ლუი არმან I (კონტის პრინცი)

ლუი არმან I დე ბურბონ-კონტი (ფრანგ. Louis Armand I de Bourbon-Conti; დ. 30 აპრილი, 1661 — გ. 9 ნოემბერი, 1685) — ბურბონთა დინასტიის კონტის შტოს წარმომადგენელი. კონტის პრინც არმან I-ისა და ანა მარია მარტინოცის უფროსი ვაჟი. კონტის პრინცი 1666-85 წლებში. ცოლად ჰყავდა საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ისა და ლუიზა დე ლა ვალიერის ასული მარი ანა დე ბურბონი, თუმცა შვილები არ ჰყოლია, ამიტომაც მის შემდეგ ტახტზე მისი ძმა ავიდა.

ლუი არმან I
კონტის პრინცი
მმართ. დასაწყისი: 26 თებერვალი, 1666
მმართ. დასასრული: 9 ნოემბერი, 1685
წინამორბედი: არმან I
მემკვიდრე: ფრანსუა ლუი I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 30 აპრილი, 1661
დაბ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 9 ნოემბერი, 1685, (24 წლის)
გარდ. ადგილი: ფონტენბლო, საფრანგეთი
მეუღლე: მარი ანა დე ბურბონი
დინასტია: ბურბონები
მამა: არმან I, კონტის პრინცი
დედა: ანა მარია მარტინოცი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ლუი არმანი დაიბადა 1661 წლის 30 აპრილს პარიზში. იგი იყო კონტის პრინც არმანისა და მისი მეუღლის, კარდინალ მაზარინის ძმის შვილიშვილ ანა მარია მარტინოცის უფროსი ვაჟი და მემკვიდრე.

1666 წელს მამამისი გარდაიცვალა, რის შემდეგაც ლუი არმან I კონტის ახალი პრინცი გახდა. 1679 წლის აგვისტოში მარია ლუიზა ორლეანელისა და ესპანეთის მეფე კარლ II-ის მარიონეტული ქორწინების დროს მან მეფე კარლის როლი შეასრულა. 1680 წელს იგი დაქორწინდა საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ისა და მისი სამეფო საყვარლის, ლუიზა დე ლა ვალიერის უფროს ასულ მარი ანა დე ბურბონზე. ამ დროს საპატარძლო და სასიძო ცამეტი და თვრამეტი წლისანი იყვნენ. ლუი არმანი თავის ცოლთან სარეცელს არც ისე ხშირად იზიარებდა, ხოლო როცა ეს ხდებოდა პრინცესა უკმაყოფილო რჩებოდა, რასაც იგი სრულიად დაუფარავად აცხადებდა სახალხოდ, რასაც დიდი სკანდალი მოჰყვა.

1683 წელს ლუი არმანი ფლანდრიული ლაშქრობიდან დაბრუნდა და მალევე მეფის სურვილით დიდ ფრანგულ არმიას წაუძღვა უნგრეთში, სადაც იგი იმპერატორ ლეოპოლდ ავსტრიელს უნდა დახმარებოდა ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლაში. მართალია მან ეს მისია წარმატებით შეასრულა და ოსმალები უკან გააძევეს, თუმცა მას აქ სახადი შეეყარა და 1685 წლის 9 ნოემბერს, 24 წლის ასაკში უშვილოდ გარდაიცვალა. ამის შემდეგ კონტის პრინცი მისი უმცროსი ძმა ფრანსუა ლუი ხდება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება