ლელე (თოჯინების თეატრი)

ვილნიუსის თეატრი „ლელე“ (ლიეტ. Vilniaus teatras „Lėlė“; ლიეტ. Lėlė — თოჯინა) — თოჯინების თეატრი ვილნიუსში, რომელიც 1958 წლიდან ფუნქციონირებს. ლიეტუვის სამი პროფესიული თოჯინების თეატრიდან ერთ-ერთია და მდებარეობს ვილნიუსის ძველი ქალაქის რაიონში, არკლიუს ქუჩაზე.

თოჯინების თეატრი „ლელე“
ზოგადი ინფორმაცია
ქვეყანა ლიტვა[1]
მდებარეობა ვილნიუსი, ლიეტუვა
კოორდინატები 54°40′36″ ჩ. გ. 25°17′11″ ა. გ. / 54.67680500° ჩ. გ. 25.28660389° ა. გ. / 54.67680500; 25.28660389
დაიწყო 1958[1]

თეატრი დაარსდა 1958 წელს ბალის ლუკოსიუსის ინიციატივით, სახელწოდებით „ვილნიუსის თოჯინების თეატრი“. თავისი ახლანდელი სახელწოდება — ვილნიუსის თეატრი „ლელე“, მიიღო 1971 წელს. 1958 წლის 27 ოქტომბერს დაიდგა პირველი სპექტაკლი, რომელიც შენობის უქონლობის გამო სკოლაში აჩვენეს.

ძირითადად იდგმებოდა სპექტაკლები ლიეტუველი მწერლების ნაწარმოებების და ადგილობრივი ხალხური ზღაპრების სიუჟეტებზე, რაც სპექტაკლებს ნაციონალურ კოლორიტს სძენდა.

თეატრის მაღალი მხატვრული მომწიფების ახალი, მკვეთრი სტადია დაიწყო, როცა რეჟისორმა ვიტალიუს მაზირასმა, რომელიც დღეს თოჯინების თეატრის ცოცხალი ლეგენდაა, დადგა თავისი ყველაზე ცნობილი სპექტაკლები. როგორც მხატვარმა, მან პირველი სამუშაოები თეატრისთვის 1970-იანი წლებში შეასრულა. შემდეგ რეჟისურითაც დაკავდა. 1971-1979 და 1988-1993 წლებში კი თეატრის მხატვრული ხელმძღვანელი იყო. ხალხური შემოქმედების მისეული გამოსახვის ფორმები იმ დროინდელ საბჭოთა იდეოლოგიის დიქტატურას უცხადებდა ბრძოლას.

1970-იანი წლების დასაწყისიდან 1993 წლამდე მაზირასმა 30-მდე პიესა დადგა და გააფორმა დეკორაციებითა და მარიონეტებით. ასევე გააფორმა სხვა რეჟისორთა 20-მდე პიესა. მისი ნამუშევრები შეტანილია „ლელეს“ ოქროს ფონდში და ლიეტუვის ფარგლებს გარეთაც აქვს აღიარება მიღებული.

1979 წელს დასი შეივსო ლიტვის სსრ-ის თოჯინური ხელოვნების კონსერვატორიის (ახლანდელი ლიეტუვის მუსიკისა და თეატრის აკადემია) კურსდამთავრებულებით. მსახიობებს შორის იყო აურელია რაგაუსკაიტე, რომელიც შემდეგში (1971-1973) თეატრის რეჟისორი გახდა, ხოლო 1980-იან წლებში — მთავარი რეჟისორი.

1993-2000 წლებში თეატრს ხელმძღვანელობდა მსახიობთა საბჭო, 2000-2019 წლებში კი — მსახიობი იუოზას მარცინკიავიჩუსი. თეატრში მოვიდნენ მსახიობები, რომელთაგანაც ზოგიერთი ამასთანავე სპექტაკლების რეჟისორი და კომპოზიტორია. 2019 წლიდან თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია ვილმანტას იუსკენასი.

 
პირველი სპექტაკლის სამახსოვრო მემორიალური დაფა

თეატრი ხშირად დადის გასტროლებზე ევროპის, აზიის, აფრიკის და ამერიკის ქვეყნებში. წარმატებით მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალებში. 2001 წელს „ლელე“ გახდა ბავშვებისა და მოზარდების თეატრების საერთაშორისო ასოცოაციის (ASSITEJ) წევრი, 2004 წელს კი — მეთოჯინეთა საერთაშორისო ორგანიზაციის (UNIMA) წევრი.

დიდი ხნის განმავლობაში „ლელე“ იმყოფებოდა ისეთ შენობებში, რომელიც არ იყო შესაფერისი თეატრისთვის. მხოლოდ 1975 წელს შეძლო მან ახალ გარემონტებულ, XVIII საუკუნის შენობაში (ყოფილი ოგინსკების სასახლე) გადასვლა. 1992 წელს, მცირე დარბაზის გახსნის შემდეგ, დაიგეგმა მუზეუმის მოწყობა და დაიწყეს თოჯინების კოლექციის შეგროვება. ამავე წელს ლიტვის ტექნიკურ ბიბლიოთეკაში ვილნიუსში შედგა პირველი თოჯინების გამოფენა. 2000 წელს მუზეუმმა მიიღო შენობა. 2006 წლის 6 მაისს, ლიტვის პროფესიონალური თოჯინების თეატრის 70 წლისთავთან დაკავშირებით, მუზეუმი გაიხსნა დამთვარიელებლებისთვის. აქ ინახება დიზაინის ფრაგმენტები, თოჯინები და ნიღბები, რომლებიც უკვე აღარ გამოიყენება სპექტაკლებისთვის.

რეპერტუარი

რედაქტირება

ამჟამად თეატრში მუშაობს 15 წამყვანი პროფესიონალი მსახიობი. თეატრის რეპერტუარში 24 სპექტაკლია. მათი ნაწილი ისეთი ცნობილი ნაწარმოებების დადგმებია, როგორიცაა „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“, „წითელქუდა“, „თოვლის დედოფალი“, „ბურატინო“, „სამი გოჭი“ და სხვა. გარდა ამისა, რეპერტუარშია ლიეტუველი მწერლების ნაწარმოებებისა და ლიეტუვის ხალხური ზღაპრების მოტივებზე შექმნილი სპექტაკლები. სპექტაკლები ტარდება 2 დარბაზში (220 და 70 ადგილიანი).

თანამედროვე ეტაპზე თეატრის რეპერტუარში შედის სპექტაკლები უფროსებისთვის.

ჯილდოები

რედაქტირება

თეატრს მიღებული აქვს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი რადის პრეზიდიუმის საპატიო სიგელი — თეატრალური ხელოვნების განვითარებაში, მოზარდი თაობის ესთეტიკურ და მორალურ აღზრდაში, ხალხთა შორის მეგობრობის გამყარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის და ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში თოჯინების თეატრების 1-ელ საერთაშორისო ფესტივალში აქტიური მონაწილეობისათვის.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება