მარია თემრიუკის ასული
მარია თემრიუკოვნა (რუს. Мари́я Темрюко́вна; დ. 1544, ყაბარდია — გ. 1 სექტემბერი, 1569, ალექსანდროვი, რუსეთი) ― ჩერქეზი-ყაბარდოელი წარჩინებული პრინცესა, მთავარ თემრიუკის ასული. რუსეთის ცარიცა 1561-1569 წლებში, როგორც ივანე IV მრისხანეს მეორე ცოლი.
მარია თემრიუკოვნა | |
---|---|
რუსეთის ცარიცა | |
მმართ. დასაწყისი: | 21 აგვისტო, 1561 |
მმართ. დასასრული: | 1 სექტემბერი, 1569 |
წინამორბედი: | ანასტასია რომანოვნა |
მემკვიდრე: | მართა სობაკინა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1544 |
დაბ. ადგილი: | ყაბარდია |
გარდ. თარიღი: | 1 სექტემბერი, 1569, (25 წლის) |
გარდ. ადგილი: | ალექსანდროვი, რუსეთი |
მეუღლე: | ივანე IV, რუსეთის ცარი |
შვილები: | ცარევიჩი ვასილ ივანოვიჩი |
დინასტია: | რიურიკოვიჩები (ქორწინებით) |
მამა: | თემრიუკ ყაბარდიელი |
რელიგია: |
ჯერ ისლამი შემდეგ მართლმადიდებლობა |
ბიოგრაფია
რედაქტირებამარია დაიბადა 1544 წელს ყაბარდიის სამთავროში. მამამისი ერთ-ერთი მთავარი ყაბარდოელ-ჩერქეზი დიდებულის, თემრიუკი იყო. მარიას დედის ვინაობა უცნობია. აღსანიშნავია ისიც, რომ გათხოვებამდე მას კოჩენაი ბინტ თეიმური ერქვა.
მამამისი, როგორც ყაბარდოელთა ლიდერი, რომელსაც გამუდმებით უხდებოდა ყირიმელი და ნოღაელი თათრების შემოსევების მოგერიება, განსაკუთრებით დაუახლოვდა იმავე პრობლემის მქონე რუსეთის ცარ ივანე IV მრისხანეს. უკვე მას შემდეგ, რაც 1560 წლის 7 აგვისტოს ივანეს პირველი ცოლი, ცარიცა ანასტასია რომანოვნა გარდაიცვალა, თემრიუკმა გადაწყვიტა, რომ რუსეთთან კავშირი დინასტიური ქორწინებით უნდა გაემყარებინა, ამიტომაც თავისი ასული მოსკოვში გააგზავნა, რათა ცარს გაჰყოლოდა ცოლად.
მთავარი პრობლემა ის იყო, რომ, როგორც რუსული ფოლკლორიც მოგვითხრობს, ცარიცა ანასტასიამ გარდაცვალებამდე ქმარი მკაცრად გააფრთხილა, რომ წარმართზე არ ექორწინა. მიუხედავად ამისა, მარიას გარეგნობით მოხიბლულმა ივანემ მასზე ქორწინება მალევე მოისურვა, თუმცა არც პირველი ცოლის ანდერძი დაარღვია და ქორწილამდე მარია მართლმადიდებლად მონათლა. სწორედ ამ დროს ეწოდა მას მარია.
უკვე 1561 წლის 21 აგვისტოს, როდესაც წინამორბედი დედოფლის წლისთავიც გავიდა, ცარმა მარია თემრიუკოვნაზე იქორწინა, რითაც იგი რუსეთის ახალი ცარიცა გახდა. ამ დროს ივანე 31 წლის იყო, ხოლო მარია დაახლოებით 16/17-ის. ქორწინება სამეფო სასახლეში მხოლოდ მას შემდეგ შედგა, რაც ივანესა და პოლონეთის პრინცესა კატარინა იაგელონას შორის საქორწინო მოლაპარაკებები ჩაიშალა, რის შემდეგაც კატარინა შვედეთის მეფეზე დაქორწინდა.
ივანემ მალევე ძალიან ინანა მარიაზე დაქორწინება. როგორც აღმოჩნდა, ყაბარდიაში უბრალოდ აღზრდილმა მარიამ არ იცოდა წერა-კითხვა, არც დედოფლის შესაფერისი სამეფო მანერები ჰქონდა და ამასთან, ერთობ ფიცხი და შურისმაძიებელი იყო. იგი ვერასოდეს შეერწყა ბოლომდე მოსკოვურ ცხოვრების წესს და დიდად არც ივანეს ძეების, ივანესა და ფიოდორის დედინაცვლობით გამოირჩეოდა. 1563 წლის 21 მარტს თავად მარიამაც გააჩინა ვაჟი, რომელსაც მისი განსვენებული მამამთილის პატივსაცემად ვასილი დაარქვეს, თუმცა იგი იმავე წლის 3 მაისს გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ დედოფალი მარია სძულდათ მის ქვეშევრდომებს, რამეთუ მათი აზრით, იგი მანიპულატორი და ჯადოქარი იყო. მრავალი ისტორიკოსის მტკიცებით, სწორედ მარიამ უბიძგა თავის ქმარს, 1565 წელს ოპრიჩნიკის ჩამოყალიბებისაკენ[1].
1569 წელს მარია თემრიუკოვნა მრუშობაში იქნა ბრალდებული და მხილებული, რის გამოც იგი სასახლიდან გააძევეს. დედოფალი მარია 1569 წლის 1 სექტემბერს, ალექსანდროვში გარდაიცვალა 25 წლის ასაკში. მართალია, ივანეს ეს არასოდეს უღიარებია, თუმცა ბევრი სწორედ მას ადანაშაულებდა ახალგაზრდა მარიას მოწამვლაში.
კულტურული ასახვა
რედაქტირება2009 წელს პავლე ლუნგინის მიერ გადაღებულ რუსულ ფილმში „ცარი“ მარია ერთ-ერთი აქტიური პერსონაჟია და მის როლს მსახიობი რამილია ისქანდერი ასრულებს. მის ცხოვრებას მიუძღვნა წიგნი „ცარიცას ცხოვრება“ გერმანელმა მწერალმა ჰაინრიხ კონსალიკმა. იგი ასევე ფიგურირებს გიორგი ბიზეტის ოპერაში „ივანე IV“.
ლიტერატურა
რედაქტირება- Troyat, Henri Ivan le Terrible. Flammarion, Paris, 1982
- de Madariaga, Isabel Ivan the Terrible. Giulio Einaudi editore, 2005
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ისტორიაში ცნობილი დიდებული და ყველაზე სასტიკი ქმრები (26-10-2021)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ A. P. Pavlov and Maureen Perrie (August 2003). "Ivan the Terrible". Pearson Education. pp. 116–7.