მამული — ფეოდალური მიწათმფლობელობის ფორმა. კერძო, მემკვიდრეობით მფლობელობაში მყოფი მიწა (შეესიტყვისება დაახლოებით დასავლეთ-ევროპული ალოდი, რუსულივოტჩინა, სომხურიჰაჲრენიქი; ახლო და შუა-აღმოსავლური — მულქი; ჩინურიჯუან-ტიანი; იაპონურისიოენი).

ივანე ჯავახიშვილის აზრით, მამული „საგვარეულო, მემკვიდრეობით მიღებული საკუთრების აღმნიშვნელ ტერმინად იქცა IX—X საუკუნეებიდან. ამ საკითხზე არსებობს სხვა თვალსაზრისიც (ნ. შოშიაშვილი)“, რომლის მიხედვით მამულმა ასეთი შინაარსი შეიძინა გვაროვნული წყობილების რღვევის ეტაპზე, ე. ი. მაშინ, როდესაც გაჩნდა კერძო საკუთრება, კერძო მიწათმფლობელობა და ამდენად — მემკვიდრეობის ინსტიტუტიც, ე. ი. მამული (ძვ. წ. I ათასწლეულის პირველი ნახევარი).

მამული, როგორც მიწათმფლობელობის აღმნიშვნელი ტერმინი, თავდაპირველად გამოხატავდა მხოლოდ მემკვიდრეობით (ე. ი. მამისაგან) მიღებულ მიწას (პირადად შეძენილის საპირისპიროდ). შემდეგში მამულის ცნება აღნიშნავდა სამემკვიდრეო სამფლობელოდ მიღებულ ყველა მიწას, განურჩევლად იმისა, თუ რა გზით იყო ეს შეძენილი. ამრიგად, ცნება მამული მიუთითებდა უკვე არა მიწის მიღების გზაზე, არამედ — მიწის მფლობელის სამემკვიდრეო ხასიათზე. ასე გაჩნდა მამულის სხვადასხვა კატეგორია. ამ კატეგორიებად მამულები იყოფოდა შეძენის გზების, კუთვნილების, სიდიდის და შეუვალობის (იმუნიტეტის) ხარისხის მიხედვით:

  • შეძენის სხვადასხვა გზებზე მიუთითებდა მამულის შემდეგი სახეები: ნაწყალობევი, ნასყიდი, ნასისხლი, ნამზითი,ხმლით ნაშოები, შეწირული და სხვა
  • კუთვნილების მიხედვით მამული იყო: მეფის (სასეფო, სახასო), მთავრის, მსხვილი ფეოდალების (დიდი აზნაურები X საუკუნემდე, დიდებულები XI—XIV საუკუნეებში; თავადები XV—XVIII საუკუნეებში), წვრილი ფეოდალების (აზნაურების), ეკლესიის (სასაყდრო, სამონასტრო, სატაძრო, საკათალიკოსო, საწინამძღვრო,საქადაგო და სხვა), უშუალო მწარმოებლების (საგლეხო,სამსახურო);
  • სიდიდის მიხედვით მამული იყო: დიდი, საშუალო და მცირე. დიდი მამული ჰქონდათ: მეფეს, მთავრებს, დიდ ფეოდალებს, მცხეთის სვეტიცხოვლის საყდარს, ზოგიერთ სხვა დიდ საეპარქიო საყდრებს (ბიჭვინთის, ქუთაისის, ცაიშის, რუსთავის, სამთავისის, ალავერდის და სხვა), დიდ მონასტრებს (მღვიმის, დავითგარეჯის, გელათის, ვარძიის, ვაჰანის და სხვა). საშუალო სიდიდის მამული ჰქონდათ: წვრილი ფეოდალების ნაწილს, პატარა ეპარქიების საყდრებს, პატარა მონასტრებს; მცირე მამული ჰქონდათ: წვრილ ფეოდალებს, ზოგიერთ ეკლესია-მონასტერს და შუალო მწარმოებლებს.

შეუვალობით სარგებლობენ დიდი და ნაწილობრივ საშუალო სიდიდის მამულები. შეუვალობა მით უფრო სრული იყო, რაც უფრო დიდი იყო მამული და რაც უფრო წარჩინებული პირი იყო მისი მფლობელი. აბსოლუტურად სრული შეუვალობა არ ჰქონდა არცერთ მამულს: მეფე არავის ანიჭებდა სასამართლო და სამხედრო (ე. წ. ლაშქარ-ნადირობის) შეუვალობას, გარდა იშვიათი გამონაკლისისა. შეუვალობის მიღების განსაზღვრავდა მამულის კატეგორია და მემალუს პირადი დამსახურება მეფის წინაშე. ისეთი კატეგორიის მამული, როგორიცაა ნასყიდი, ნასისხლი და ნამზითვი, ითვლებოდნენ „ყოველითურთ მოუდევრად“ (ე. ი. სახელმწიფო და სამეფო მოხელეებისგან შეუვალად), მაღალი კატეგორიის მიწებად. მეფეები ნაწილობრივ შეუვალობას ანიჭებდნენ ხოლმე ნაწყალობევ და შეწირულ მამულებსაც. როგორც საერო, ისე საეკლესიო ფეოდალები შუა საუკუნეების მთელ მანძილზე, ებრძოდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას სამამულო შეუვალობის მოსაპოვებლად და გასაფართოებლად. ეს იყო შინაკლასობრივი ბრძოლის ერთ-ერთი გამოვლინება ფეოდალურ საქართველოში. მეფე ზოგჯერ ახერხებდა გაეუქმებინა, ან შეეზღუდა ამა თუ იმ მამულის შეუვალობა, მაგრამ ფეოდალები შემდეგში კვლავ იბრუნებდნენ მას. შემოგვრჩა შეუვალობის განახლების არა ერთი სიგელი: მცხეთის სვეტიცხოვლის, ბიჭვინთის, სამთავისისა და სხვა დიდი საყდრების,აგრეთვე მღვიმის (შიომღვიმის), დავითგარეჯის მონასტრების, მთელი საქართველოს ეკლესიის, ცალკეული მსხვილი ფეოდალების და სხვა დიდი მამულებისა. იმდენად, რამდენადაც ფეოდალიზმის ხანაში მიწათმფლობელობა შერწყმული იყო პოლიტიკური ძალაუფლებასთან (მემამულე ფლობდა არა მარტო მიწას, არამედ მის მოსახლეობასაც), სამამულე შეუვალობის ხარისხი შეესატყვისებოდა მემამულის პოლიტიკურ ავტონომიის ხარისხს. შეუვალობის მოპოვებით ფეოდალებმა თავიანთ მამულებში შექმნეს გამგებლობის საკუთარი ორგანიზაცია, შექმნეს სენიორია, რომელსაც საქართველოში ეწოდებოდა სახლი. ასეთი ფეოდალური ქახლებით იყო დაფარული საქართველო. სენიორიებს ქმნიდნენ მსხვილი ფეოდალების, მსხვილი საყდრებისა და მონასტრების მამულები. წვრილ მემამულეთა სამფლობელოები არ წარმოადგენდნენ სენიორიებს. ფეოდალთა დაბალი წოდების საკუთრების უფლება მიწაზე დიდად იყო შექღუდული მათი უშუალო სენიორის — პატრონის (დიდი ფეოდალი, მეფე, ან ეკლესია) მიერ. წვრილი ფეოდალის მამული უფრო ემსახურებოდა დასავლეთევროპულ ფეოდს, ვიდრე ალოდს.

გლეხის მიწასაც XV საუკუნიდან ეწოდებოდა მამული, მაგრამ ცხადია, საგლეხო მამული, როგორც მიწათმფლობელობის ფორმა, არსებითად განსხვავდებოდა ფეოდალის მამულისგან. თვით გლეხიცა და მისი მამულიც შეადგენდნენ ბატონის საკუთრებას, ბატონის მამულის შემადგენელ ნაწილს. მისი განმკარგულებელი ბატონი იყო (თუმცა ბატონის ნებართვით გლეხი ზოგჯერ ყიდდა კიდეც მიწას). XV საუკუნემდე გლეხის მიწას ეწოდებოდა არა მამული, არამედ ვენახი, ყანა, მიწა. გლეხის სამეურნეო ერთეული გარკვეული სიდიდისა იყო. მასში შედიოდა განსაზღვრული რაოდენობის სახნავი მიწა, ვენახი და სხვა. ამ საგლეხო მეურნეობის ერთეულს XV საუკუნემდე ეწოდებოდა მიწა ან ფუძე. XV საუკუნიდან კი — მამული, მთელი მამული, ამრიგად, გლეხის მთელი მამული იგივეა, რაც ადრე სრული ფუძე.

იმის გამო, რომ მიწაზე საკუთრების უფლება ფეოდალიზმის ეპოქაში დანაწევრებული იყო (მიწის უზენაესი მესაკუთრე სახელმწიფოში იურიდიულად იყო მეფე, ხოლო ფეოდალები — პირობით მესაკუთრენი), მიმდინარეობდა ბრძოლა ამ დანაწევრებული უფლების გასაფართოებლად მეფესა და ფეოდალებს შორის. იბრძოდნენ მამულის გასხვისების უფლებისათვის. ამ ბრძოლაში თანდათან მიაღწიეს წარმატებას: XI საუკუნემდე ფეოდალს არ შეეძლო მეფის ნებართივის გარეშე მამულის გასხვისება; XI—XV საუკუნეებში ეს ნებართვა ფორმალურ ხასიათსღა ატარებდა: გამოიხატებოდა მხოლოდ მეფის ხელრთვით გასხვისების საბუთში (მეფე ფაქტობრივად ვეღარ უშლიდა დიდ ფეოდალს მამულის გასხვისებას): „მამამა ჩემმა ეზომი მამული დამიგდო, რომე თუცა სხვა რომელისა მამულის სოფელი შემომეწირა, ესეც ხელმეწიფებოდა“, — აღნიშნავს XIII საუკუნეში ერთი დიდი ფეოდალი თავის საბუთში. XV—XVIII საუკუნეებში ეს ფორმალური მხარეც მოიხსნა: ფეოდალი მამულს ასხვისებდა მეფის უკითხავად და ვახტანგ VI-ის სამართალი აკანონებდა ასეთ ვითარებას.

ფეოდალთა კლასის წარმომადგენლები ერთმანეთს ებრძოდნენ აგრეთვე მამულის მისატაცებლად. სწორედ ეს ბრძოლა მამულებისათვის ქმნიდა შინაკლასობრივი ბრძოლის სხვადასხვა ასპექტს ფეოდალურ საქართველოში.

გარდა კერძო მიწათმფლობელობისა (ე. ი. მამულისა), ძველ საქართველოში იყო აგრეთვე სახელმწიფო მიწათმფლობელობა, რომელიც წარმოიქმნა სახელმწიფოს გაჩენასთან ერთად ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულების სახით. ამავე დროს გვაროვნული საზოგადოების ეპოქიდან კლასობრივი წყობილების ხანაშიც საუკუნეების მანძილზე შემორჩა სათემო მიწათმფლობელობა. სათმო და სახელმწიფო მიწებს ეწოდებოდა არა მამული, არამედ — ქვეყანა, ხევი, თემი და სხვა.; სახელმწიფო მიწებს განაგებდნენ ერისთავები, ციხისთავები, ხელისუფლები და სხვები; სათემო მიწებს — მამასახლისები, ხევისბერები, ხუცესები (არა სასულიერო შინაარსის) და სხვები; კერძო მამულებს (სამეფო, საფეოდალო, საეკლესიო) — მოურავები, მგეები (განმგეები, გამგებლები) და სხვები. განვითარებული ფეოდალიზმის ხანაში (IX—X საუკუნეებიდან) საქართველოს ცენტრალურ (ბარის) რაიონებში ძირითადად გაქრა სათემო მიწათმფლობელობა. XI— XIII საუკუნეებში სახელმწიფო და სათემო მიწების ნაწილს მეფე პირად მფლობელობაში ურიგებდა წვრილ ფეოდალებს — მსახურეულ აზნაურებს. ასეთ მიწებს ეწოდებოდა საკარგავი (სომხური სიტყვიდან — ჯილდო, ჯამაგირი, საზღაური; აქედან —დაჯილდოება, ჯამაგირის გაჩენა, დასაჩუქრება, დაკარგვა). ასე გაჩნდნენ „აზნაურნი მოსაკარგავენი“ (ე. ი. საკარგავის მფლობელი აზნაურები) საპირისპიროდ „მემამულე აზნაურისა“ (ე. ი. მამულის მფლობელი აზნაურებისა).

სათემო სახელმწიფო მიწები და საკარგავები დროთა განმავლობაში მამულებად იქცა. ეს პროცესი დასრულდა XV საუკუნეში. XV—XVIII საუკუნეებში სამამულე მიწათმფლობელობა საქართველოში ყოვლისმომცველი გახდა, აღარ იყო არც სახელმწიფო მიწა, არც სათემო, არც საკარგავი. მიწის ყოველგვარი საკუთრება ამ პერიოდში იყო მამული.

XIX საუკუნის 60-იან წლებიდან 1921 წლამდე მამული აღნიშნავდა მიწაზე კერძო საკუთრებას. საბჭოთა ეპოქაში მიწაზე კერძო საკუთრების მოსპობასთან ერთად მამული, როგორც მიწათმფლობელობის აღმნიშვნელი ტერმინი, აღარ იხმარება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 2, ტფ., 1929;