ლექციონარი MS 035
ლექციონარი MS 035 — არამეულ-ქართული პალიმფსესტი. არამეული ტექსტი თარიღდება თარიღდება VI, ხოლო ქართული (ნუსხური) — X საუკუნით.
ხელნაწერი არსებული ყდით დაახლოებით 200x150 მმ ზომისაა, შეიცავს ზემოდან გადაწერილი ტექსტის 70 ფურცელს. ძირითადი ტექსტი (პალიმფსესტები) ექვსი სხვადასხვა ხელნაწერის ნაწილებს მოიცავს, რომელიც ნაწერია ორ სვეტად პალესტინური არამეულის უნციალური დამწერლობით.
ზედა ფენა შესრულებულია ხუცური დამწერლობით, 22-26 სტრიქონი ერთ სვეტად. ხელნაწერის 66r-v და 69v-ზე ვრცელი კოლოფონია [ანუ მინაწერი], რომელიც გვამცნობს, რომ ის გადაიწერა და შეიმოსა ცოდვილი იოანე ზოსიმეს ხელით, სინის მთაზე, დასაბამითგან 6583 წელს. ქართული ტექსტი მოიცავს სახარების პერიკოპებს, წმ. პიმენ დიდის აპოფთეგმატას და წმ. არსენი დიდის წერილს.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ორივე ტექსტი (ამბა პიმენისა და არსენ დიდის) მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზეა შემორჩენილი ამ ხელნაწერის სახით.
ისტორია
რედაქტირებახელნაწერი MS 035 წარმოადგენს კოდექსის (Codex Sinaiticus Rescriptus) დაახლოებით მესამედ ნაწილს. დანარჩენი ორი მესამედი 1855-1857 წლებში ცნობილმა გერმანელმა ბიბლეისტმა, ტიშენდორფმა სინის მთიდან პეტერბურგში წაიღო, რომელიც ამჟამად რუსეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ინახება.
კოდექსის სრული ხელნაწერი თავდაპირველად სინის წმინდა ეკატერინეს მონასტრის ბიბლიოთეკაში ინახებოდა. 1889 წელს სინის მთაზე პირველი ექსპედიცია პროფესორმა ალ. ცაგარელმა მოაწყო, რომელმაც 92 ხელნაწერი აღწერა. 1902 წელს კი სინის მთას ნ. მარი და ივ. ჯავახიშვილი ეწვივნენ და ქართული მწერლობის არაერთი ძეგლი აღწერეს. სამწუხაროდ მეცნიერებს ადგილზე 92 ხელნაწერიდან მხოლოდ 87 ხელნაწერი დახვდათ, მათ შორის ადგილზე არ დახვდათ ხელნაწერი MS 035. 1920-იან წლებში მონასტერი მონიახულა რობერტ ფრეიკმა, რომელსაც ასევე არ დახვდა ცაგარელის აღწერილი ხელნაწერების ნაწილი. როგორც გაირკვა აღნიშნული ხელნაწერი ცნობილმა გერმანელმა კოლექციონერმა ფრიდრიხ გროტემ შეიძინა. გრიგოლ ფერაძის მიხედვით, 1929 წელს ხელნაწერი ჯერ კიდევ გროტეს ქვრივის საკუთრებაში, ბერლინში იყო. 1937 წელს ხელნაწერი გაიყიდა ერიკ ფონ შერლინგზე (Erik von Scherling); 1954 წელს სოთბის აუქციონზე დეტროიტელმა ოტო ფიშერმა (Otto Fisher) შეიძინა; 1983 წელს ნიუ-იორკში ბუკინისტ ჰანს პ. კრაუსის (Hans P. Kraus) კატალოგში ინახებოდა. 1980-იან წლებში რეზო თაბუკაშვილმა ნიუ-იორკში ჰანს კრაუსთან სტუმრობისას ნახა მისი კოლექცია, მათ შორის აღნიშნული ხელნაწერიც. რ. თაბუკაშვილმა თავისი ამერიკული ვოიაჟი გადმოსცა დოკუმენტურ ფილმში „ნაძარცვის კვალდაკვალ“. ჰ. კრაუსმა რ. თაბუკაშვილს ხელნაწერი 285 ათასი აშშ დოლარი დაუფასა, რისი საშუალება საბჭოთა კავშირიდან ფილმის გადასაღებად ჩასულ რეჟისორს არ აღმოაჩნდა. ის კი მოახერხა, რომ ხელნაწერი გადაეღო. ამის შემდეგ იგი ხვდება მარტინ შოენის კოლექციაში, სადაც მიენიჭა ხელნაწერს შიფრი MS 35. 1988 წელს ხელნაწერს რესტავრაცია ჩაუტარდა ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში.
2024 წლის 11 ივნისს კრისტის აუქციონზე ხელნაწერი გაიყიდა 1.25 მილიონ გირვანქა სტერლინგად (აქედან 250 ათასი გ. ს. აუქციონის საკომისიომ შეადგინა).[1] როგორც მოგვიანებით გაირკვა, ხელნაწერი მედსენატმა ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა, შემდგომში მისი საქართველოს ეროვნულ მუზეუმისთვის უსასყიდლოდ გადასაცემად.[2] 2024 წლის 9 ოქტომბერს ხელნაწერი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში განთავსდა.[3]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ christies.com // The Codex Sinaiticus Rescriptus
- ↑ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვებ გვერდი. „ბიძინა ივანიშვილმა კრისტის აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უძველესი ქართული ხელნაწერი შეისყიდა, რომელიც საჩუქრად საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა“
- ↑ იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანძურის ფონდში განთავსდა