ლეონიდ ვარპახოვსკი
ლეონიდ ვიქტორის ძე ვარპახოვსკი (რუს. Леонид Викторович Варпаховский; დ. 29 მარტი, 1908, მოსკოვი, — გ. 27 ნოემბერი, 1976, იქვე) — რუსი რეჟისორი, მხატვარი. საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1964), რუსეთის სფსრ სახალხო არტისტი (1966).
1918 წელს სწავლობდა მოსკოვის დიდ თეატრთან არსებულ საბალეტო სკოლაში. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურისა და ხელოვნების ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ (1931) მუშაობდა მოსკოვის მუშა ახალგაზრდობის თეატრში რეჟისორის ასისტენტად და მხატვრად, ამავე დროს იყო კრიტიკოსი. ვსევოლოდ მეიერჰოლდის თეატრში 1934–1935 წლებში დადგა ალექსანდრე დიუმას „ქალი კამელიებით”. პარალელურად სწავლობდა ვახტანგოვის სახელობის თეატრის სტუდიაში. 1936-1953 წლებში რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული საბჭოთა ხელისუფლების მიერ, დააპატიმრეს და დახვრიტეს მისი პირველი ცოლი. გადასახლებაში, 1937–1953 წლებში, ხანგამოშვებით, მუშაობდა რეჟისორად ალმა-ათისა და მაგადანის თეატრებში, სადაც დადგა ვსევოლოდ ვიშნევსკის „ოპტიმისტური ტრაგედია”, კარლო გოლდონის „ორი ბატონის მსახური” და „სასტუმროს დიასახლისი”, ალექსანდრე სოფრონოვის „მოსკოვური ხასიათი”, ალექსანდრე ოსტროვსკის „შმაგი ფული”, ანტონ ჩეხოვის „თოლია” და სხვ.
1953–1955 წლებში ვარპახოვსკი თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თეატრის რეჟისორი იყო (ანტონ ჩეხოვის „თოლია”, მიხაილ ბულგაკოვის „ტურბინთა დღეები”), მოღვაწეობდა აგრეთვე კინოსტუდია „ქართულ ფილმში”, ხოლო 1956 წლიდან — მოსკოვის თეატრებში. დადგმული აქვს მუსიკალური სპექტაკლები და ოპერეტები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ცუცქირიძე შ., ვარპახოვსკი, ლეონიდ // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.