მარია ტერეზა ლუიზა სავოიელი

მარია ტერეზა ლუიზა სავოიელი (იტალ. Maria Teresa Luisa di Savoia, ფრანგ. Marie Thérèse Louise de Savoie; დ. 8 სექტემბერი, 1749 — გ. 3 სექტემბერი, 1792) — სავოიელთა დინასტიის კარინანოს შტოს წარმომადგენელი. კარინანოს პრინც ლუიჯი ვიტორიოსა და მისი მეუღლის, კრისტინა ჰენრიეტა ჰესენ-როტენბურგელის ქალიშვილი. 17 წლის ასაკში ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის შვილთაშვილ ლუი ალექსანდრ დე ბურბონს, პრინც დე ლამბალს, რომელიც ქორწილიდან ერთ წელიწადში დაიღუპა უშვილოდ. ამის შემდეგ იგი ძალიან დაუახლოვდა საფრანგეთის დედოფალ მარია ანტუანეტა ავსტრიელს, რომლის მისდამი ერთგულებამაც საბოლოოდ ფრანგი რევოლუციონერების განრისხება და 1792 წელს პრინცესა დე ლამბალის პარიზის ქუჩაში მოკვლა გამოიწვია.

მარია ტერეზა ლუიზა სავოიელი
დაბადების თარიღი 8 სექტემბერი, 1749
ტურინი, სავოია
გარდაცვალების თარიღი 3 სექტემბერი, 1792, (42 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
ეროვნება იტალიელები
წოდება პრინცესა დე ლამბალი
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) ლუი ალექსანდრი, პრინცი დე ლამბალი
მშობლები მამა: ლუიჯი ვიტორიო, კარინანოს პრინცი
დედა: კრისტინა ჰენრიეტა ჰესენ-როტენბურგელი
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბავშვობა და ახალგაზრდობა

რედაქტირება

მარია ტერეზა ლუიზა სავოიელი დაიბადა 1749 წლის 8 სექტემბერს ტურინში. იგი იყო კარინანოს პრინც ლუიჯი ვიტორიოსა და მისი გერმანელი მეუღლის, ჰესენ-როტენბურგის ლანდგრაფ ერნესტ ლეოპოლდის ასულ კრისტინა ჰენრიეტა ჰესენ-როტენბურგელის ქალიშვილი. პატარა პრინცესა ტურინის სამეფო სასახლეში, მშვიდ და მდიდრულ გარემოში იზრდებოდა. იგი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა განსაკუთრებულად მშვიდი ბუნებითა და საოცრად ლამაზი გარეგნობით. სწორედ ამტიტომ, საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის შვილიშვილმა, პენრიევრის ჰერცოგმა ლუი ჟან მარ დე ბურბონმა თავისი ვაჟი ლუი ალექსანდრი აიძულა მარია ტერეზაზე დაქორწინებულიყო. ცნობილია, რომ ლუი ალექსანდრს ამ დროს უამრავი საყვარელი ჰყავდა, დაწყებული მეძავებით, დამთავრებული არისტოკრატი ქალბატონებით.

ცხოვრება ვერსალში

რედაქტირება
 
პრინცესა დე ლაბმალი 1788 წელს

1767 წელს მარია ტერეზა ლუიზა ცოლად გაჰყვა ლამბალის პრინც ლუი ალექსანდრ დე ბურბონს. ლუი ალექსანდრის მამა, პენტიევრის ჰერცოგი ლუი ჟან მარი იყო საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ისა და მისი საყვარლის, მადამ დე მონტესპანის ნაბოლარა შვილის, ტულუზის გრაფ ლუი ალექსანდრის (ვის პატივსაცემადაც დაარქვეს ლამბალის პრინცს სახელი) ვაჟი. მართალია ქორწინების პირველი სამი თვე წყვილი ძალიან ბედნიერად ცხოვრობდა, თუმცა პრინცს მალევე მოჰბეზრდა თავისი ახალგაზრდა ცოლი და მისი ღალატი დაიწყო. მარია ტერეზას ერთერდერთი დამცველი მისივე მამამთილი იყო, რომელიც თავის ვაჟს ცოლის ერთგულებისა და პატივისცემისაკენ მოუწოდებდა, თუმცა ამაოდ. ამ პერიოდში, პრინცესა დე ლამბალი ძალიან სევდიანი და დეპრესიული იყო.

1768 წლის 6 მაისს მისი ქმარი ლუი ალექსანდრი ვენერიული დაავადებით გარდაიცვალა 20 წლის ასაკში, ისე, რომ შვილები არ დარჩენია. პირველი ქორწინებით იმედგაცრუებულმა პრინცესა დე ლამბალმა მეორე ქორწინებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. იგი კვლავ ვერსალის სამეფო კარზე რჩებოდა თავის მამამთილთან და მულთან ერთად, სადაც იგი უამრავ რელიგიურ და საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა.

იმისათვის, რომ მას პრინცესა დე ლამბალის წოდება და შემოსავალი არ დაეკარგა, არ უნდა გათხოვილიყო, თუმცა არსებობს ჭორები იმის თაობაზე, რომ მას რომანი ჰქონდა მონსინიორ დე ვაპულიერთან, რომელიც მკვლელობამდე გრძელდებოდა.

1770 წლიდან იგი ძალიან დაუახლოვდა საფრანგეთის დოფინ მარია ანტუანეტა ავსტრიელს, რომელიც მომავალი მეფის, ლუი XVI-ის მეუღლე იყო. ამ შემთხვევაში, საფრანგეთში ჩასული ავსტრიელისათვის სრულიად ფრანგებს წარმოადგენდა სწორედ პრინცესა დე ლამბალი, რომელსაც მისთვის სამეფო კარის წესებისა და ტრადიციების სწავლება დაევალა. მარია ტერეზამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა დოფინზე. 1771 წლიდან იგი უკვე მარია ანტუანეტას უახლოესი მეგობარი გახდა, როგორც ცნობილია, დოფინი მას ყველაფერს უყვებოდა და უზიარებდა, მისი და მისი ქმრის ინტიმური ცხოვრების ჩათვლით.

1775 წლიდან, როდესაც მარია ანტუანეტა უკვე საფრანგეთის დედოფალი გახდა, პრინცესა დე ლამბალი დედოფლის სახლის დიასახლისად დაინიშნა, რომელსაც ევალებოდა ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზება და დედოფლის გართობაზე ზრუნვა. მარია ანტუანეტას და მარია ტერეზას ზუსტად ერთნაირი ხასიათი ჰქონდათ, რაც მათი მჭიდრო მეგობრობის საწინდარი გახდა. სწორედ ამიტომ, ხალხს დედოფლის მსგავსად პრინცესა დე ლამბალიც ძალიან შესძულდა. მალევე დედოფლისა და პრინცესის სამეგობრო წრეს კიდევ ერთი ქალბატონი — ჰერცოგინია დე პოლინიაკიც დაემატა. მართალია თავად მარია ანტუანეტა არ იმჩნევდა და არც არაფერს ამბობდა, თუმცა უკვე ნათელი გახდა, რომ ახლა უკვე პოლინიაკი გახდა დედოფლის საყვარელი და უახლოესი მეგობარი. ამ დროს, პრინცესამ დროებით სამეფო კარის დატოვება და მოგზაურობა გადაწყვიტა. მან თავის მამამთილთან ერთად, რომელთანაც შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა, იმოგზაურა ნიდერლანდებში, ამის შემდეგ კი ბრეტანში, კერძოდ რენში. დაბრუნების შემდეგ მარია ტერეზა უკვე აქტიურად ჩაება საქველმოქმედო საქმიანობებში და 1777 წელს საკუთარი საქველმოქმედო ფონდიც კი დააარსა.

1789 წელს დედოფლისა და მეფის მიერ განხორციელებული უამრავი საშინელი შეცდომის გამო, საფრანგეთში რევოლუცია დაიწყო. მას შემდეგ, რაც რევოლუციონერებმა ბასტილიის ციხე აიღეს, პრინცესა დე ლამბალი სხვა ბევრი ფრანგი დიდგვაროვნის მსგავსად ქვეყნიდან გაიქცა და გრაფ-გრაფინია დ'არტუებთან ერთად თავი მშობლიურ სავოიას შეაფარა.

 
პრინცესა დე ლამბალი

მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე უსაფრთხოდ იყო, ფიქრს მაინც არ წყვეტდა, თუ როგორ დახმარებოდა და გადაერჩინა თავისი საყვარელი მეგობარი მარია ანტუანეტა, რომელიც ჯერ კიდევ საფრანგეთში იყო, რადგანაც ის და მეფე ლუი XVI ინგლისში გაქცევის მცდელობისას მესაზღვრეებმა იცნეს და დააპატიმრეს. მარია ტერეზამ მთელს ევროპაში დაიწყო მოგზაურობა, რათა მოკავშირეები შეეძინა და დედოფალი დაეხსნა, თუმცა ამაოდ, რის შემდეგაც იგი მარტო დაბრუნდა საფრანგეთში.

რევოლუცია

რედაქტირება

1789 წლის 5/6 ოქტომბერს სამეფო ოჯახი ვერსალიდან იძულებით გადაასახლეს პარიზში, სადაც მათ მათი ერთგული პრინცესა დე ლამბალიც შეუერთდა. 1791 წელს დედოფალმა პრინცესას შეატყობინა, რომ კვლავ აპირებდნენ გაქცევას და მათთან ერთად წასვლა შესთავაზა, თუმცა რევოლუციონერებმა 20 ივნისს მეფე-დედოფალი კვლავ დაიჭირეს. ამ ამბით შეწუხებულმა მარია ტერეზამ ინგლისის მეფე-დედოფალს, ჯორჯ III-სა და შარლოტა მეკლენბურგელს დახმარებითმიმართა, რომლებიც ლუი XVI-ისა და მარია ანტუანეტას მეგობრები და მოკავშირეები იყვნენ, თუმცა ამაოდ. დედოფალ შარლოტას უკვე მზად ჰქონდა საფრანგეთის მეფე-დედოფლისათვის სასახლე და ძვირფასეულობა და ელოდებოდა კიდეც მათ, თუმცა გაცევაში დახმარებას არ აპირებდა. ამრიგად მარია ანტუანეტა და ლუი XVI რევოლუციონერთა პატიმრები გახდნენ. მალევე დედოფალმა და პრინცესამ გაქცევის ახალი გეგმა შეიმუშავეს, რომლის მიხედვითაც ისინი ჯერ ლიეჟში, იქიდან კი ბრიუსელში ჩავიდოდნენ. პრინცესა დე ლამბალმა აახენში, სპასა და სხვა ბელგიურ ქალაქებში თავისიანები გააგზავნა, ვინც ბურბონთა სამეფო ოჯახს დაეხმარებოდა.

ჩვენამდე მოღწეულია ორი ახლო მეგობრის: დედოფალ მარია ანტუანეტასა და პრინცესა მარია ტერეზას მიმოწერა, სადაც მარია ანტუანეტა იწერებოდა, რომ თუ მას პარიზში დააბრუნებდნენ მალევე მოჰკლავდნენ კიდეც. ეს უკანასკნელი კი ყველაფერს აკეთებდა, რათა როგორმე პარიზში არ დაბრუნებულიყვნენ სადაც რევოლუციის ცენტრი იყო და ერთი კაციც აღარ მოიძებნებოდა, ვინც მეფეს მხარს დაუჭერდა.

ტრაგიკული გარდაცვალება

რედაქტირება

1792 წლის 10 აგვისტოს ეროვნული ასამბლეის წევრები აბობოქრებული ხალხის ბრბოსთან ერთად შეიჭრნენ სამეფო სასახლეში და პრინცესა დე ლამბალი სამეფო ოჯახის სხვა წევრებთან ერთად დააპატიმრეს, 13 აგვისტოს კი ისინი უკვე ნამდვილ სატუსაღოებში გამოკეტეს. დედოფალმა მარია ანტუანეტამ უკანასკნელი წერილის გაგზავნა მაინც მოახერხა თავის მულ ელიზაბეტთან, რომელმაც მეფე-დედოფლის შვილებთან ერთად საფრანგეთიდან გაქცევა მოასწრო.

 
პრინცესა დე ლამბალის მკვლელობა

1792 წლის 19 აგვისტოს დატყვევებული სამეფო ოჯახის წევრები სხვადასხვა საპატიმროებში გადაიყვანეს, რა დროსაც მარია ტერეზა ლუიზამ უკანასკნელად ნახა თავისი საყვარელი მარია ანტუანეტა და დაემშვიდობა მას.

1792 წლის სექტემბრიდან პარიზში დაიწყო საშინელი ტერორი და ხოცვა-ჟლეტა, რაც ისტორიაში ცნობილია "სექტემბრის ხოცვის" სახელით. გავრცელებული ინფორმაციით, ხალხის შეიარაღებული და აბობოქრებული ბრბო თავს დაესხა პარიზის ციხეებს, სადაც ამ დროს ფრანგი არისტოკრატები იყვნენ გამოკეტილნი. ისინი განსაკუთრებულად დედოფლისა და პრინცესის საპოვნელად იბრძოდნენ და ციხის დაცვასაც კი სასტიკად კლავდნენ იქ შესასვლელად. ხალხს პრინცესა დე ლამბალი ძალიან სძულდა, რაც მისი დედოფლისადმი ერთგულებითა და ახლო ურთიერთობით იყო გამოწვეული.

ხალხმა პრინცესა ციხის ეზოში გამოათრიეს და მისი მოკვლა განიზრახეს, თუმცა არა პირდაპირ, არამედ წამებით. მათ მისი გამოსახულების მსგავსი თოჯინაც კი ჰქონდათ გაკეთებული, რომელიც მისსავე თვალწინ დაწვეს. დანებითა და ჩირაღდნებით შეიარაღებულმა რევოლუციონერებმა პრინცესას თავიდან პარიკი მოგლიჯეს, რის გამოც მას თავისი ქერა თმა ჩამოეშალა. ასევე შემოახიეს ტანსაცმელი და სრულიად შიშველი გაათრიეს ტროტუარზე. იგი ფეხებით წაათრიეს იმ საპატიმროს ფანჯრებთან, სადაც მარია ანტუანეტა იყო გამოკეტილი და მის ქვეშ დააგდეს. ამის დამნახველი დედოფალი საშინლად განრისხდა. მოგვიანებით მარია ანტუანეტას ქალიშვილი მარი ტერეზ შარლოტი ამ ამბავზე წერდა: "ჩემს სიცოცხლეში პირველად ვნახე კონტროლდაკარგული დედაჩემი..."

1792 წლის 3 სექტემბერს პრინცესა დე ლამბალი მრავლობითი ჭრილობებისა და შუბლში ნასროლი ტყვიისაგან გარდაიცვალა, 42 წლის ასაკში. ამავე დღის საღამოს მის საშველად ჩავიდა მისი მამამთილიც, ჰერცოგი დე პენტიევრი, რომელსაც სულ რამდენიმე საათით დააგვიანდა. ცნობილია, რომ ასე მოკლული და შემდეგ ქუჩაში დაგდებული რძლის დანახვაზე ჰერცოგი მუხლებზეც კი დაემხო. მან მისი ცხედარი ჩუმად გადაასვენა და დაკრძალა მის საყვარელ ვერნოს სასახლის ვარდების ბაღში.

1929 წელს პაპმა პიუს IX-მ პრინცესა დე ლამბალი მოწამედ გამოაცხადა, თუმცა წმინდანად არ შეურაცხავს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Madame Campan, La vita segreta di Maria Antonietta, Roma, Newton Compton, 2006, ISBN 88-541-0785-9.
  • André Castelot, Maria Antonietta, Milano, Fabbri Editori, 2000, ISBN 978-88-17-11923-8.
  • Benedetta Craveri, Amanti e regine. Il potere delle donne, Milano, Adelphi, 2008, ISBN 978-88-459-2302-9.
  • (FR) Michel de Decker, La Princesse de Lamballe, Parigi, Perrin, 1979, ISBN 978-2-262-00156-8.
  • Carolly Erickson, Maria Antonietta, Milano, Mondadori, 1997, ISBN 88-04-43662-X.
  • Antonia Fraser, Maria Antonietta - La solitudine di una regina, Milano, Mondadori, 2003, ISBN 88-04-50677-6.
  • Cesare Giardini, I processi di Luigi XVI e Maria Antonietta (1793), Verona, Mondadori, 1934.
  • Joan Haslip, Maria Antonietta, Milano, Longanesi, 1999, ISBN 88-304-0876-X.
  • Evelyne Lever, Maria Antonietta - L'ultima regina, Milano, BUR Biografie, 2007, ISBN 978-88-17-00940-9.
  • Antonio Spinosa, Luigi XVI - L'ultimo sole di Versailles, Milano, Mondadori, 2008, ISBN 978-88-04-58134-5.
  • (FR) Alain Vircondelet, La princesse de Lamballe, Parigi, Flammarion, 1995, ISBN 978-2-08-068909-2.
  • Stefan Zweig, Maria Antonietta - Una vita involontariamente eroica, Verona, Mondadori, 1948.