ლოჭინის ნასოფლარი
ლოჭინის ნასოფლარი — ადრინდელი ფეოდალური ხანის (IV-VI სს.) არქეოლოგიური ძეგლი მდინარე ლოჭინის მარცხენა ნაპირას, სოფ. გამარჯვების ტერიტორიაზე, თბილისიდან 28 კმ-ზე. სახელი ეწოდა აღმოჩენის ადგილის მიხედვით. 1952 გათხარეს (რ. აბრამიშვილი) ნასოფლარის ნაწილი. ძეგლი მდებარეობს დაბალ ბორცვზე, დასავლეთიდან ხევი აკრავს, დანარჩენი 3 მხრიდან კი გამაგრებულია 2 მ სიღრმის ხელოვნური თხრილით. გათხრების შედეგად გამოვლინდა სამეურნეო და საცხოვრებელი ნაგებობანი და მათ შუა არსებული გასასვლელი. ქვის კედლები ნაგები და შელესილი იყო ოთხის ხსნარით. ზოგი ოთახის იატაკი ქვიშაქვის ფილებით იყო მოგებული. ნაგებობანი გადახურული იყო კრამიტით. აღმოჩენილია მრავალნაირი კერამიკული ნაწარმი. აგრეთვე მარცვლეულის შესანახი ხაროები. აღსანიშნავია დოქის ყელისა და გვერდის ნატეხები, რომლებზეც, შესაძლოა, პატრონის ვინაობის აღმნიშვნელი ქართული ასოებია ამოკაწრული, რაც საზოგადოების ფართო ფენებში დამწერლობის გავრცელებაზე მიუთითებს.
ლოჭინის ნასოფლარის არქეოლოგიური მასალა ანტიკურიდან ადრინდელი ფეოდალურზე გარდამავალი ხანისთვის დამახასიათებელი ნიშნებით ხასიათდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჭილაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 300.
- აბრამიშვილი რ., ჭილაშვილი ლ., ლოჭინის ნასოფლარის არქეოლოგიური გათხრები, «ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე», 1962, ტ. 23 B;
- „საქართველოს არქეოლოგია“ / რედ: აფაქიძე ა., თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. -378.