მარსელ კიპაჩი
მარსელ კიპაჩი ( ხორ. Marcel Kiepach ; დ. 12 თებერვალი , 1894, კრიჟევიცე, კოპრივიჩე-კრიჟევაცა, ხორვატია — გ. 12 აგვისტო, 1915, რუსეთის ფრონტი ) — ხორვატი გამომგონებელი. ამ ვუნდრკინდის ნამუშევრები და გამოგონებები უკავშირდება ელექტრონიკის, მაგნეტიზმის, აკუსტიკის, აუდიო გადაცემის და ტრანსფორმატორების სფეროებს.
მარსელ კიპაჩი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
12 თებერვალი, 1894 კრიჟევიცე, ხორვატია |
გარდაცვალების თარიღი | 12 აგვისტო, 1915 (21 წლის) |
ქვეშევრდომობა | ავსტრია-უნგრეთი |
საქმიანობა | გამომგონებელი |
მარსელ კიპაჩი დაიბადა ხორვატიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ კრიჟევიცეში, რომელიც იმ პერიოდში ავსტრია-უნგრეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო. კიპაჩების კეთილშობილი ოჯახი ქალაქ კრიჟევიცეში XIX საუკუნის დასაწყისში დასახლდა და საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობდა. მომავალი გამომგონებელი ეკონომიკას ბერლინში სწავლობდა, ხოლო ელექტრო ინჟინერიას შარლოტენბურგში ეუფლებოდა .
1910 წლის 16 მარტს, ბერლინში, 16 წლის ასაკში, მარსელმა დააპატენტა საზღვაო კომპასი, რომელიც რკინისა და მაგნიტური ძალების არსებობის მიუხედავად, ჩრდილოეთისკენ იყო მიმართული. 1911 წლის 20 დეკემბერს ლონდონში უკვე გაუმჯობესებული ვერსია დააპატენტა. მეორე ვერსია საზღვაო კომპასის დისტანციურ მოწყობილობას წარმოადგენდა, რომელიც შედგებოდა მაგნიტური ძალების ან მათ უშუალო სიახლოვეს მყოფი არამაგნიტური მასების მიმართ მდგრადი გემის სხვადასხვა ნაწილში განლაგებული საჩვენებელი ინსტრუმენტების დანიშნულების მქონე ამპერმეტრებისგან.
1912 წელს საფრანგეთში ახალგაზრდა გამომგონებელმა დააპატენტა ავტომობილის გასანათებელი დინამო-მანქანა. ეს იყო ერთგვარი ელექტრო გენერატორი, რომელიც შერწყმულია თავად მანქანის მექანიკურ ძრავთან. იმავე წელს მარსელ კიპაჩმა დააპატენტა დენის ჩამრთველი, რომელიც განკუთვნილი იყო რენტგენის აპარატებისთვის. მის მიერ დაპატენტებული დენის ჩამრთველი მუშაობდა გაზის წნევაზე. მარსელ კიპაჩის "პატარა ტრანსფორმატორი" დაბალი ძაბვისთვის ფართოდ გამოიყენებოდა, როგორც "Kipach-Weiland სისტემის" ნაწილი სამთო და სტომატოლოგიურ ნათურებში, მასაჟის ძრავებში და სხვა მოწყობილობებში. მარსელ კიპაჩი დიდ ინტერესს იჩენდა მექანიკისა და ელექტრონიკის სხვადასხვა სფეროების მიმართ, აქტიურად აწარმოებდა მიმოწერას ცნობილ მეცნიერებთან და გამომგონებლებთან.
როდესაც 1914 წლის 28 ივლისს პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, მარსელ კიპაჩი მოხალისედ წავიდა ჯარში.ახალგაზრდა გამომგონებელი დაიღუპა 1915 წელს რუსეთის ფრონტზე 21 წლის ასაკში. მისი ნეშტი 1917 წელს კრიჟევცში გადაასვენეს, სადაც ქალაქის სასაფლაოზე საოჯახო საძვალეში დაასვენეს.
მისი ორი პატენტი მოხვდა დიდ გამოფენაზე "საბუნებისმეტყველო მეცნიერების საუკუნე ხორვატიაში: თეორია და გამოყენება" (1996 წლის ივნისი-ოქტომბერი, კლოვიჩი დვორის გალერეა ). პროფესორმა ვლადიმერ მულევიჩმა 1993 წელს ახალი ტექნოლოგიების მე-4 საერთაშორისო სიმპოზიუმზე წაიკითხა ლექცია გამომგონებელის მუშაობის შესახებ. დღეს კრიჟევციში ფუნქციონირებს მარსელ კიპაჩის სახელობის ინოვაციური საზოგადოება. ქალაქის მუზეუმში დაცულია მრავალი დოკუმენტი და საოჯახო ფოტო. 2004 წელს კრიჟევცში მოეწყო გამოფენა კიპაჩების ოჯახის შესახებ.
ლიტერატურა
რედაქტირება- Zoran Homen Marcel pl. Kiepach - zaboravljeni izumitelj na polju elektrotehnike . Cris, god. VII., br. 1/2005., str. 113—122
- Križevci: Marcel pl. Kiepach. http://www.krizevci.net/hr (Hozzáférés: 2022. máj. 27.)