კონსტანცა მანუელა დე ვილენა

კონსტანცა მანუელა დე ვილენა (ესპ. Constanza Manuela de Villena, პორტ. Constança Manuel de Vilhena; დ. 1316 — გ. 13 ნოემბერი, 1345) — კასტილიელი დიდგვაროვანი და მწერალი. კასტილიის მეფე ფერდინანდ III-ის შვილთაშვილი და არაგონის მეფე ხაიმე II-ის შვილიშვილი. კასტილიისა და ლეონის დედოფალი 1325-27 წლებში როგორც ალფონსო XI-ის პირველი ცოლი. პორტუგალიის მეფე პედრუ I-ის პირველი ცოლი და მეფე ფერნანდუ I-ის დედა.

კონსტანცა მანუელა დე ვილენა
კასტილიისა და ლეონის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 1325
მმართ. დასასრული: 1327
წინამორბედი: კონსტანცა პორტუგალიელი
მემკვიდრე: მარია პორტუგალიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1316
გარდ. თარიღი: 13 ნოემბერი, 1345, (28-29 წლის)
მეუღლე: ალფონსო XI, კასტილიის მეფე
პედრუ I, პორტუგალიის მეფე
შვილები: მარია
ფერნანდუ I, პორტუგალიის მეფე
დინასტია: ივრეა
მამა: ხუან მანუელი, ვილენას პრინცი
დედა: კონსტანცია არაგონელი
რელიგია: კათოლიციზმი

ადრეული წლები და პირველი ქორწინება

რედაქტირება

კონსტანცა მანუელა დაიბადა 1316 წელს კასტილიაში. იგი იყო კასტილიის მეფე ფერდინანდ III-ის შვილიშვილის, ვილენას პრინც ხუან მანუელისა და მისი მეუღლის, არაგონის მეფე ხაიმე II-ის ასულ კონსტანცია არაგონელის ასული.

1325 წლის 28 ნოემბერს, ვალიადოლიდში შედგა კონსტანცა მანუელასა და კასტილიის ახალგაზრდა მეფე ალფონსო XI-ის ქორწინება. ქორწინება უბედური აღმოჩნდა, რაც 1327 წელს განქორწინებით დასრულდა. მალევე ალფონსომ იგი ტოროს ციხესიმაგრეში გამოკეტა, სადაც 1329 წლამდე დატოვა. დედოფალი პატიმრობიდან მხოლოდ ოვიედოს არქიეპისკოპოსის თხოვნით გაანთავისუფლეს.

ამ ამბიდან სულ მალე, ალფონსომ ცოლად მარია პორტუგალიელი შეირთო, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე პედრო I მრისხანე.

მეორე ქორწინება და გარდაცვალება

რედაქტირება

პორტუგალიის მეფე აფონსუ IV-მ მალევე შეიტყო, რომ მის ქალიშვილ მარიას ალფონსო ცუდად ეპყრობოდა. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა თავისი ვაჟი, ინფანტი პედრუ კონსტანცა მანუელაზე დაექორწინებინა, რაც ასეც მოხდა. პარალელურად, კონსტანცას მამამ, მიუხედავად მისი ქალიშვილის შეურაცხყოფისა, თავისი მეორე ასული, კონსტანცას და — ხუანა მანუელა ცოლად ალფონსო XI-ის ვაჟს შერთო.

როდესაც კონსტანცა მანუელა პორტუგალიაში ჩავიდა თან ახლდა კასტილიელი არისტოკრატი ინეს დე კასტროც. მართალია პედრუ და კონსტანცა მანუელა დაქორწინდნენ და სამი შვილიც გაუჩნდათ, მაგრამ პედრუმ ინესთან გააბა რომანი. ამ სკანდალმა აიძულა პედრუ ინესი სამეფო კარიდან გაეძევებინა, მაგრამ მასთან საიდუმლო ურთიერთობა კვლავ განაგრძო.

კონსტანცა მანუელა ქორწინებიდან რამდენიმე წელიწადში, 1345 წლის 13 ნოემბერს გადაჰყვა მესამე მშობიარობას, რა დროსაც მომავალი მეფე ფერნანდუ I გააჩინა, თუმცა ისე დაიღუპა, რომ პორტუგალიის დედოფალი ვერ გახდა. იგი პორტუგალიის ქალაქ სანტარეში დაკრძალეს. ამის შემდეგ პედრუმ მალულად იქორწინა ინეს დე კასტროზე, რომელთანაც ასევე სამი შვილი შეეძინა. როცა პედრუს მამამ ეს შეიტყო, ინესი მოკლა, თუმცა როცა პედრუ I პორტუგალიის მეფე გახდა ინესის ცხედარი აკლდამიდან ამოაღებინა, ტახტზე დასვა და ხალხი აიძულა დედოფლად ეცნოთ.

კონსტანცა მანუელას შვილები მხოლოდ მეორე ქმრისგან ჰყავდა:

  1. მარია (1342-1375), ცოლად გაჰყვა არაგონის მეფე ალფონსო IV-ის ვაჟ ფერდინანდ არაგონელს;
  2. ლუიში (1344), გარდაიცვალა ჩვილი;
  3. ფერნანდუ I (1345-1383), პორტუგალიის მეფე, ცოლად შეირთო ლეონორ ტელესი, რომელთანაც შეეძინა დედოფალი ბეატრიზი. იგი იყო პორტუგალიის უკანასკნელი მეფე ბურგუნდიული დინასტიიდან;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Pretel Marín; Rodríguez Llopis, Miguel (1989). El señorío de Villena en el siglo XIV (PDF) (in Spanish). Albacete: Instituto de Estudios Albacetenses «Don Juan Manuel», Excma. Diputación de Albacete. ISBN 84-600-2900-X.
  • Rodrigues Oliveira, Ana (2010). Rainhas medievais de Portugal. Dezassete mulheres, duas dinastias, quatro séculos de História (in Portuguese). Lisbon: A esfera dos livros. ISBN 978-989-626-261-7.