მარია ტერეზა ფელიჩიტა დ’ესტე

მარია ტერეზა ფელიჩიტა დ’ესტე (იტალ. Maria Teresa Felicita d'Este, ფრანგ. Marie Thérèse Félicité d'Este; დ. 6 ოქტომბერი, 1726 — გ. 30 აპრილი, 1754) — ესტეს დინასტიის წარმომადგენელი. მოდენის ჰერცოგ ფრანჩესკო III-ისა და შარლოტ აგლაე ორლეანელის ასული. პენტიევრის ჰერცოგ ლუი ჟან მარ დე ბურბონის მეუღლე და საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპ I-ის ბებია.

მარია ტერეზა ფელიჩიტა დ’ესტე
დაბადების თარიღი 6 ოქტომბერი, 1726
მოდენა, იტალია
გარდაცვალების თარიღი 30 აპრილი, 1754, (28 წლის)
იველინი, საფრანგეთი
ეროვნება იტალიელები
წოდება პენტიევრის ჰერცოგინია
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) ლუი ჟან მარი, პენტიევრის ჰერცოგი
შვილ(ებ)ი ლუი ალექსანდრი, ლამბალის პრინცი
მარი ადელაიდა, ორლეანის ჰერცოგინია
მშობლები მამა: ფრანჩესკო III, მოდენას ჰერცოგი
დედა: შარლოტ აგლაე ორლეანელი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მარია ტერეზა ფელიჩიტა დაიბადა 1726 წლის 6 ოქტომბერს ემილია-რომანიაში, მოდენაში. იგი იყო მოდენას ჰერცოგ ფრანჩესკო III-ისა და მისი მეუღლის, შარლოტ აგლაე ორლეანელის ასული. მამის მხრიდან მისი ბებია-პაპა იყვნენ მოდენის ჰერცოგი რინალდო დ'ესტე და კარლოტა ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი, ხოლო დედის მხრიდან ორლეანის ჰერცოგი ფილიპ II და ფრანსუაზ მარი დე ბურბონი. უნდა აღინიშნოს, რომ დედის მხრიდან იგი ასევე იყო საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის შვილიშვილი და ასევე მისი წინაპრები იყვნენ სტიუარტთა და ვიტელსბახთა დინასტიებიდანაც კი.

ფრანჩესკოსა და შარლოტის ცხრა შვილიდან, მარია ტერეზა პირველი დაოჯახდა, თანაც დედის სამშობლოში.

იგი ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის შვილიშვილს, პენტიევრის ჰერცოგ ლუი ჟან მარ დე ბურბონს, რომელთანაც შვიდი შვილი შეეძინა. მათ ძალიან ბედნიერი, თუმცა არც ისე ხანგრძლივი ქორწინება ჰქონდათ. ქორწინებიდან ათ წელიწადში, 1754 წლის 30 აპრილს მარია ტერეზა ფელიჩიტა მეშვიდე მშობიარობას გადაჰყვა, 28 წლის ასაკში. მისი გარდაცვალება ლუი ჟან მარმა იმდენად განიცადა, რომ მეორე ცოლი აღარ შეურთავს და სამუდამოდ დატოვა სამეფო კარი. მოგვიანებით, 1830 წელს მარია ტერეზას შვილიშვილი ლუი ფილიპე საფრანგეთის მეფე გახდა.

  1. ლუი მარი (1746-1749), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  2. ლუი ალექსანდრი (1747-1768), ლამბალის პრინცი, ცოლად შეირთო მარია ტერეზა ლუიზა სავოიელი, თუმცა შვილები არ ჰყოლიათ;
  3. ჟან მარი (1748-1755), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  4. ვინსენტ მარი (1750-1752), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  5. მარი ლუიზი (1751-1753), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  6. მარი ადელაიდა (1753-1821), ცოლად გაჰყვა ორლეანის ჰერცოგ ლუი ფილიპ II-ს, რომელთანაც შეეძინა ექვსი შვილი, მათ შორის საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპ I;
  7. ლუიზ მარი (1754), გარდაიცვალა ჩვილობაში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Genealogie ascendante jusqu'au quatrieme degre inclusivement de tous les Rois et Princes de maisons souveraines de l'Europe actuellement vivans. Bourdeaux: Frederic Guillaume Birnstiel. 1768. p. 86.