მამამძუძეობა (მამამძუძე — გამზრდელი) — სხვის ოჯახში შვილის გასაზრდელად გაბარების ჩვეულება. გავრცელებული იყო მსოფლიოს მრავალ ხალხში: ძველ კელტებში, არაბებში, კავკასიაში და სხვაგან. ვარაუდობენ, რომ მამამძუძეობის ინსტიტუტი შემონახული იყო პატრიარქალური გვარიდან ფეოდალური საზოგადოების ჩათვლით, სადაც ის კლასობრივ ხასიათს ატარებდა — წარჩინებულთა ოჯახები ჩვილ ვაჟებს აღსაზრდელად თავიანთ ვასალებსა და მსახურებს აბარებდნენ. ჩრდილოეთ კავკასიაში მამამძუძეობის ტრადიცია შემონახული იყო ათალიკობის სახელწოდებით. გავრცელებული იყო ყაბარდოელებში, ჩერქეზებსა და ოსებში. 7-8 წლამდე ბავშვს ზრდიდა ათალიკოს ცოლი — ძიძა-გამზრდელი (ამ მნიშვნელობით „დაბადების“ ქართულ თარგმანში მოხსენებულია დედამძუძე), შემდეგ კი მის აღზრდაზე თვითონ მამამძუძე ზრუნავდა: ასწავლიდა ცხენზე ჯდომას, ჯირითს, იარაღის ხმარებას, თავაზიან სიტყვა-პასუხს, აჩვევდა მამაცობას და ა. შ. დაჭაბუკებულ აღსაზრდელს მამამძუძე ასაჩუქრებდა და საზეიმო ვითარებაში აბრუნებდა მამის სახლში, სადაც ამ შემთხვევის გამო წვეულება იმართებოდა.

მამამძუძეობა ძველ საქართველოშიც ყოფილა გავრცელებული. იხსენიება V საუკუნის ქართულ ისტორიის წყაროებში („შუშანიკის წამება“). ჯუანშერის სიტყვით, ვახტანგ გორგასლის დროს „წესი იყო, რომ შვილნი მთავართანი წარჩინებულთა სახლსა აღზარდიან“. ფეოდალური ურთიერთობის დაშლის შემდეგ მამამძუძეობა არსებითად მოიშალა, ვაჟიშვილის სხვის ოჯახში გაძიძავების ძველი ტრადიცია ზოგან გლეხობაში, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს მთიანეთში, მაინც შემორჩა; დადასტურებულია ზემო რაჭაში „სხვისიშვილობა“, რომელიც ხელოვნური ნათესაობის თავისებურ ფორმასთან, „კერძმოკეთეობასთან“ იყო დაკავშირებული. ამ ჩვეულების თანახმად, რაჭველი გლეხი ჩვილ ვაჟიშვილს აღსაზრდელად გააძიძავებდა ჩრდილო კავკასიის მეგობრის — კერძის ოჯახში. აღსაზრდელსა და აღმზრდელის ოჯახთა წევრებს შორის ამ ნიადაგზე მყარდებოდა ე. წ. ძუძუთი ნათესაობა, რაც მათ შორის საქორწილო ურთიერთობას კრძალავდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 1, ტფ., 1928;
  • Косвен М. О., Аталычество, «Советская этнография», 1935, № 2;