ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლარა ლოგანი, ინგლ.Lara Logan (დ.1971 წ.) — სამხრეთ-აფრიკული წარმოშობის რადიოს და ტელევიზიის ჟურნალისტი, სი-ბი-ესის საერთაშორისო რედაქციის უფროსი კორესპონდენტი 2002-18 წლებში.

ლარა ლოგანი
დაბადების თარიღი 29 მარტი, 1971 (1971-03-29) (53 წლის)
დურბანი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
ეროვნება სამხრეთ აფრიკელი
საქმიანობა ჟურნალისტი
მეუღლე(ები) იასონ სიმონი (1998-2008), ჯოზეფ ბარქეტი (დაქ.2008)
შვილ(ებ)ი 2

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული პერიოდი

რედაქტირება

ლარა ლოგანი 1971 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ დურბანში დაიბადა. გოგონათა კოლეჯში სწავლის შემდეგ მან 1992 წელს ვაჭრობის განხრით უნივერსიტეტი წარჩინებით დაამთავრა და სწავლა პარიზში გააგრძელა ფრანგული ენის და კულტურის სპეციალობით.

კარიერა მან სწავლის პარალელურად დაიწყო. 1990-92 წწ. ის მუშაობდა გაზეთ The Sunday Tribune-ის ახალი ამბების რედაქციაში რეპორტიორად, შემდეგი ოთხი წლის მანძილზე კი - სააგენტო "როიტერის" აფრიკის რედაქციაში უფროს პროდიუსერად.

ჟურნალისტის და რედაქტორის თანამდებობზე ლარა ლოგანი თანამშრომლობდა სხვადასხვა ბრიტანულ და ამერიკულ ტელეკომპანიებთან: NBC, ABC, ITN, FOX და სხვა. იგი 1998 წელს აშუქებდა კენიასა და ტანზანიაში ამერიკულ საელჩოებზე განხორციელებულ თავდასხმებს, რომელმაც 224 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ის ასევე ჩრდილოეთ ირლანდიის და კოსოვოს კონფლიქტების შესახებ გადასცემდა ვიდეომასალებს.[1]

2000 წელს ლოგანმა მუშაობა დაიწყო ბრიტანულ ITV-ის კორესპონდენტად. 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ იგი გაემგზავრა ავღანეთში, სადაც ფრონტის ხაზიდან რეპორტაჟებს ამზადებდა. ლარა ლოგანი 2002 წელს CBS-ის საერთაშორისო რედაქციის ჟურნალისტი გახდა. ამ პერიოდში იგი ძირითადად გადასცემდა ერაყიდან და ავღანეთიდან, სადაც თან ახლდა კოალიციურ ძალებს სამხედრო ოპერაციების განხორციელებისას. ვიდეომიმოხილვების გარდა, იგი იწერდა ინტერვიუებს მნიშვნელოვანი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან და სამხედრო ოფიცრებთან.[2]

16 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ 2018 წლის აგვისტოში ლარა ლოგანმა დატოვა სი-ბი-ესი, 2020 წლიდან კი საქმიანობა ამერიკის კონსერვატიულ წრეებთან დაახლოებულ ტელეკომპანია "ფოქსში" დაიწყო.

იგი არის მრავალი პრიზის და ჯილდოს ლაურეატი.

პოლიტიკური შეხედულებები

რედაქტირება

ლარა ლოგანი კრიტიკულად იყო განწყობილი დემოკრატიული პარტიის ადმინისტრაციის პოლიტიკის მიმართ. ავღანეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით 2012 წლის ოქტომბერში მან ობამას ხელისუფლება დაადანაშაულა საზოგადოებისთვის ტყუილის თქმაში. მისი თქმით, სინამდვილეს არ შეესაბამებოდა ოფიციალურ პირთა მტკიცება "თალიბანის" შესუსტების თაობაზე.

მან აგრეთვე დაგმო ლიბიის ქალაქ ბენღაზიში აშშ-ს საკონსულოზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ხელისუფლების დაგვიანებული რეაქცია. 11 სექტემბრიდან ზუსტად ათი წლის თავზე ისლამისტების მხრიდან ამერიკული დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობის აღებას ელჩი ქრისტოფერ სტივენსი და სხვა სამი ამერიკელის სიცოცხლე შეეწირა, ჟურნალისტმა კი მიიჩნია, რომ საკუთარი გამოძიების შედეგები ობამას ხელისუფლების მიმართ სიმპათიის გამო ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ მიჩქმალა.[3]

ლარა ლოგანმა ხმა აიმაღლა მედიის მუშაობის სტილის წინააღმდეგ. მისი დაკვირვებით, ინფორმაციის ობიექტურად მიწოდების ნაცვლად ჟურნალისტები თანდათან პროპაგანდისტებად გადაიქცნენ, რომლებიც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დაირაზმნენ. როდესაც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე "ნიუ-იორკ თაიმსმა" თეთრი სახლის პოლიტიკა გააკრიტიკა, ლარა ლოგანმა ხელისუფლება ენერგიულად დაიცვა.[4]

თავდასხმა კაიროში

რედაქტირება

ლარა ლოგანის სახელი ყველაზე ცნობილი გახდა 2011 წელს ეგვიპტის რევოლუციის პერიოდში. თავდაპირველად 4 თებერვალს სი-ბი-ესის ჟურნალისტური ჯგუფი პოლიციამ დააკავა და ქვეყნიდან გააძევა, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ იგი კაიროში დაბრუნდა მაშინ, როცა ეგვიპტე ფართოდ ზეიმობდა ჰოსნი მუბარაქის გადადგომას. თაჰრირის მოედანზე მოვლენების გაშუქებისას კორესპონდენტს თავს დაესხა გამძვინვარებული ბრბო, რომელმაც სხვადასხვა საგნების მეშვეობით მასზე სქესობრივად იძალადა. ჟურნალისტის თქმით, ის სიკვდილს ძლივს გადაურჩა, თუმცა ოთხი დღის განმავლობაში საავადმყოფოში იმყოფებოდა.[5]

მისი ჩვენებით, დევნა-შევიწროება ადგილზე ჩასულ სხვა ჟურნალისტებზე ძირითადად სამთავრობო აგენტების მხრიდან ხორციელდებოდა.[6]

ოჯახური მდგომარეობა

რედაქტირება

1998-2008 წლებში ის დაქორწინებული იყო კალათბურთელ ჯეისონ სიმონზე

2008 წელს დაქორწინდა ჯოზეფ ბარქეტზე. წყვილს ჰყავს ორი შვილი, ჯოზეფი და ლოლა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

პირადი ვებ-საიტი დაარქივებული 2021-03-01 საიტზე Wayback Machine.

გვერდი ტვიტერში

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლარა_ლოგანი“-დან