საკარგავი
„საკარგავი“, ძველი ქართული ტერმინი, რომელიც სხვადასხვა მნიშვნელობით იხმარებოდა.
- პირობითი, დროებითი მიწათმფლობელობა, რომელიც უპირისპირდებოდა მამულს — მემკვიდრეობით მიწის საკუთრებას და შეესაბამებოდა ბენეფიციუმს ადრინდელი შუა საუკუნეებს დასავლეთ ევროპაში. წვრილ მსახურეულ აზნაურს, რომელიც მეფის ერთგული სამსახურისათვის სახელმწიფო ფონდიდან იღებდა მიწის ნაჭერს საკარგავის სახით, მოსაკარგავე ეწოდებოდა. ცნობები „საკარგავის“ შესახებ XI საუკუნიდან გვხვდება, თუმცა სავარაუდოა, რომ „საკარგავი“ როგორც ფეოდალური მფლობელობის ერთ-ერთი სახე, საქართველოში VIII-X საუკუნეებშიც არსებობდა. „საკარგავი“ განსაკუთრებით გავრცელდა დავით აღმაშენებლის დროს, როდესაც მეფის ხელისუფლება გაძლიერდა და ცდილობდა ერისთავიც კი მოხელე-მოსაკარგავედ გადაექცია. XII საუკუნის ბოლოდან „საკარგავმა“ თანდათან დაკარგა მნიშვნელობა და მამულს შეერწყა. XVII-XVIII საუკუნეებში ტერმინი „საკარგავი“ უფრო იშვიათად გვხვდება; მიწათმფლობელობის მნიშვნელობით იგი უკვე აღარ იხმარებოდა.
- ნაბოძები ქვეყნის გამგებლობა, რაც დიდ-მოხელეობასთან იყო შეერთებული, ვეფხისტყაოსნის მიხედვით, ინდოეთის მეფეს ფარსადანს ტარიელისათვის (მამამისის - სარიდანის გარდაცვალების შემდეგ) „ასი ებოძა საჭურჭლე, ებრძანა ახდა შავისა, ბოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა“.
- გასამრჯელო, საბოძვარი, სარგო.
ლიტერატურა
რედაქტირება- მესხია შ., საისტორიო ძიებანი, ტ. 1, თბ., 1982, გვ. 324;
- სურგულაძე ი., სახელმწიფოსა და სამართლის საკითხები „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით, თბ., 1977, გვ. 167-210;
- სურგულაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 669.