარბაზულია (9 X 6,8 მ), ნაგებია თანაბარი ზომის რიყის ქვის სწორხაზოვანი რიგებით. კონსტრუქციულ ადგილებში შირიმის თლილი ქვებია გამოყენებული. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამაროვანი გადახურვა და კედლების ზედა ნაწილები, შემორჩენილი კედლები ბევრ ადგილას გარღვეულია. ეკლესიის შიგნით ხეები და ბუჩქებია ამოსული. შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან ჰქონია. შემორჩენილია წირთხლის მცირე ნაწილი. აღმოსავლეთით ნახევარწრიული ფორმის ღრმა აფსიდაა, რომელიც ღერძზე განგრეულია. აბსიდის გვერდებში გეგმით ოვალური თითო ნიშია, რომელთა თაღები მთლიანად კვადრატული აგურითაა ნაწყობი. ერთი თაღოვანი ნიშია სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში. მის მოპირდაპირედ ჩრდილოეთ კედელი გამონგრეულია და ნიშის მხოლოდ კვალიღაა შემორჩენილი. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში, ერთმანეთის პირდაპირ, შირიმით გამოყვანილი თითო თაღოვანი სარკმელია. ეკლესიას ირგვლივ ევლებოდა დაბალი გალავანი, რომლისგანაც აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლების მცირე ნაწილებია შემორჩენილი.

ლიტერატურა

რედაქტირება