მარია პორტუგალიელი (1521-1577)

მარია პორტუგალიელი (პორტ. Maria de Portugal; დ. 18 ივნისი, 1521 — გ. 10 ოქტომბერი, 1577) — ავისის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე მანუელ I-ისა და დედოფალ ელეონორ ავსტრიელის ნაბოლარა შვილი. ძმასთან, მეფე ჟუან III-თან ახლო ურთიერთობამ მარია ევროპის ერთ-ერთ უმდიდრეს ქალად აქცია. იგი გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო.

მარია პორტუგალიელი
წოდებები
ვიზეუს ჰერცოგინია
დაიბადა 18 ივნისი, 1521
ლისაბონი, პორტუგალია
გარდაიცვალა 10 ოქტომბერი, 1577, (56 წლის)
ლისაბონი, პორტუგალია
საგვარეულო ავისები
მამა მანუელ I, პორტუგალიის მეფე
დედა ელეონორ ავსტრიელი
რელიგია კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება

მარია დაიბადა 1521 წლის 18 ივნისს ლისაბონში. იგი იყო პორტუგალიის მეფე მანუელ I-ისა და მისი მესამე ცოლის, დედოფალ ელეონორ ავსტრიელის ნაბოლარა ქალიშვილი. მამამისისათვის იგი მეცამეტე და ნაბოლარა შვილი იყო, დედისათვის კი პირველი და უკანასკნელი. მისი დაბადებიდან რამდენიმე თვეში, 1521 წლის 13 დეკემბერს მამამისი გარდაიცვალა და ტახტზე მისი ნახევარ-ძმა, მეფე ჟუან III ავიდა, რომელსაც ცოლად მარიას დეიდა, ეკატერინე ავსტრიელი ჰყავდა. მარიას დედა, დედოფალი ელეონორი ძმის, საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-ის მიწვევით ჩავიდა ვენაში და სამუდამოდ დატოვა ლისაბონი, რის შემდეგაც მას თავისი ქალიშვილი აღარასდროს უნახავს.

 
მარია 1540 წელს

1530 წელს ელეონორ ავსტრიელი ცოლად საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ს გაჰყვა, რომელიც ასევე დაქვრივებული და მრავალშვილიანი კაცი იყო. პორტუგალიაში დარჩენილი მარია თავისი ნახევარ-ძმისა და მისი ცოლის მეთვალყურეობით იზრდებოდა.

საქორწინო მოლაპარაკებები

რედაქტირება

1537 წელს მარია თავის დეიდაშვილ კრისტინა დანიელთან ერთად, რომელიც მილანის ჰერცოგის ქვრივი იყო, განიხილებოდა მესამედ დაქვრივებული ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ის მეოთხე საცოლედ. ელჩები ჰენრისათვის შესაფერის საცოლედ უფრო კრისტინას მიიჩნევდნენ, რადგან მარია მათ ვერცერთ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებდა. ამის შემდეგ იგი განიხილებოდა თავისი ნახევარ-დის შვილის, ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის საცოლედ, მაგრამ იგი მოგვიანებით ჟუან III-ის ასულ მარია მანუელაზე დაქორწინდა. მარია მანუელა 1545 წელს მშობიარობას გადაჰყვა, 1549 წლიდან კი ფილიპესა და მარიას საქორწინო მოლაპარაკებები სერიოზულად განაახლა უკვე ბრიუსელში მცხოვრებმა და მეორედ დაქვრივებულმა ელეონორ ავსტრიელმა. თუმცა, ეს მოლაპარაკებები მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ინგლისის ტახტი მერი I-მა დაიკავა, რა დროსაც კარლ V-მ თავისი ვაჟი ინგლისის დედოფალზე დააქორწინა.

დარჩენილი ცხოვრება

რედაქტირება

1556 წელს ელეონორ ავსტრიელი თავის დაქვრივებულ დასთან, მარია ავსტრიელთან ერთად ესპანეთში დაბრუნდა და მონასტერში დასახლდა. 1558 წელს, პორტუგალია-ესპანეთის საზღვართან ახლოს, ბადახოსში მარია და ელეონორა ერთმანეთს კვლავ შეხვდნენ. მათ ამ დროისთვის 28 წელი არ ენახათ ერთმანეთი და ეს ბოლო შემთხვევა იყო, როდა დედა-შვილი ერთმანეთს შეხვდა. შეხვედრისას ელეონორმა მარიას მასთან გადასვლა სთხოვა, რაზეც შვილისაგან თანხმობა მიიღო. მარია თავისი ნივთების წამოსაღებად და ოჯახთან დასამშვიდობებლად ჩავიდა ლისაბონში, რასაც რამდენიმე კვირა დასჭირდა, ამასობაში კი 1558 წლის 25 თებერვალს ელეონორი გარდაიცვალა.

მარია გარდაიცვალა 1577 წლის 10 ოქტომბერს, 56 წლის ასაკში, ლისაბონში. იგი იქვეა დაკრძალული.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Kendall W. Brown: Maria de Portugal (1521–1577). In: Anne Commire (Hrsg.): Women in World History. Bd. 10, 2001, ISBN 0-7876-4069-7, S. 326
  • Maria (D.), Infanta de Portugal, in: Portugal – Dicionário Histórico, Corográfico, Heráldico, Biográfico, Bibliográfico, Numismático e Artístico, Bd. 4, S. 825–827
  • Peter Pierson: Philipp II., englische Originalausgabe London 1975, deutsche Ausgabe bei Verlag Styria 1985, ISBN 3-222-11593-1, S. 147.
  • Ursula Tamussino: Maria von Ungarn, 1998, ISBN 3-222-12641-0, S. 278 f.