მანასეურის საცხოვრებელი სახლი
მანასეურის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი, დგას დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მანასეურის ცენტრალურ ნაწილში, მთის ფერდობზე. განეკუთვნება XIX საუკუნეს. ეკუთვნის მ. კეკიშვილს. სახლი ორსართულიანია, ნაგებია ნატეხი ქვით. პირველ სართულს სამხრეთით სწორკუთხა კარი და ერთი სარკმელი აქვს. აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებში თითო ნიშია. იატაკი მიწურია. სართული წნული კედლით ორ ნაწილადაა გაყოფილი. ჩრდილოეთი ნახევარი საცხოვრებელია. აქ მოწყობილია კერა. სამხრეთი ნახევარი საქონლისთვისაა განკუთვნილი. სახლს სამხრეთი ფასადის მხარეს, ფიქლისტიკიანი ღია აივანი ეკვრის. აივნის დასავლეთ ნაწილში ბუხარია, ხოლო მისი წინა მხარის შუა ნაწილში დგას ხის პროფილირებულ კაპიტელიანი სვეტი. პირველი სართულის დასავლეთ კედელზე, გარედან, მეორე სართულზე ასასვლელი ხის კიბეა მიდგმული. მეორე სართული უფრო ღრმადაა შეჭრილი ფერდობში. ამ სართულის წინა ნაწილის გადახურვა ორ მასიურ ბურჯს ეყრდნობა. დასავლეთ ბურჯებს შორის შეულესავი წნული კედელია. ამ სართულის სამხრეთი ნაწილი პირველი სართულის აივნის ბანია. ბანზე კალოა მოწყობილი, ხოლო მის ჩრდილოეთ ნაწილს საქონლის საკვების, სამეურნეო იარაღებისა და ჭირნახულის შესანახად იყენებდნენ. სართულები ერთმანეთთან დაკავშირებულია საძრომითა და ხის მიდგმული კიბით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქალდანი ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 271.