ლაფანყურის ვაჟაობა

ლაფანყურის „ვაჟაობა“— სახალხო დღესასწაული, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში 1968 წლიდან აღინიშნება ქართული ლიტერატურის კლასიკოსის, პოეტისა და მწერლის, ვაჟა-ფშაველას პატივსაცემად.

ლაფანყურის „ვაჟაობა“
ლაფანყურის ვაჟაობა ფოტოსურათი
„ვაჟაობის“ ღონისძიებისთვის განკუთვნილი სცენა ლაფანყურში 2016 წელს
მნიშვნელობა დღესასწაული იმართება ვაჟა-ფშაველას პატივსაცემად
დაწესდა 1968 წელს ზამბილ ციგროშვილის, ვანო კობრეშვილის, ვლადიმერ წვეროშვილისა და იოსებ მთიბელაშვილის მიერ.
აღნიშნავენ ლაფანყურელები
თარიღი ყოველი წლის ივლისის ბოლო შაბათი
ზეიმობა დოღი, ქართული ჭიდაობა, ღონისძიება პოეტების, მომღერლებისა და მოცეკვავეების მონაწილეობით

დაარსების იდეა

რედაქტირება

ლაფანყურში სახალხო დღესასწაულის დაარსების იდეა სოფლის მცხოვრებს, ზამბილ ციგროშვილს გაუჩნდა. ერთ-ერთი ვერსიით მას რელიგიური სახე უნდა ჰქონოდა, თუმცა კომუნისტური წყობა ამას არ დაუშვებდა. ამიტომ ინიციატორებმა გადაწყვიტეს, დღესასწაული ლუკა რაზიკაშვილის, ვაჟა-ფშაველას პატივსაცემად გაემართათ.

პირველი ვაჟაობა

რედაქტირება

მას შემდეგ, რაც რაიონულმა კომიტეტმა (რაიკომი) დღესასწაული ოფიციალურად დაამტკიცა, სოფელში შეიქმნა კომისია „ვაჟაობის“ ორგანიზებისათვის, რომლის წევრებიც იყვნენ:

წევრი თანამდებობა
ზამბილ ციგროშვილი
ვანო კობრეშვილი მეურნეობის დირექტორის მოადგილე
ვლადიმერ წვეროშვილი ლაფანყურის სკოლის დირექტორი
იოსებ მთიბელაშვილი ლაფანყურის სკოლის დირექტორის მოადგილე

პირველი „ვაჟაობა“ გაიმართა სოფლის ახლოს, ჭალაში, სადაც დღეს საფეხბურთო მოედანია. სპეციალურად დღესასწაულისთვის ამ ადგილამდე წყალიც გაიყვანეს. დაიბეჭდა მოსაწვევები. „ვაჟაობისთვის“ მაშინდელმა სამხატვრო სკოლის დირექტორმა დახატა ვაჟა-ფშაველას პორტრეტი, რომელიც დღესაც ამ დღესასწაულის ერთ-ერთ სიმბოლოდ ითვლება. ღონისძიებაზე იოსებ მთიბელაშვილმა ვაჟას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოხსენება წაიკითხა. პირველ ვაჟაობას ესწრებოდა ცნობილი საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ვაჭრობის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე კომუნისტური წყობის დროს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი, ვაჟა-ფშაველას საზოგადოების მაშინდელი თავმჯდომარე ჯიბო ლომაშვილი,[1] რომელსაც პირველი ვაჟაობა საკუთარი ნაშრომებისთვის გადაუღია.

ვაჟაობა დღევანდელობაში

რედაქტირება

90-იან წლებში ვაჟაობა აღარ იმართებოდა. მოგვიანებით დღესასწაული აღდგა და ტრადიციულად ყოველი წლის ივლისის ბოლო შაბათ დღეს იმართება. „ვაჟაობის“ დღეს იმართება დოღი, ქართული ჭიდაობა და ღონისძიება პოეტების, მომღერლებისა და მოცეკვავეების მონაწილეობით. 2005 წელს სოფლის მცხოვრების, აპოლონ ციგროშვილის ინიციატივით, ლაფანყურის 100 წლის იუბილისა და ვაჟა-ფშაველას პატივსაცემად ადგილზე, სადაც დღეს ვაჟაობა იმართება პოეტის ბიუსტი დაიდგა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება