ლუბრუმანასოფლარი საქართველოში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, მდინარე ტილიანას აუზში, მის მარჯვენა ნაპირზე, შიდა ქართლის ვაკეზე.

ნასოფლარი ლუბრუმა შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე ტილიანას აუზში მდებარეობს. ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები, აგრეთვე ქართული საისტორიო წყაროები ლუბრუმას იცნობენ ლუბრმად. იოანე ბატონიშვილის დროს ლუბრუმაში მოსახლეობა არ ჩანს (XVIII ს–ის 90–იანი წლები).

1715 წლის რუისის სამწყსოს დავთარში ლუბრუმიდან დაფიქსირებულია 11 კომლი საეკლესიო გლეხი. 1728 წლის თბილისის ვილაიეთის დიდი დავთრის მიხედვით ლუბრუმა ექვემდებარება ამილახვარს. აქ 13 კომლია დაფიქსირებული. ლუბრუმა იტრიელი ჩხეიძეების კუთვნილი სოფელია. 1737 წლის ერთ–ერთი საბუთიდან ჩანს, რომ მას სეხნია ჩხეიძე ფლობს. უფრო ადრე, 1584 წელს, გიორგი ბატონიშვილი ლუბრუმას იტრიის ეკლესიას წირავს. 1693 წლის 20 აპრილს ქაიხოსრო ბატონიშვილი ლუბრუმაში ოთხი დღის მიწას წირავს იტრიის ღვთისმშობლის ეკლესიას.

1700 წლის 12 აპრილს ერეკლე I-ის მეუღლე ანა, იტრიის ეკლესიას ხელმეორედ წირავს და უმტკიცებს ლუბრუმაში ადრე ბოძებულ თორმეტი დღის მიწას. XVIII საუკუნის 70–იან წლების შემდეგ ლუბრუმა ვეზირიშვილების ხელში გადასულა.

1816-1818 წლების მეორე კამერალური აღწერის თანახმად სახაზინო სოფელ ლუბრუმაში აღწერილია სახაზინო გლეხი 8 კომლი - 26 მამაკაცი, 26 ქალი, სულ 52 სული. აქვთ მიწა, 150 დღიური ვარგისი, 80 დღიური უვარგისი, ტყე — 20 დღიური. სოფელში არ აქვთ არც ვენახები, არც წისქვილი. მისდევენ ხვნა-თეასვას, მესაქონლეობას[1].

1930 წლის 15 ნოემბრისათვის სოფელ ლუბრუმაში 54 კომლი მოსახლეა. ამ დროს აქ სახლობდნენ გვარები: ქიმერიძე, ღვალაძე, დეკანოიძე, მაისურაძე, კუჭაძე, ხაბელაშვილი... 1944 წელს ლუბრუმის მოსახლეობა ახალციხის მხარეში გადაასახლეს და სოფელმა შეწყვიტა არსებობა[2].

სულხან–საბა ორბელიანის მიხედვით, ლუბრუმას მნიშვნელობა ასეთია „მდინარე ღრმა და მდოვრე“.

ნასოფლარ ლუბრუმას ტერიტორიაზე მდებარეობს ლუბრუმის ღვთისმშობლის ეკლესია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლაცაბიძე თ., ოსიაური, ხაშური, 2013, გვ. 19–20
  • ლაბაძე ჯ., ტილიანას ხეობის სოფლების ისტორია, მასალები საქართველოს სოფლების ისტორიისათვის, ტ. IV, თბილისი, 2022
  1. ხაჩიძე დ. მეორე (1816 - 1818 ) კამერალური აღწერა, გაზ., „ხაშურის მოამბე“, № 18, 6 მაისი, 2019, გვ., 2-3
  2. ლაცაბიძე თ., ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში, გაზ., „ხაშურის მოამბე“, № 18, 6 მაისი, 2019, გვ., 4