ლურჯ-თეთრი ფაიფური

ლურჯ-თეთრი ფაიფური (ჩინ.: 青花) — თეთრი თიხის ფაიფური, რომელიც გაფორმებულია ლურჯი საღებავით, განსაკუთრებით გამოიყენება კობალტის ოქსიდი. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფაიფურის ფონდში მრავლად არის თეთრ ფონზე ლურჯი კობალტით მოხატული ჭურჭელი, ე. წ. ლურჯ-თეთრი ფაიფური.

მინის დინასტიის ლურჯ-თეთრი ფაიფური

ჩინური ფაიფურის ხელოვნების განვითარებაში უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა იყო ჭიქურსქვედა ლურჯი კობალტის საღებავით მოხატული ფაიფურის შექმნა. კობალტი ჩინეთში იუანის დინასტიის მმართველობის პერიოდში (12791368) ჩნდება და მკვიდრდება. იგი ირანიდან შემოვიდა და მუსლიმანურ საღებავს უწოდებდნენ. თავდაპირველად კობალტი არაბ და ირანელ ვაჭრებს შემოჰქონდათ და ძალიან ძვირად ფასობდა. შემდეგ ადგილობრივი, ჩინური კობალტის გამოყენება დაიწყეს. კობალტი ჩინეთის რამდენიმე რეგიონში მოიპოვებოდა. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით კი ცინდენჩჟენში.

იმპორტული (ირანული) კობალტისგან განსხვავებით, რომელიც მუქი ლურჯი ფერისა იყო, ჩინური კობალტი ღია ლურჯი ფერისა ან მონაცრისფროა. კობალტით შემკული მონოქრომული ფაიფური მინისა და ცინის ხანაშიც მზადდებოდა. ფაიფური ლურჯი ჭიქურსქვედა მოხატულობით ძალიან პოპულარული იყო, როგორც ჩინეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ. საექსპორტო ფაიფურის დიდი ნაწილი სწორედ ლურჯად მოხატული ფაიფურისგან შედგებოდა. ლურჯი კობალტით შემკული ჭურჭლის მოხატვის თემატიკა საკმაოდ მრავალფეროვანია: დრაკონი, ცილინი, ფენიქსი, სხვადასხვა ცხოველი, ფრინველი, თევზი და სხვ. ხშირად გამოსახავდნენ პეიზაჟებსაც. ჩინური ფერწერის პეიზაჟი ევროპულისაგან განსხვავდება. ჩინელი მხატვრები პეიზაჟს, ევროპელების მსგავსად, ნატურიდან კი არ „წერდნენ“, არამედ ნანახს თავიანთი აღქმის „პრიზმაში“ ატარებდნენ და ისე გადმოჰქონდათ ტილოზე, ფაიფურზე, აბრეშუმზე და სხვ. ფაიფურზე გამოსახული პეიზაჟები კარგადაა შეხამებული ფაიფურის ნივთის ფორმასთან.

XVIII საუკუნის ნაწარმში, პეიზაჟი ზოგჯერ დაწახნაგებული ნივთის ერთ ან რამდენიმე სიბრტყეზეა მოთავსებული, ხშირად რომელიმე სხვა თემასთან მონაცვლეობით, ეს „სხვა თემა“ უმეტესად ყვავილები ან წარწერებია. პეიზაჟების თემატიკა საკმაოდ მრავალფეროვანია: ადამიანთა ჯგუფური სცენები სასახლის ცხოვრებიდან, ისტორიული და მითოლოგიურ სიუჟეტები და სხვა. ფაიფურის ფონდში დაცული კობალტით მოხატული ჭურჭლიდან ყველაზე ადრეულია ლანგარი. იგი მოთეთრო მონაცრისფრო ჭიქურითაა დაფარული, მოხატულია ურჩხულებითა და ე.წ. ჩინური ღრუბლებით. ცენტრში გამოსახულია ურჩხული ღრუბლებსა და ოთხ მცენარეულ მედალიონში. ლანგარი მარკირებულია - ძირზე, გარედან, გამოსახულია მარკა _ სამმაგ ოთხკუთხა ჩარჩოში ჩასმული იეროგლიფები, რომლებიც დიდი ორმაგი წრითაა შემოფარგლული. თუ გავითვალისწინებთ ლანგრის ფორმას, კეცის სისქეს, ფერსა და მოხატულობას, ლანგარი ადრეული ან შუა მინის ხანით უნდა დათარიღდეს. მარკა კი გვაფიქრებინებს, რომ იგი კერძო საწარმოშია დამზადებული. ჩინელებმა ფაიფურის მარკირება მინის ეპოქიდან დაიწყეს. როგორც წესი, მარკა ექვსი იეროგლიფით გამოისახებოდა. მარკაში მოცემული იყო დინასტიის დასახელება და მმართველი იმპერატორის დევიზი. ადრეულ და შუა მინის (1368-1521) ხანაში ამ ექვს იეროგლიფს ორმაგ წრეში სვამდნენ. გვიანი მინის ხანისთვის (1522-1644), ასევე ექვსნიშნა დამღაა დამახასიათებელი, ოღონდ იგი არ არის წრეში ჩასმული. მარკა ლურჯი ჭიქურსქვედა კობალტით იწერებოდა. ცინის დინასტიის მმართველობის დასაწყისში მარკირებული ფაიფური შედარებით ნაკლებად მზადდებოდა. ამის მიზეზი 1667 წლის ბრძანებულება იყო, რომლის ძალითაც კერძო საწარმოებს თავიანთ ნაწარმზე მმართველი იმპერატორის დევიზის ამსახველი მარკის გამოსახვა აეკრძალათ. ამიტომ კერძო საწარმოები ჭურჭლის ძირზე მარკის ნაცვლად „რვა ძვირფასეულობიდან“ ერთ-ერთს გამოსახავდნენ, უფრო ხშირად ათასფურცელას ფოთოლს ან რომბს.

ისლამური ლურჯ-თეთრი ფაიფური

XVI საუკუნის დასასრულიდან XVIII საუკუნის პირველ ნახევრამდე ფაიფურზე ისეთი მარკებიც გვხვდება, რომლებიც კეთილი სურვილების გამომხატველი შინაარსის მქონე წარწერებითაა დამშვენებული. ზოგჯერ მარკა ინფორმაციას იძლეოდა ნივთის დანიშნულების შესახებ, აგრეთვე იმ ადგილისა და სახელოსნოს შესახებ, სადაც ნივთი იყო დამზადებული. მაგრამ ფაიფურის დამამზადებელი ოსტატის სახელი მარკაში ძალიან იშვიათად იყო ასახული. მარკებს ცინის პერიოდშიც ხშირად მინის იმპერატორების დევიზით გამოსახავდნენ. წურწუმას გადავლებული აქვს თეთრი ჭიქური და მოხატულია ლურჯი კობალტით. წურწუმას მუცელი რვა რელიეფური სეგმენტისგან შედგება. სეგმენტები ყვავილებითაა მოხატული. მოხატულობა ჭიქურსქვედაა. წურწუმას ყელი, რომელსაც პირზე თითბრის სალტე აქვს შემოვლებული, მცენარეული ორნამენტითაა შემკული. წურწუმას ძირზე გამოსახულია ლურჯი კობალტის ჭიქურსქვედა მარკაორმაგ წრეში ჩასმული ოთხი იეროგლიფი. წურწუმას ყველა მახასიათებელი იძლევა იმის საფუძველს, რომ იგი ადრეული ან შუა მინის ხანით დავათარიღოთ. ფაიფურის ფონდში არის მცირე ზომის ლარნაკი , რომელზეც თეთრ ფონზე ლურჯი კობალტით გამოსახულია რამდენიმე სამურაი. მოხატულობა ჭიქურსქვედაა. ფაიფურის კეცი საკმაოდ თხელია და მაღალი ხარისხის. სასმისს ძირზე მინის პერიოდის მარკა აქვს. იგი ცზინდეჩჟენის საიმპერატორო ქარხანაშია დამზადებული. ამის შესახებ მეტყველებს ნივთის სილამაზე, ფაიფურის კეცის, ჭიქურისა და მოხატულობის მაღალი ხარისხი და საიმპერატორო 293 ქარხნის მარკა. სასმისის მარკა ექვსნიშნაა და წრეში არ არის ჩასმული, ანუ იგი გვიანი მინის ხანისაა. სასმისზე სამურაები მუქი ლურჯი, მოიისფრო კობალტითაა გამოსახული. მოიისფრო კობალტიც გვიანი მინის ხანისთვისაა დამახასიათებელი. ყოველივეს გათვალისწინებით საკვლევი სასმისი გვიანი მინის ხანით შეიძლება დათარიღდეს. ნარგილე ყელმომტვრეულია, დაწახნაგებული მუცელი (რვა წახნაგი) აქვს, მოხატულობა ჭიქურსქვედაა. თეთრ ფონზე მონაცრისფრო კობალტით მცენარეული ორნამენტია გამოსახული. ნარგილე მარკირებულია - ძირზე, გარედან ორმაგ ჩარჩოში ჩასმული ოთხი იეროგლიფია გამოსახული. ამ ტიპის დამღებით ფაიფურის მარკირება XVIII საუკუნეში ხდებოდა.

იუანის დინასტიის ლურჯ-თეთრი ფაიფური XIV საუკუნე

XVIII საუკუნეში უნდა იყოს დამზადებული აგრეთვე ფიალა. მოხატულობა ჭიქურსქვედაა, თეთრ ფონზე ლურჯი კობალტით სტილიზებული ცენარეული ორნამენტია გამოსახული.-ფიალას ძირზე ოთხკუთხა დამღა აქვს, რომელიც მას XVIII საუკუნეს მიაკუთვნებს. წურწუმა დაწახნაგებული გვერდებით (რვა წახნაგი) გამოირჩევა. მოხატულობა ჭიქურსქვედაა. თეთრ ფონზე ლურჯი კობალტით ერთმანეთის მონაცვლეობით სტილიზებული მცენარეული ორნამენტები და პაგოდებია (ჩინური სახლი) გამოსახული. წურწუმას ძირზე მარკა აქვს – რამდენიმე იეროგლიფი წრისა და ჩარჩოს გარეშე. ამ ტიპის ჭურჭელი (იგულისხმება ფორმა, სქელი კეცი, მოხატულობა და მარკა) XVIII საუკუნის ჩინეთში მზადდებოდა, ასე რომ წურწუმა XVIII საუკუნით უნდა დათარიღდეს. ლანგარი, ასევე ლურჯი კობალტითაა მოხატული. ლანგარზე კლასიკური ჩინური პეიზაჟია გამოსახული – წყალი, ნაპირი, პაგოდა, ფიჭვი, სტილიზებული მცენარეული ორნამენტი და სხვ. ლანგარს უკანა მხრიდან ჭიქურსქვედა მარკა აქვს - ოთხი იეროგლიფი. ლანგარი გვიანი მინის ხანას უნდა ეკუთვნოდეს. მარკა კი, სავარაუდოდ, კერძო საწარმოს მიმანიშნებელია, შესაბამისად, ლანგარიც კერძო საწარმოშია დამზადებული. ზუსტად ერთნაირი, ოღონდ სხვადასხვა ზომის ექვსი ფიალაც კობალტის საღებავითაა მოხატული. მოხატულობა ჭიქურსქვედაა. ფიალებზე ადამიანები და მცენარეებია გამოსახული. ფიალების ნაპირები ტალღოვანია. ფაიფურის კეცის მაღალ ხარისხსა და მოხატულობის სტილს თუ გავითვალისწინებთ, ფიალები გვიანი მინის ხანით უნდა დავათარიღოთ. ის ფაქტი, რომ ისინი არ არის მარკირებული, მეტყველებს იმაზე, რომ დამზადებულია ცინდეჩჟენის კერძო საწარმოში. ფაიფურის დოქი მოხატულია ღია ლურჯი ფერის კობალტის საღებავით და სტილიზებული მცენარეული ორნამენტითაა შემკული. მოხატულობა ჭიქურსქვედაა. მსგავსი ჭურჭელი სამეცნიერო ლიტერატურაში XVIII საუკუნითაა დათარიღებული, ამიტომ ეს დოქიც XVIII საუკუნით უნდა დათარიღდეს. ლარნაკს გვერდები და პირი ტალღოვანი აქვს. თეთრ ფონზე ლურჯი ჭიქურსქვედა კობალტით მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტებია გამოსახული. ლარნაკის ფორმა და მოხატულობის სტილი მისი XVII საუკუნით ათარიღების საშუალებას იძლევა. საკეს ხუთი ჭურჭელი გარეგანი ფორმითა და მოხატულობის თემატიკით დენტურია. მოთეთრო ფონზე ლურჯი კობალტით ტრადიციული ჩინური პეიზაჟია გამოსახული – ნავები წყალზე, ხმელეთი, პაგოდა, მცენარეები და სხვ. ოხატულობის ეს თემატიკა იუანის, მინისა და ცინის პერიოდების ფაიფურისთვისაა დამახასიათებელი. საკეს ეს ჭურჭლები XVIII საუკუნის ბოლოს ან XIX საუკუნეში უნდა იყოს შექმნილი, რადგან ისინი საკმაოდ დაბალი ხარისხის ფაიფურისგან არის დამზადებული.

იტალიური ლურჯ-თეთრი ფაიფურის ვაზა, 1520 წელი

ცნობილია, რომ XVIII-XIX საუკნეებში ჩინური ფაიფურის წარმოებამ გარკვეული ვარდნა განიცადა. მიუხედავად ამისა, ძალიან მაღალი ხარისხის ფაიფური მცირე რაოდენობით მაინც მზადდებოდა. ლარნაკები და ფორმითა და მოხატულობის სიუჟეტით იდენტურია, განსხვავება მხოლოდ ზომებშია. ანალოგიური მოხატულობა აქვს ძალიან მცირე ზომის ლარნაკს, მხოლოდ მისი ფორმაა ოდნავ განსხვავებული. ლარნაკები მონოქრომულია. მოხატულობა ჭიქურსქვედა. სამივე ლარნაკზე ლურჯი კობალტით ჩინური პეიზაჟია გამოსახული – წყლის ფონზე ნავი, ხმელეთი, მეთევზის სილუეტი, პაგოდები და მცენარეები. ფაიფურის კეცი, რომლისგანაც ლარნაკებია ამზადებული სქელია და საკმაოდ დაბალი ხარისხის. ასე რომ, ეს ლარნაკებიც XVIII საუკუნის დასასრულით ან XIX საუკუნით უნდა დათარიღდეს. ლურჯ-თეთრი ფაიფურის თეფშის მოხატულობა ჭიქურსქვედაა, მოთეთრო ფონზე ლურჯი კობალტით პეიზაჟია გამოსახული – წყალი, ხმელეთი, პაგოდა, ფიჭვი და სხვა მცენარეები, მათ ფონზე კი ორი ადამიანი ჩანს, ადამიანები თითქოსდა ესაუბრებიან ერთმანეთს. ფაიფურის კეცი საკმაოდ თხელია. კეცის ხარისხისა და მოხატულობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ თეფში XVII-XVIII საუკუნეებით შეიძლება დათარიღდეს. თეფში ღრმაა, კუწუბებიანი ნაპირით, ლურჯი ჭიქურსქვედა კობალტით მოხატული. თეფშის ცენტრში რეზერვითა და ლურჯი კობალტით ლომია გამოსახული. ლომის გარშემო ყვავილებია. ლომი და ყვავილები გეომეტრიულ ჩარჩოშია ჩასმული. თეფშის ბორტზე, კარტუშებში პიონებია გამოსახული. უკანა მხრიდან თეფშის კედლები ძალიან მუქი ლურჯი კობალტითაა დაფარული. ლომის გამოსახულებას ჩინურ სახვით-გამოყენებით ხელოვნებაში რამდენიმე ახსნა შეიძლება ჰქონდეს. უფრო ხშირად მას ბუდიზმის გავრცელებას უკავშირებენ - ლომი ბუდას ტახტის მცველად ითვლება. გარდა ამისა, ლომი მამაცობისა და ძლიერების სიმბოლოდ მოიაზრება. ლომის გამოსახულება ამოქარგული იყო მეორე რანგის სამხედრო მოხელეების სადღესასწაულო სამოსზე. დროთა განმავლობაში ლომის გამოსახულებას სხვა მნიშვნელობაც მიაწერეს, კერძოდ - წარმატებული სამსახურებრივი კარიერა.ლურჯ-თეთრი ფაიფურის ჯგუფს განეკუთვნება ფაიფურის ბადია და ლანგარი. ეს ჭურჭელი თეთრ ფონზე ლურჯი ჭიქურსქვედა კობალტის საღებავითა და ოქროს ვარაყითაა მოხატული. ლანგრის ცენტრში ოქროს ქანდით შესრულებულია წარწერა: „ბრძანება მისი აღმატებულება ხაყანისა, ქვეშევრდომთა სანდო პირისა“. ფაიფური ძალიან მაღალი ხარისხისაა, ასევე მაღალი ხარისხისაა თეთრი ჭიქური და მუქი ლურჯი კობალტის საღებავი. ამგვარი ტიპის ფაიფურის ჭურჭელი ცინის დინასტიის მმართველობის ხანაში, განსაკუთრებით კი კანსი-იუნჩჟენის პერიოდში (1644-1735) მზადდებოდა, ასე რომ ეს ბადია და ლანგარიც ამავე პერიოდით უნდა დათარიღდეს. წარწერა კი იმის შესახებ მეტყველებს, რომ ისინი მუსლიმანებისთვის იყო განკუთვნილი.

ძნელია ზუსტად თქმა ვისთვის მზადდებოდა ეს ჭურჭელი - ადგილობრივი მუსლიმანი ჩინელებისთვის, თუ სპარსეთში გასატანად. „ხაყანად“ ჩინეთის იმპერატორს მოიხსენიებდნენ, როგორც ჩინელი მუსლიმანები, ისე ირანელები. აღნიშნული წარწერა დაუმთავრებელია. როგორც ჩანს ჩინელმა ოსტატმა, რომელმაც ეს წარწერა გამოიყვანა, სპარსული დამწერლობა და ენა არ იცოდა. მან წარწერა გამოსახა მხოლოდ იმისთვის, რომ ლანგარსა და ბადიას სპარსული ელფერი მისცემოდა. ალბათ, ოსტატს ხელში ირანულ ენაზე დაწერილი ტექსტი ეჭირა, საიდანაც იმ რაოდენობის ასოები გადმოწერა, რამდენიც დეკორის სილამაზის უზრუნველსაყოფად ჩათვალა საჭიროდ. ჩინურ ფაიფურზე ირანული ფორმებისა და მოტივების გაჩენა არ არის გასაკვირი. ჩინეთს ოდითგანვე ჰქონდა სავაჭრო ურთიერთობები უცხოეთის ქვეყნებთან. ჯერ კიდევ ტანის ხანაში ჩინეთის სამხრეთში უცხოელ ვაჭართა (არაბთა, ირანელთა, ბერძენთა, ებრაელთა) კოლონიები აღმოცენდა. განვითარებული იყო, როგორც საზღვაო ისე სახმელეთო ვაჭრობა. ირანში სახმელეთო საქარავნო გზის „დიდი აბრეშუმის გზის“ მეშვეობით დიდი რაოდენობით ჩინური საქონელი შემოდიოდა. დიდი აბრეშუმის გზა თავრიზის გავლით ჩინეთს დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან აკავშირებდა. ჩინელი თუ ირანელი ვაჭრები, რომლებსაც ჩინეთიდან ირანში ფაიფური შეჰქონდათ, ირანელი დიდებულებისაგან შეკვეთებსაც კი იღებდნენ და საგანგებოდ მათთვის ამზადებდნენ ფაიფურს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბოკუჩავა მ., მონოქრომული და ლურჯ-თეთრი ჩინური ფაიფური (საფონდო მასალების მიხედვით), საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე I ტ. (46-B), თბ., 2010
  • Виноградова Н., Искусство средневекового Китая, Mосква, 1962
  • Pope J., Chinese Porcelains from the Ardebil Shrine, Washington, 1956
  • Кречетова М. Вестфален Э., Китайский фарфор (история развития), Москва, 1947
  • Стужина Э., Китайское ремесло XVI-XVIII вв. Москва, 1970
  • Виноградова Н., Искусство средневекового Китая, Mосква, 1962

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება