ლუი ალექსანდრ დე ბურბონი (1747-1768)

ლუი ალექსანდრ დე ბურბონი (ფრანგ. Louis Alexandre de Bourbon; დ. 6 სექტემბერი, 1747 — გ. 6 მაისი, 1768) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის შვილთაშვილი, პენტიევრის ჰერცოგ ლუი ჟან მარ დე ბურბონისა და მისი მეუღლის, მარია ტერეზა ფელიჩიტა დ’ესტეს უფროსი ვაჟი და ლამბალის პრინცი. გარდაიცვალა ახალგაზრდა და უშვილო, რის გამოც ბურბონთა დინასტიის პენტიევრის შტო სამუდამოდ შეწყდა.

ლუი ალექსანდრ დე ბურბონი
დაბადების თარიღი 6 სექტემბერი, 1747
პარიზი, საფრანგეთი
გარდაცვალების თარიღი 6 მაისი, 1768, (20 წლის)
იველინი, საფრანგეთი
ეროვნება ფრანგები
წოდება პრინცი დე ლამბალი
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) მარია ტერეზა ლუიზა სავოიელი
მშობლები მამა: ლუი ჟან მარი, პენტიევრის ჰერცოგი
დედა: მარია ტერეზა ფელიჩიტა დ’ესტე

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება

ლუი ალექსანდრი დაიბადა 1747 წლის 6 სექტემბერს პარიზში, ტულუზის ოტელში, რომელიც მისი ოჯახის რეზიდენცია იყო. იგი იყო საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის შვილთაშვილის, პენტიევრის ჰერცოგ ლუი ჟან მარ დე ბურბონისა და მისი მეუღლის, მოდენის ჰერცოგ ფრანჩესკო III-ის ასულ მარია ტერეზა ფელიჩიტა დ'ესტეს უფროსი ვაჟი და ტახტის მემკვიდრე. მას სახელი ბაბუის, ტულუზის გრაფ ლუი ალექსანდრ დე ბურბონის პატივსაცემად დაარქვეს, რომელიც ლუი XIV-ისა და მისი საყვარლის, მადამ დე მონტესპანის ნაბოლარა ვაჟი იყო. თავის მხრივ, დედის მხრიდანაც ლუი XIV-ისა და მისი ძმის, ფილიპ I ორლეანელის შთამომავალი იყო, ვინაიდან დედამისის დედა, შარლოტ აგლაე ორლეანელი იყო ორლეანის ჰერცოგ ფილიპ I-ის ვაჟისა და ლუი XIV-ის ქალიშვილის ასული. როგორც მამის მემკვიდრეს, ტახტზე ასვლამდე მიენიჭა პრინცი დე ლამბალის წოდება.

1754 წელს გარდაიცვალა ლუი ალექსანდრის დედა მარია ტერეზა ფელიჩიტა. იგი 28 წლის ასაკში გადაჰყვა მეშვიდე მშობიარობას, რომლის დროსაც მკვდარი ბავშვი დაიბადა. მისმა სიკვდილმა საშინლად იმოქმედა არა მხოლოდ ლამბალსა და მის ერთადერთ უმცროს დაზე, არამედ მათ მამაზეც, რომელსაც ძალიან უყვარდა თავისი მეუღლე. ამის შემდეგ პენტიევრის ოჯახმა დატოვა სამეფო კარი და პარიზში გადასახლდა.

ქორწინება

რედაქტირება

ლუი ალექსანდრის გარდაცვალებასთან ერთად, ფაქტობრივად გაწყდა ალიანსი იტალიასა და საფრანგეთს შორის, ამიტომაც მისთვის ასევე იტალიელი მეუღლის ძიება დაიწყეს, რათა ალიანსი კვლავ აღმსდგარიყო. იგი მალევე დანიშნეს სავოიის პრინცესა მარია ტერეზა ლუიზა სავოიელზე. ლუი ალექსანდრისა და მარია ტერეზა ლუიზას ქორწინება 1767 წლის 27 იანვარს შედგა ტურინში, რომელიც ერთი კვირის მანძილზე აღინიშნებოდა. ცნობილია, რომ ლუი ალექსანდრი საცოლეს თავდაპირველად უბრალო გვარდიელის კოსტიუმში გადაცმული გაეცნო და პრინცი დე ლამბალის სახელით თაიგული მიართვა. მას სურდა, რომ ყოველგვარი ცერემონიის გარეშე ეხილა თავისი მომავალი მეუღლე, რომელიც მას დანახვისთანავე შეუყვარდა. შემდგომში პრინცესა დიდად გაოცებული დარჩა, როდესაც შეიტყო, რომ მისი საქმრო სწორედ ის თავმდაბალი გვარდიელი იყო. მარია ტერეზა საოცარი სილამაზით, მხიარული ხასიათითა და ნიჭიერებით გამოირჩეოდა. ცნობილია, რომ წყვილს ერთმანეთი მალევე შეუყვარდა და საფრანგეთში დაბრუნებამდე მარია ტერეზას მამის მფლობელობაში მყოფ ერთ-ერთ სასახლეში გაატარეს თაფლობის თვე.

პრინცესა მარია ტერეზა ლუიზა იყო კარინანის პრინც ლუდოვიკო ვიტორიო სავოიელისა და მისი გერმანელი ცოლის, კრისტინა ჰენრიეტა ჰესენ-როტენბურგელის ქალიშვილი. სამთვიანი ბედნიერი თანაცხოვრების შემდეგ, ლუი ალექსანდრი დაიღალა მხოლოდ თავის ახალგაზრდა ცოლთან ყოფნით და მასთან ერთად საფრანგეთის სამეფო კარზე დაბრუნდა. ლუი ალექსანდრმა მალევე გააბა ხუთთვიანი რომანი მადმუაზელ დე ლა შაზაინესთან. ერთხელ მან თავისი ცოლის მარგალიტებიც კი გაყიდა, რათა ვალები გაესტუმრებინა.

გარდაცვალება

რედაქტირება

ქორწინებიდან სულ თექვსმეტ თვეში, 1768 წლის 6 მაისს, 20 წლის ლუი ალექსანდრი ვენერიული დაავადებებით გარდაიცვალა იველინში, ვერსალთან ახლოს. მთავარი კი ისაა, რომ იგი ისე დაიღუპა, რომ შვილების დატოვება ვერ მოასწრო, რამაც ბურბონთა დინასტიის პენტიევრის შტოს შეწყვეტა გამოიწვია. იგი დაკრძალეს შატო დე რამბუილეტში. 1792 წელს ფრანგმა რევოლუციონერებმა მოკლეს პრინცესა დე ლამბალი, 1793 წელს კი ლუი ალექსანდრის მამაც გარდაიცვალა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Baron Barclay de Latour, Jean Léon Barclay Dupuy (1967). Paradoxe de la Noblesse française (in French). in collaboration with Joseph Schermack. Paris: Éditions Émile-Paul. p. 100.
  • Lenotre, G., Le Château de Rambouillet, six siècles d'histoire, Calman-Lévy, Paris, 1930, reedited by Denoël, Paris, 1984, chapt. Le prince des pauvres
  • de Decker, Michel, La Princesse de Lamballe, mourir pour la reine, Librairie académique Perrin, Paris, 1979
  • Full text of Madame de Lamballe; Bertin. Georges, 1901, New York, GODFREY A. S. WIENERS
  • G. Lenotre, Le Château de Rambouillet, six siècles d'histoire, Calmann-Lévy, Paris, 1930, reprint: Denoël, Paris, 1984, (215 pages), chapter 5: Le prince des pauvres, pp. 78–79