ვულკანური კრატერი

(გადამისამართდა გვერდიდან კრატერი (გეოლოგია))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კრატერი (მრავალმნიშვნელოვანი).

ვულკანური კრატერი (ძვ. ბერძნ. κρατήρ [kratēr] — „დიდი ჯამი“) — დედამიწის ხმელეთზე წარმოქმნილი ჯამისებრი ან ძაბრისებრი ღრმული. ჩნდება ვულკანური ამოფრქვევის შედეგად. დიამეტრი ათეული მეტრიდან რამდენიმე კილომეტრამდე. სიღრმე რამდენიმე მეტრიდან ასეულ მეტრამდე. კრატერის დიამეტრი იშვიათად აჭარბებს 2-2,5 კმ-ს, რითაც განსხვავდება კალდერისგან. კრატერის პირველეული ფორმა, რომელშიც იგულისხმება ვულკანისა და კრატერის კავშირი, წარმოადგენს მაარს — დედამიწის ზედაპირის ჩაღრმავებას, რომელიც გარშემორტყმულია ვულკანური წარმოშობის ფხვიერი დაბალმთიანი ბორცვებით.

ვულკან კამერუნის კრატერი (აფრიკა).

განასხვავებენ კონუსისებურ და ფარისებურ ვულკანურ კრატერებს. კონუსისებრი ვულკანური კრატერის კედლები ხშირად ციცაბო და კლდოვანია. ფსკერი დაფარულია ფხვიერი მასალით. მოქმედი ვულკანების კრატერებისთვის დამახასიათებელია ფუმაროლური ამონთხევები. ფსკერი მთლიანად იმ შემთხვევაში იფარება, თუ ფიქსირდება პაროქსიზმული ერუფცია. ფარისებრი ვულკანების კრატერი განირჩევა დიდი ზომით. კედლები ვერტიკალურია ან ტერასულ-საფეხურებისებრი, ფსკერი ბრტყელი, დაკავებულია ლავით. აღსანიშნავია, რომ კრატერს ყველა ვულკანი არ ტოვებს.

ვულკანური კრატერი ჩვეულებრივ, ვულკანის მწვერვალზე ან კალთაზე მდებარეობს. კრატერის ფსკერზე ერთი ან რამდენიმე ვულკანური ყელია, რომლის მეშვეობით ზედაპირზე ამოდის ლავა და სხვა ვულკანური პროდუქტები. ზოგჯერ კრატერის ფსკერი უკავია ტბას ან ახლად შექმნილ მცირე ზომის ვულკანურ კონუსს. ვულკანური ტბა ოვალური ფორმისაა და სანაპირო ხაზი თითქმის დაუნაწევრებული. თუკი ტბა დიდი ზომისაა, იგი ხშირად მნიშვნელოვან სიღრმესაც აღწევს. ასეთი ტბები არის მაგ., კამჩატკის ნახევარკუნძულზე.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 19-20.
  • Геологический словарь: в 2-х томах. — М.: Недра. Под редакцией К. Н. Паффенгольца и др.. 1978.