მაკრელწერისებრნი,[1] სკუმბრიაწერისებრნი,[1] საირისებრნი[1] (ლათ. Scomberesocidae) — თევზების ოჯახი სარღანისნაირთა რიგისა. სხეული წაგრძელებულია; სიგრძე 5 სმ-დან (ჯუჯა საირა, Cololabis adocetus) 45 სმ-მდეა (ატლანტური მაკრელწერი; Scomberesox saurus). ყბები წვრილია, მაკრელწერის (Scomberesox) გვარის წარმომადგენლების ქვედა ყბა წინაა გაწეული. ზურგისა და ანალური ფარფლების ბოლო განცალკევებული სხივები წარმოქმნიან დამატებით ფარფლებს, კუდის ფარფლი ღრმადაა ამოკვეთილი. ცნობილია 2 გვარი: მაკრელწერი და საირა. ბინადრობენ ღია ოკეანის სუბტროპიკულ და ზომიერ წყლებში. ცხოვრობენ წყლის ზედაპირთან ახლოს (10 მეტრამდე სიღრმეზე). ქარავნული თევზებია. იკვებებიან პლანქტონით. წარმოადგენენ კალმარების, თინუსის, ზვიგენების, ორაგულის, ვეშაპების, დელფინებისა და ზოგიერთი ზღვის ფრინველის საკვებს. საირა და ატლანტური მაკრელწერი რეწვის ობიექტებია; რეაქცია აქვთ სინათლეზე, ამიტომ მათი ჭერის დროს იყენებენ ხელოვნურ განათებას.[2]

მაკრელწერისებრნი

ატლანტური მაკრელწერი (Scomberesox saurus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  სარღანისნაირნი
ოჯახი:  მაკრელწერისებრნი
ლათინური სახელი
Scomberesocidae (Müller, 1843)
გვარები
  1. 1.0 1.1 1.2 გოგმაჩაძე თ., თევზების ნომენკლატურა : ლექსიკონი, ბათუმი: გამომც. „აჭარა“, 2018. — გვ. 185, 278, 304, ISBN 978-9941-460-45-6.
  2. Котляр А. Н. Скумбрещуковые // Большая российская энциклопедия. т. 30. — М., 2015. — стр. 382.