ლუი დე ვალუა (1397-1415)
ლუი დე ვალუა (ფრანგ. Louis de Valois; დ. 22 იანვარი, 1397 — გ. 18 დეკემბერი, 1415) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე შარლ VI-ისა და დედოფალ იზაბელა ბავარიელის ვაჟი. გაინის ჰერცოგი და საფრანგეთის დოფინი 1401-15 წლებში.
ლუი დე ვალუა | |
---|---|
საფრანგეთის დოფინი | |
მმართ. დასაწყისი: | 13 იანვარი, 1401 |
მმართ. დასასრული: | 18 დეკემბერი, 1415 |
წინამორბედი: | შარლი |
მემკვიდრე: | ჟანი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 22 იანვარი, 1397 |
გარდ. თარიღი: | 18 დეკემბერი, 1415, (18 წლის) |
მეუღლე: | მარგარიტა ნევერელი |
დინასტია: | ვალუები |
მამა: | შარლ VI, საფრანგეთის მეფე |
დედა: | იზაბელა ბავარიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებალუი დაიბადა 1397 წლის 22 იანვარს საფრანგეთში. იგი იყო საფრანგეთის მეფე შარლ VI-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ იზაბელა ბავარიელის ვაჟი. ვინაიდან იგი შუათანა ვაჟი იყო, თავდაპირველად ატარებდა მხოლოდ გაინის ჰერცოგის წოდებას და იზრდებოდა დედის მეთვალყურეობის ქვეშ. 1401 წლის 13 იანვარს მისი უფროსი ძმა, შარლი გარდაიცვალა, რის გამოც საფრანგეთის ტახტის მემკვიდრე, ანუ დოფინი სწორედ ლუი ხდება. ვინაიდან დოფინი მცირეწლოვანი იყო, მას არ გააჩნდა საკუთარი სახაზინო, ან სხვა რაიმე ფონდები, რის გამოც იგი მთლიანად დედის ხარჯზე ცხოვრობდა. როგორც ცნობილია, ლუის შემოსავალ-გასავალს მისი ბიძა, ჟან დე ბერი აკონტროლებდა.
1403 წლის 26 აპრილს, მეფე შარლმა გამოაცხადა, რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში ტახტს ტრადიციულად დოფინი დაიკავებდა, რომლის მცირეწლოვანებიდან გამომდინარე რეგენტად არა დედოფალი, არამედ მეფის ბიძებიდან რომელიმე (ლუი დ'ორლეანი, ლუი დ'ანჟუ, ჟან დ'ბერი და ჟან ბურგუნდიელი) დაინიშნებოდა. ამავე წლის 28 აპრილს შარლ VI დასთანხმდა თავისი ბიძაშვილის, ნევერის გრაფ ჟან I-ის ასულ მარგარიტა ნევერელის ქორწინებას ლუი დე ვალუაზე. 1404 წლის 30 იანვარს მეფემ შვიდი წლის ლუის იზაბელა ბავარიელისაგან გამოყოფილი შემოსავლები გაუხსნა.
1404 წლის 30 აგვისტოს ბურგუნდიისა და საფრანგეთის სამეფო ოჯახებს შორის შედგა ორმაგი დინასტიური ქორწინება: საფრანგეთის დოფინმა ლუი დე ვალუამ ცოლად შეირთო პრინცესა მარგარიტა ნევერელი, ხოლო შაროლუას გრაფმა ფილიპ ბურგუნდიელმა იქორწინა საფრანგეთის პრინცესა მიშელ დე ვალუაზე. 1405 წელს ლუის სიმამრმა ბურგუნდიის ჰერცოგი ხდება, რომელსაც მასზე გავლენის მოხდენით სურდა საფრანგეთში თავისი გავლენების გაძლიერება. 1405 წელვე, ორლეანის ჰერცოგმა ლუი I-მა დედოფალ იზაბელა ბავარიელთან ერთად დოფინი მოიტაცა, რათა თავის მხარეზე გადმოებირებინათ. განრისხებულმა ჟან I (ლუის სიმამრი და ბურგუნდიის ჰერცოგი) პარიზზე ალყის მიტანით დაემუქრა დედოფალს, რომელმაც მალევე გაანთავისუფლა საკუთარი ვაჟი. მთელი მომდევნო წლების მანძილზე, სხვადასხვაგვარი გზებით, ბურგუნდიელები და ორლეანელები, ცდილობდნენ დოფინის გადაბირებას.
არმანიაკებსა და ბურგუნდიელებს შორის მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს, ლუიმ დიდი გამარჯვებები მოიპოვა 1409 წელს შარტრთან, 1410 წელს ოქსინთან და 1411 წელს ისევ შარტრთან. 1407 წლიდან დოფინი მთლიანად ბურგუნდიის ჰერცოგის გავლენის ქვეშ ექცევა, რომელიც მას საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად და მტრებთან საბრძოლველად იყენებდა.
1415 წლის ოქტომბერში, ლუი არ იყო წარმოდგენილი აზენკურის ბრძოლაში, რადგან მამასთან ერთად იგი რუანთან იდგა. იგი გარდაიცვალა 1415 წლის 18 დეკემბერს რუანთან, იგი ჩასაფრებულმა ინგლისელებმა მოკლეს, 18 წლის ასაკში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Autrand, Françoise. Charles VI le roi fou. Fayard, 1986. ISBN 2-213-01703-4
- Famiglietti, Richard Carl. The French Monarchy in Crisis, 1392–1415, and the Political Role of the Dauphin, Louis of France, Duke of Guyenne. Ph.D. diss. City University of New York, 1982.
- Famiglietti, Richard Carl. Royal Intrigue: Crisis at the Court of Charles VI, 1392–1420. New York, 1986.
- Kennedy, Angus J. "Christine de Pizan, Blasphemy, and the Dauphin, Louis de Guyenne", Medium Aevum 83, 1 (2014): 104–20.
- Lebailly, Emilie. "Le dauphin Louis, duc de Guyenne, et les arts précieux (1409–1415)", Bulletin Monumental 163, 4 (2005): 357–74.
- Vaughan, Richard. John the Fearless. The Boydell Press. 2009.