კრახუნა თეთრი
კრახუნა თეთრი — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან. საუკეთესო მიკროზონებია: სვირი, ობჩა, დიმი.
ივ. ჯავახიშვილის განმარტებით, „კრახუნა“ მარცვლის თვისების გამომხატველი იმერული წარმოშობის სიტყვაა. იმერეთში იტყვიან: „მარცვალი პირში სკდება, კრახუნობსო“. ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კრახუნა კნატუნას ნიშნავს.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომის და მომრგვალო ფორმისაა. ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია საკმაოდ სქელი აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი — საშუალო ზომის, განიერკონუსური, ხშირად მხრიანი, საშალო სიკუმსის ან კუმსი. მარცვალი საშუალო ან საშუალოზე დიდია, ოვალური, მომწვანო-მოყვითალო ელფერის, მზისკენ მიქცეულ მხარეზე სიდამწვრის ყავისფერი ლაქებით. თხელკანიანია, ნაფიფქი სქლად აქვს გამოხატული. რბილობი საკმაოდ წვნიანი და ხორციანია, კნატუნა, ძალიან სასიამოვნო ტკბილი გემოთი.
ჯიში საშუალო ზრდისაა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში შედის. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 164-170 დღეა. მტევნის წონა 140-200 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.0-7.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შქრიანობა აღწევს 21-23%, ხოლო მჟავიანობა — 7.5-8.5 გ/ლ-ს.
მიიღება მაღალხარისხიანი სუფრის ღვინო. ევროპული წესით დაყენებული ღვინო მოყვითალო-ჩალისფერია. ხასიათდება სისრულით, სასიამოვნო გემოთი და ენერგიით. იმერული წესით დაყეებული მუქადაა შეფერილი, მოქარვისფრო-ყვითელია, ხასიათდება თავისებური ჯიშური არომატით, ენერგიით. დავარგებისას ღვინო საგრძნობლად უმჯობესდება, ივითარებს ძლიერ ბუკეტს, ხდება ნაზი და ჰარმონიული. კრახუნას ღვინოს აქვს მწიფე მსხლის გემო, ბალახის ტონები და სასიამოვნო მჟავიანობა.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 198
- გოცირიძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 20.
- ხარბედია მ., „ქართული ღვინის გზამკვლევი“, გვ. 55, თბ., 2013