კროსინგოვერი

ჰომოლოგიურ ქრომოსომებს იდენტური უბნების ურთიერთგაცვლა.

კროსინგოვერი (ინგლ. crossing over – გადაჯვარედინება) — ჰომოლოგიურ ქრომოსომებს იდენტური უბნების ურთიერთგაცვლა. კროსინგოვერის შედეგად წარმოიქმნება გამეტები შეჭიდულ გენთა ახალი თანწყობით, რაც შესაბამისად იწვევს შთამომავლობაში ნიშნებისა და თვისებების რეკომბინაციას. კროსინგოვერი ევოლუციის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. იგი ზრდის კომბინაციურ ცვალებადობებს, რომელიც ბუნებრივი გადარჩევის მნიშვნელოვანი წყაროა. კროსინგოვერი მიმდინარეობს I მეიოზური (იშვიათად მიტოზის) გაყოფის პროფაზაში ჰომოლოგიური ქრომოსომების კონიუგაციის დროს, როდესაც ისინი 4 ქრომატიდისგან შედგება. გადაჯვარედინებისას წარმოიქმნება ციტოლოგიურად შესამჩნევი, დამახასიათებელი ფიგურა — ქიაზმა. კროსინგოვერი აღმოაჩინა ამერიკელმა გენეტიკოსმა ტომას ჰანტ მორგანმა 1911 წელს გენეტიკური მეთოდით. კროსინგოვერის შესწავლით დამტკიცებულია ქრომოსომის მემკვიდრული დისკრეტულობა, მასში გენთა ხაზობრივი განლაგება, აგებულია გენეტიკური რუკები ქრომოსომებისა. კროსინგოვერის არსებობა ციტოლოგიურად დაასაბუთა გერმანელმა მეცნიერმა კ. შტერნმა 1933 წელს. კროსინგოვერის სიხშირე დამოკიდებულია გენთა შორის მანძილზე. 2 გენს შორის ორჯერ და მეტად (მრავლობითი კროსინგოვერი) უბნების გაცვლა ამცირებს ახალი რეკომბინანტების რაოდენობას. იშვიათად ქრომოსომებს შორის ხდება არა აბსოლუტურად იდენტური უბნების გაცვლა (უთანაბრო კროსინგოვერი), რის გამოც ერთ ქრომოსომას მონაკვეთი გაორმაგებული (დუპლიკაცია) აქვს, მეორეს კი აკლია (დელეცია). კროსინგოვერის დროს შეიძლება გაიცვალოს როგორც დიდი (რამდენიმე გენის მქინე), ისე მცირე (გენსშიგა) მონაკვეთი.

კროსინგოვერი

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება