მარშალ ერიკსენი
მარშალ ერიკსენი (ინგლ. Marshal Eriksen) — ამერიკული კომედიური ტელესერიალის „როგორ შევხვდი დედათქვენს“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, სადაც მის როლს ჯეისონ სიგელი ასრულებს. იგი პროფესიით იურისტია და კოლეჯის პერიოდიდან უყვარს ლილი ოლდრინი, რომელზეც 2007 წელს იქორწინა და სამი შვილი შეეძინა. მარშალისა და ლილის ურთიერთობა ინსპირირებულია სერიალის რეჟისორის, კრეგ ტომასისა და მისი ცოლის, რებეკას ურთიერთობიდან.
მარშალ ერიკსენი | |
---|---|
ჯეისონ სიგელი 2011 წელს | |
პირველი გამოჩენა | „პილოტი“ |
ბოლო გამოჩენა | „უკანასკნელად სამუდამოდ“ |
შემქმნელი |
კარტერ ბაისი კრეგ ტომასი |
მსახიობი |
ჯეისონ სიგელი კობი რუვიერი (8 წლის მარშალის როლში) |
ინფორმაცია | |
სქესი | მამრობითი |
ოჯახი |
მარვინ ერიკსენი (მამა) ჯუდი ერიკსენი (დედა) მარკუს ერიკსენი (ძმა) მარტინ ერიკსენი (ძმა) |
მეუღლე(ები) |
ლილი ოლდრინი (ქ. 2007) |
შვილები |
მარვინ ერიკსენი დეიზი ერიკსენი უსახელო მესამე ბავშვი |
საცხოვრებელი | ნიუ-იორკი, აშშ |
ეროვნება | ნორვეგიელ-ამერიკელი |
პერსონაჟის ბიოგრაფია
რედაქტირებამარშალი დაიბადა ქალაქ სენტ-კლაუდში, პენსილვანიის შტატში, აშშ-ში, წარმოშობით ნორვეგიელი ცოლ-ქმრის, მარვინ და ჯუდი ერიკსენების ოჯახში, სადაც მას ორი უფროსი ძმა ჰყავდა. 1996 წელს, სკოლის დასრულების შემდეგ იგი უესლიანის უნივერსიტეტში გადავიდა სასწავლებლად, კონექტიკუტის შტატში, სადაც გაიცნო თავისი საუკეთესო მეგობარი ტედ მოსბი და მთელი ცხოვრების სიყვარული ლილი ოლდრინი. იგი იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა, მაგრამ შუა სწავლისას ტედთან და ლილისთან ერთად ნიუ-იორკში გადასახლდა და მათთან ერთად ერთ ბინაში ცხოვრობდა მანჰეტენზე, სადაც კოლუმბიის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა.
სერიალის საპილოტო სერიაშივე, მარშალმა ლილის ცოლობა სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. იგი მეტად რომანტიკული სულისაა და ძალიან უყვარს ოჯახური ცხოვრება. იგი მინესოტას საფეხბურთო გუნდ „ვიკინგების“ უდიდესი ფანია. მარშალს წარმოსახვაშიც კი უჭირს ლილის ღალატი, რის გამოც იგი მასთან ხანმოკლე დაშორების პერიოდში საშინელ დეპრესიაში ჩავარდა, საიდანაც მხოლოდ მასთან შერიგების შემდეგ გამოვიდა. ლილიმ და მარშალმა მთელი დარჩენილი ცხოვრება ერთად გაატარეს და მათ სამი შვილი შეეძინათ.
ურთიერთობა სხვა პერსონაჟებთან
რედაქტირებალილი ოლდრინი
რედაქტირებამარშალი და ლილი ერთმანეთს კოლეჯის პირველ დღეს შეხვდნენ, როდესაც ლილიმ მას გაფუჭებული რადიოს შეკეთება სთხოვა, რა დროსაც მათ ერთი დანახვით შეუყვარდათ ერთმანეთი, რაც მათი სიცოცხლის ბოლომდე არ შეცვლილა. ისინი ყოველთვის ერთად დადიან და ცალ-ცალკე არასოდეს ჩანან. საბოლოოდ, სერიალის პირველ სერიაში, ცხრაწლიანი თანაცხოვრების შემდეგ მარშალმა ლილის ხელი სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. ამ დროს მარშალი სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი იყო, ლილი კი საბავშვო ბაღის მასწავლებელი. ქორწილამდე სულ ცოტა ხნით ადრე, ლილი მიხვდა, რომ მარშალთან ურთიერთობის გამო მან ვერ აისრულა თავისი ცხოვრების ოცნება: გამხდარიყო მხატვარი და ემოგზაურა ევროპაში. ამის გამო მან ნიშნობა გააუქმა და სან-ფრანცისკოში გადასახლდა ხატვის სასწავლად, თუმცა სამ თვეში უკანვე დაბრუნდა და მარშალს შეურიგდა. მეორე სეზონის ბოლოს შედგა ლილისა და მარშალის ქორწილი. ქორწინების პირველ პერიოდში ისინი ბევრს ფიქრობდნენ გაეჩინათ თუ არა ბავშვი, მაგრამ მეექვსე სეზონის ბოლოს ლილი დაფეხმძიმდება და ვაჟს გააჩენს, რომელსაც მარშალის ახლად გარდაცვლილი მამის პატივსაცემად მარვინი დაარქვეს.
გარდა შეყვარებულებისა და ცოლ-ქმრისა, მარშალი და ლილი ერთმანეთისათვის სულიერი მეგობრები არიან. ისინი პრაქტიკულად ყველაფერს ერთად აკეთებენ და ყველაფერს უყვებიან, მათ შორის იმასაც კი, თუ რა ჭამეს დღის განმავლობაში, სანამ ერთად არ იყვნენ. აღსანიშნავია, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში მათ სექსი მხოლოდ ერთმანეთთან ჰქონიათ. ლილისა და მარშალს მრავალწლიანი ურთიერთობის წყალობით ერთმანეთთან ტელეპატიურად საუბრის უნარი ჩამოუყალიბდათ, რასაც მაშინ იყენებენ, როდესაც ხალხში არიან. მიუხედავად ამისა, მათ შორის დიდი კონფლიქტი მაინც ჩამოვარდა, როდესაც ლილი სამსახურის გამო ერთი წლით იტალიაში გადასახლებას აპირებდა მარშალთან და მარვინთან ერთად, რაზეც მარშალიც დათანხმდა, მაგრამ შემდეგ გეგმები შეცვალა.
სერიალის უკანასკნელი, მეცხრე სეზონის განმავლობაში, როდესაც მხოლოდ ერთი კვირის მოვლენებს აღწერს, მარშალი მარვინთან ერთადაა სტუმრად დედამისთან, საიდანაც უკან ბრუნდება, რათა ლილისთან ერთად დაესწროს თავისი მეგობრების — ბარნი სტინსონისა და რობინ შერბაცკის ქორწინებას. იგი ცდილობდა ლილისათვის ეთქვა, რომ მოსამართლედ დანიშნეს და ქვეყნის დატოვებას ვერ მოახერხებდა, თუმცა ეს მანამდე დედამისმა, ჯუდიმ გააკეთა ტელეფონით. ამან ლილი განარისხა, რასაც მარშალთან ყველაზე დიდი ჩხუბი მოჰყვა, თუმცა საბოლოოდ მაინც შერიგდნენ, რის შემდეგაც გაირკვა, რომ ლილი მეორე ბავშვზე იყო ორსულად. ამის გამო, ლილიმ უარი თქვა იტალიაში წასვლაზე და ოჯახთან ერთად ამერიკაში დარჩა.
სერიალის დასასრულს ლილისა და მარშალს სამი შვილი ჰყავთ: მარვინი, დეიზი და კიდევ ერთი ბავშვი, რომლის სახელიცა და სქესიც უცნობია.
ტედ მოსბი
რედაქტირებამარშალი და ტედი კოლეჯის დროინდელი საუკეთესო მეგობრები არიან, რომელიც წლების მანძილზე ლილისთან ერთად ერთ სახლში ცხოვრობენ. მარშალი და ლილი ტედს თავიანთი ოჯახის ნაწილად და „მესამე მუშკეტერად“ თვლიან. სწორედ ტედი ეხმარებოდა მარშალს იმ დეპრესიიდან გამოსვლაში, რომელშიც მას შემდეგ ჩავარდა, რაც ლილი სან-ფრანცისკოში წავიდა. სხვა მთავარ პერსონაჟებთან ერთად, მთელი სერიალის განმავლობაში მარშალი ტედის გვერდით იმყოფება ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი მომენტისას. ტედი მარშალის ქორწილში მისი მეჯვარე იყო და მოგვიანებით იგივე პატივი მარშალსაც ერგო ტედის ქორწილში.
ბარნი სტინსონი
რედაქტირებამარშალმა და ბარნიმ ერთმანეთი ტედის შუამავლობით გაიცნეს და მიუხედავად რადიკალურად განსხვავებული შეხედულებებისა, ისინი დამეგობრდნენ. ბარნი მდიდარი და მექალთანე კაცია, მარშალი კი მთელი ცხოვრება ერთ ქალთანაა და ხშირად აქვს ფინანსური პრობლემებიც. სხვა პერსონაჟებთან ერთად, მარშალი თითქმის ყოველთვის გაოცებულია ბარნის მატყუარობის, აზარტულობის, წინასწარმეტყველებებისა და უზნეო საქციელების გამო. მიუხედავად ამისა, ბარნიმ დაამტიცა, რომ კარგი მეგობარია. სწორედ ბარნიმ დაარწმუნა ლილი სან-ფრანცისკოდან დაბრუნებასა და მარშალთან შერიგებაში, რა დროსაც იგი ყველანაირად უშლიდა მარშალს ხელს სხვა ქალებთან ურთიერთობის დაწყებაში. ამის გამო იგი მისი და ლილის ქორწილში ტედთან ერთად მეჯვარე იყო. ტედთან, ლილისთან და ტრეისისთან ერთად, მარშალი ესწრებოდა ბარნის ერთადერთი ქალიშვილის დაბადებას.
ბარნისა და მარშალის ურთიერთობაში დიდი ადგილი უკავია „სილის გაწვნას“. თავდაპირველად ის და ბარნი რობინთან დაკავშირებით დანიძლავდნენ, იმ პირობით, რომ დამარცხებული სილას მიიღებდა, ხოლო სილა რომ არ გადაემეტებინათ „სილის მსაჯად“ ლილი დანიშნეს. ბარნიმ, როცა იფიქრა, რომ გაიმარჯვა მარშალს სილა გააწნა, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ცდებოდა, რის გამოც ცრუ სილის გამო ლილიმ დასაჯა ის და მარშალს მისთვის ხუთი სილის გაწვნის ნება დართო, რომელთა გამოყენებათ ნებისმიერ დროს შეეძლო მთელი ცხოვრების მანძილზე. მოგვიანებით, კიდევ ერთი ნიძლავის გამო მარშალს მისთვის კიდევ ორი სილის გაწვნის უფლება მიენიჭა. მარშალმა თავისი კუთვნილი სილები ცხრა სხვადასხვა ეპიზოდში გამოიყენა.
რობინ შერბაცკი
რედაქტირებაისევე როგორც ბარნი, მარშალმა რობინიც ტედის შუამავლობით გაიცნო მაკლარენსის ბარში. მარშალი ხშირად აძლევდა ტედს რჩევებს, თუ როგორ უნდა ემოქმედა რობინთან ურთიერთობაში. მას შემდეგ, რაც გარკვეული მიზეზების გამო რობინი უმუშევარი გახდა, იგი ლილიმ და მარშალმა შეიფარეს თავისთან. ეს მოხდა მეშვიდე სეზონში, როდესაც იგი თავის შეყვარებულ კევინს დაშორდა. მარშალმა რობინს სთხოვა, რომ თავი შეეკავებინა, როცა მიხვდა, რომ ტედს მისდამი გრძნობები კვლავ ჰქონდა. თუმცა, მარშალსა და ლილის სამუდამო ნიძლავი აქვთ, რომ ტედი და რობინი საბოლოოდ ერთად იქნებიან, რომელიც მან 2030 წელს მოიგო, როცა დაქვრივებული ტედი კვლავ რობინს დაუბრუნდა.
მთელი სერიალის განმავლობაში მარშალი თვლის, რომ იგი რობინს იზიდავს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მტკიცებულება და თავად რობინიც საპირისპიროს მეტყველებს. საბოლოოდ, ისინი კარგი მეგობრები არიან. აღსანიშნავია, რომ როდესაც რობინს ნოსტალგია მოაწყვა მშობლიურ კანადასთან დაკავშირებით, იგი მარშალმა თავის მშობლიურ მინესოტურ ბარში წაიყვანა გასართობად.