ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია (ახმეტა)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლომისა (მრავალმნიშვნელოვანი).

ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ახმეტის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ახმეტაში. დგას ქალაქის სამხრეთით 2,5 კილომეტრზე, ტყეში. ეკლესია ერთიმეორეზე გვერდიგვერდ მიდგმული სამი დარბაზული ეკლესიისგან შედგება.

ეკლესიების კომპლექსის საერთო ხედი დასავლეთიდან
წმინდა გიორგის ფრესკა, შუა ეკლესიაში

ეკლესიები

რედაქტირება

შუა ეკლესია, რომელიც გვერდით ეკლესიებზე რამდენადმე მაღალია, X-XI საუკუნეებს განეკუთვნება, სამხრეთისა და ჩრდილოეთის ეკლესიები მოგვიანებით XIV-XV საუკუნეებშია მიშენებული. შუა ეკლესიას თავდაპირველად ჩრდილოეთიდან მინაშენი ჰქონია, რომელთანაც კვადრატულ ბურჯზე დაყრდნობილი ორი ფართო თაღით იყო დაკავშირებული. მოგვიანებით, ჩრდილოეთ ეკლესიის აგების შემდგომ, ორივე თაღი ამოუშენებიათ.

შუა ეკლესია ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. კედლები შიგნით და გარედან შელესილია. გვერდითი ეკლესიების საშენ მასალად შირიმის თლილი ქვაა გამოყენებული. დაზიანებულია: ჩამოშლილია შუა ეკლესიის კრამიტის საბურავი და ლავგარდნის (გვიანდელია) უმეტესი ნაწილი. ჩრდილოეთ ეკლესია 1,7-2,2 მეტრ სიმაღლეზეა შემორჩენილი. სამხრეთ ეკლესიის კამარის ჩრდილოეთ გვერდის დასავლეთ ნახევარი და დასავლეთ კედლის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოშლილი აქვს.

შუა ეკლესია (7,5 X 4,8 მ) გეგმით სწორკუთხაა. ერთადერთი, გარედან სწორკუთხა, ხოლო შიგნიდან თაღოვანი შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. აბსიდის ღერძზე გაჭრილი სარკმელი შიგნიდან სწორკუთხაა, გარედან - თაღოვანი. სარკმლის ქვემოთ კედელზე, ქვით ნაშენი ტრაპეზია მიდგმული. მეორე სარკმელი, რომელსაც თარაზული გადახურვა და ძირი აქვს, სამხრეთ კედელშია - შესასვლელის ზემოთ. საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია ქვით ნაშენი კანკელით (გვიანდელია), რომლის შუაში ვიწრო აღსავლის კარია; კარის ორივე მხარეს - თითო სწორკუთხა ღიობი. აფსიდის მხრები კამარის ქუსლის დონეზე კედლებს ერწყმის, რის გამოც კონქი თაღის გარეშეა და უშუალოდ უერთდება ოდნავ შეისრულ კამარას (განახლებულია მოგვიანებით). ინტერიერი მოხატული ყოფილა. კედლებზე აქა-იქ შემორჩენილია მხატვრობის ფრაგმენტები.

გვერდით ეკლესიებში შესასვლელი დასავლეთიდანაა. ორივე კარი შიგნიდან და გარედან სწორკუთხაა. ორივე ეკლესია აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული. აფსიდებში თითო სარკმელია. ერთი სარკმელი სამხრეთ ეკლესიას სამხრეთითაც აქვს. სამხრეთ ეკლესია ცილინდრული კამარითაა გადახურული - ერთ საბჯენ თაღზე. კამარის სამხრეთის ქუსლი კედელზეა დაყრდნობილი. ხოლო ჩრდილოეთისა - შუა ეკლესიის სამხრეთ კედელზე მიშენებულ ორ თაღზე. თაღებს შორის მარტივი პროფილის კაპიტელით დაგვირგვინებული კვადრატული ბურჯია, რომელსაც კამარის საბჯენი თაღიც ეყრდნობა. თაღის მეორე (სამხრეთ) ქუსლი პილასტრზეა დაყრდნობილი. პილასტრი დასრულებულია კაპიტელით, რომლის პროფილს შეწვილებული ლილვი შეადგენს.

აღმოსავლეთ ფასადზე გვერდითი ეკლესიების სარკმლები მოჩარჩოებულია თითო შეწყვილებული ლილვით. სამხრეთ ეკლესიის სარკმელი თაღოვანია. ჩრდილოეთ ეკლესიის სარკმელს ზედა ნახევარი აკლია, რის გამოც მისი გადახურვის ფორმა არ დგინდება. დასავლეთ ფასადზე ორივე ეკლესიის შესასვლელს მთელ სიმაღლეზე ასდევს სადა საპირე, რომლის პროფილს შეადგენს შეწყვილებულ ლილვებს შორის მოქცეული ოდნავ ამოზნექილი სადა ზედაპირი. სამხრეთ ეკლესიის კარის არქიტრავზე ლილვით მოსაზღვრულ თაღოვან არეში, გამოსახულია ტოლმკლავა რელიეფური ჯვარი. მსგავსი, მაგრამ გაცილებით პატარა ჯვარია ჩრდილოეთ ეკლესიის კარის არქიტრავზეც. ჯვრის ზემოთ რელიეფური თავსართია. რომელსაც ბოლოებთან ჰორიზონტალური გადანაკეცები აქვს. სამხრეთ ეკლესიის ფასადები დასრულებულია საკმაოდ მაღალი ლავგარდნით, რომლის პროფილს თარო, ოდნავ შეზნექილი ზედაპირი და ლილვი შეადგენს. ორივე ეკლესია დგას ლილვით დასრულებულ ცოკოლზე.

ლიტერატურა

რედაქტირება