კრეტული ლიტერატურა
კრეტულ ლიტერატურას განსაკუთრებული ადგილი უკავია ბერძნული ლიტერატურის განვითარების ისტორიაში და მოიცავს XVI-XVII საუკუნეებს. იგი ასევე ცნობილია კრეტული რენესანსის სახელწოდებით, რამდენადაც ამ პერიოდიდან იწყება ბერძნულ ლიტერატურაში ანტიკურ თემატიკასთან დაბრუნება, ანტიკური აზროვნებისთვის დამახასიათებელი ნიშნების აღორძინება, ადამიანისაკენ შემობრუნება და ანტიკურისა და ქრისტიანულის ერთმანეთთან შერწყმა და სინთეზირება.
ბიზანტიის დაცემის შემდეგ თითქმის ყველა დიდი ბერძნული კუნძული და მათ შორის კრეტა, იტალიასა და ოსმალეთის იმპერიის სადავო ტერიტორიას წარმოადგენდა. მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ კრეტა ბონიფაციუს მანფერას, რომელმაც იგი ვენეციელებს მიჰყიდა. ვენეციელების ბატონობის დროს ბერძენ არისტოკრატიას არ გაუწყვეტია კავშირი ავთენტურ კულტურასთან და ამავდროულად, აქტიურად განაგრძობდა ევროპასთან დაახლოებას, რაც ძირითადად გამოიხატა ლიტერატურის, თეატრისა და მხატვრობის აღორძინებაში. 1669 წელს კრეტა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედის.
კრეტულ ლიტერატურაში განსაკუთრებით წინ იწევს ჟანრების მრავალფეროვნებისკენ მიდრეკილება, რაც ტიპოლოგიურად რენესანსული ლიტერატურული პროცესისათვის იყო დამახასიათებელი. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ტრაგედიასა და კომედიას, რაც პირდაპირ იყო დაკავშირებული ბერძნული თეატრის აღორძინებასთან კრეტაზე. კრეტული რენესანსის ფარგლებში იქმნება სატირული ნაწარმოებები. სტეფანოს სახლიკისი განსაკუთრებით მკაცრად უდგება კრეტელ ქალებს და წარმოგვიდგენს სატირულ თხზულებებს: „სინაქსარი კეთილშობილ ქალთა და ღირსეულთა გამგებელთა“, „არქიმავლისტრები“, „სათათბირო“. კრეტულ ლიტერატურაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პასტორალურ პოემას „კრეტელი ქალი“, რაც იმდროინდელი იტალიური პასტორალური იდილოს ერთგვარ მიბაძვას წარმოადგენს.
კრეტული თეატრი
რედაქტირებაკრეტული თეატრი დიდად სხვაობდა ანტიკური ბერძნული თეატრისაგან როგორც შინაარსობრივად, ისე — ფორმობრივად. დასაწყის პერიოდში პიესები იწერებოდა იტალიურ ენაზე და მხოლოდ მოგვიანებით შეენაცვლა მას ბერძნული[1]. ახასიათებდა დასავლური თეატრის მკვეთრი გავლენა და სპექტაკლზე დასწრება შეეძლო ყველა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელს, სქესისა და ასაკის განურჩევლად. კრეტული თეატრის ფუძემდებელია გიორგოს ხორტაცისი. ის არის ავტორი ისეთი პიესებისა, როგორებიცაა: „კაძურბოსი“ (1595-1601), „სტათისი“ (1585-1592), „ეროფილი“ და სხვა.
ამ პერიოდში იქმნება და იდგმება კრეტელი დრამატურგისა და პოეტის ვინჩენცო კორნაროსის დრამა „ეროტოკრიტოსი“, რომელშიც გადმოცემულია არეტუზასა და ეროტოკრიტოსის სასიყვარულო ისტორია. ამ ნაწარმოებით კორნაროსმა შეძლო დრამატული და ეპიკური სტილის სინთეზი, ყურადღება გაემახვილებინა ანტიკური ბერძნული თეატრის მოდელზე და მოენახა ფორმა, რომელსაც ადეკვატურად აღიქვამდა კრეტელი საზოგადოება და დიდ პოპულარობასაც მოუტანდა ავტორს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „კრეტული რენესანსი“ - ნარკვევები ახალბერძნულ ლიტერატურაში, ლოგოსი, თბილისი, 2005.