პატენტი
პატენტი — სახელმწიფოს მიერ გაცემული საბუთი (სიგელი), რომელიც ადასტურებს მისი მფლობელის განსაკუთრებულ უფლებას გამოგონებაზე, რომლის არსიც ის არის, რომ მფლობელს შეუძლია აკრძალოს მისი გამოგონების უნებართვო გამოყენება. პატენტი შეიძლება გაიცეს პროდუქტზე ან ხერხზე (ტექნოლოგიურ პროცესზე). გამოგონებად გაიგება განხორციელებამდე დაყვანილი პროდუქტის ან ხერხის ახალი საგამომგონებლო იდეა. ტერმინი „პატენტი“ მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან patere, რომელიც ნიშნავს „გახსნილად მყოფს“ (ანუ საზოგადოებისთვის მისაწვდომი). აქედან გამომდინარე, პატენტს რომ იურიდიული ძალა ჰქონდეს იგი უნდა გამოქვეყნდეს და იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი. პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლება მოქმედებს შეზღუდული დროით - როგორც წესი 20 წლით პატენტის მისაღებად განაცხადის შეტანის დღიდან. პატენტის გამოყენება ნიშნავს დაპატენტებული გამოგონებისათვის ხორცის შესხმას - თუ პროდუქტია დამნზადებასა და სარგებლობას, მათ შორის, ვაჭრობას და სხვაგვარ კომერციულ გავრცელებას, მაგალითად, იმპორტს ან ექსპორტს. თუ დაპატენტებული გამოგონება ხერხია, მაშინ პატენტის გამოყენება ნიშნავს ხერხის ტექნოლოგიურ პროცესად განხორციელებას, რის შედეგადაც მიიღწევა ამ გამოგონებით დასახული მიზანი, მაგალითად, მზადდება ახალი ან გაუმჯობესებული თვისებების ნაწარმი. ეს ქმედებები მოცულია პატენტის მფლობელის განსაკუთრებული უფლებით მოცული და, შესაბამისად, თუ მისი ნებართვა არ არის მიღებული, მაშინ მას შეუძლია აკრძალოს და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ან სხვაგვარი პასუხისმგებლობის ზომების გატარება, მათ შორის სისხლის სამართლებრივი.პატენტის გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს ისევე, როგორც საპატენტო განსაკუთრებული უფლებების გამოყენებისა და პსუხისმგებლობის ზომებს ადგენს საქართველოს საპატენტო კანონი, რომელიც ძირითადად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებთან, თუმცა მის სრულყოფაზე მუშაობა, განსაკუთრებით, ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის კუთხით ამჟამადაც მიმდინარეობს.
ლიტერატურა
რედაქტირება- დავით ძამუკაშვილი, ინტელექტუალურ უფლებათა სამართალი, თბილისი, „ბონა-კაუზა“, 2014.